Accessibility links

29 ივლისის გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი თემა გალის რაიონში შექმნილ მძიმე ვითარებას ეხება. სტატიაში, სათაურით ”აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზების აფეთქება დაიწყო”, ვკითხულობთ, რომ, გარდა ენგურის ხიდისა, ზუგდიდის რაიონთან აფხაზეთის დამაკავშირებელი ყველა სხვა გზა გადაკეტილია. ”რუსებს სურთ, გალელებმა ენგურსგადაღმა მხოლოდ ამ გზით - ენგურის ხიდით - იარონ, თუნდაც ამისათვის 40 კილომეტრის გავლამ მოუწიოთ”, - წერს „რეზონანსი“.

ჩაერთვებიან თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ამერიკელები? - ამ კითხვას „რეზონანსი“ მეორე გვერდზე განთავსებულ სტატიაში სვამს.

გაზეთი განაგრძობს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ცვლილებებზე წერას. ”პარლამენტმა საკუთარ თავს პრემია გამოუწერა” - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია პარლამენტის 75 თანამშრომლის შემცირებასა და დეპუტატებზე გაცემულ პრემიებზე.

არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს ”რეზონანსთან” კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, რომელიც რეგიონებში გასულ ”ეროვნულ ფორუმს” სტრატეგიას უწუნებს და ამბობს, რომ აგვისტოში ოპოზიცია ერთ ბლოკად ჩამოყალიბებაზე დაიწყებს კონსულტაციებს. ”რეზონანსი” ასევე გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო დამცველის სახელისუფლო კანდიდატ გიორგი ტუღუშთან: ” სახალხო დამცველის ერთ-ერთი ფუნქციაა, მისი ანგარიშები იყოს ეფექტური, ყურადღებას აქცევდნენ და რეკომენდაციებს ასრულებდნენ კიდეც”, - აცხადებს ტუღუში გაზეთთან ინტერვიუში. სახალხო დამცველის პოსტზე გატარებული ხუთი წლისა და სამომავლო გეგმების შესახებ კი თავად სოზარ სუბარი საუბრობს. მასთან ინტერვიუს მეთოთხმეტე გვერდზე იხილავთ. ”პოლიტიკაში წასვლას არ გამოვრიცხავ, თუმცა უფრო მეტად უფლებადაცვითი საქმიანობისკენ მაქვს გეზი აღებული. ყველაფერი სექტემბრამდე გამოჩნდება”, - აცხადებს სუბარი.

გაზეთი ”ვერსია” 29 ივლისის ნომერს ხსნის სტატიით ”ინა გუდავაძის დასამარცხებლად ნიკა გილაურმა ბიუჯეტიდან 1 200 000 დოლარი გამოყო”. გაზეთი ბეჭდავს საქართველოს მთავრობის განკარგულებას ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის ინა გუდავაძის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ, რომლის თანახმად, წერს გაზეთი, მთავრობის საბიუჯეტო ფონდიდან უნდა გამოიყოს 1 200 000 დოლარი, რომელიც ხელისუფლებას ბადრი პტარკაციშვილის ქვრივს სასამართლოში დაამარცხებინებს.

”ვერსია” ეხმაურება პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეას სტატიით ”ქუთაისში პარლამენტის გადატანა - კრეტინიზმი თუ რეგიონის განვითარების რეალური შანსი” და მასში სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების მოსაზრებებს გთავაზობთ. აქვე წაიკითხავთ, როგორ გრძელდება „ეროვნული ფორუმის“ შეხვედრები რეგიონებში. ამჯერად ”ვერსია” მათი და გურულების შეხვედრაზე მოგითხრობთ.

გაზეთი ”ახალი თაობა” საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის გამოვლენის ახალ შემთხვევას ეხმიანება. განმარტებებს ამ თემის ირგვლივ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრეზიდენტი პაატა იმნაძე აკეთებს: ”ეპიდემია საქართველოში ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. ამ სეზონზე ადგილობრივი მასობრივი გადაცემა რომ მოხდეს, ამის პირობები ქვეყანაში არ არის” , - აცხადებს იმნაძე.

”ტუღუში თუ ლორთქიფანიძე” - ახალი სახალხი დამცველის კანდიდატურებზე მსჯელობს ”ახალი თაობა” სტატიაში, რომელსაც მესამე გვერდზე წაიკითხავთ. ორივე კანდიდატი საკუთარ ხედვასა და გეგმებზე საუბრობს.

იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს საკონსტიტუციო კომისია და რა ანგარიში წარმოადგინა მისმა ხელმძღვანელმა, ავთანდილ დემეტრაშვილმა, ”ახალი თაობა” წერს სტატიაში ”პრეზიდენტი დამპირდა, თქვენს კომისიაზე ზეწოლა არ იქნებაო”. დემეტრაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში მხოლოდ შესწორებები შედის და ეს არ ნიშნავს, რომ ის მთლიანად იცვლება.

ოპოზიციის საშემოდგომო მზადებასა და ხალხის განწყობაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში, რომელსაც მეხუთე გვერდზე იხილავთ.

29 ივლისს გამოვიდა გაზეთი „24 საათი“, რომელიც ასევე არ უვლის გვერდს ახალი სახალხო დამცველის თემას და პირველ გვერდს ხსნის სტატიით ” ხალხის რჩეულნი სახალხო დამცველის შესაცვლელად ემზადებიან”.

„24 საათის“ მკითხველისათვის მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ ანალიზს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აკეთებს: ”თუკი ცხოვრებისგან სწავლის უნარით შევადარებთ, ხელისუფლებამ მეტი ისწავლა, ვიდრე ოპოზიციამ”, - ამბობს საყვარელიძე.

გალში გამართულ ხუთმხრივ შეხვედრის შედეგების შესახებ სტატიას იხილავთ გაზეთის მესამე გვერდზე. ”აღნიშნული შეხვედრა არის დიალოგი დიალოგისათვის, მას რეალური შედეგი არ მოჰყვება”, - აღნიშნავს ამ თემის კომენტირებისას პარლამენტის ვიცე- სპიკერი პაატა დავითაია.

გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” დღევანდელი ნომერი კი სვამს კითხვას: რა დაჯდა პრეზიდენტის სასახლე, ანუ როგორ დავთვალოთ ტარანი?

როგორი იქნება პოლიტიკური აგვისტო? - ოპოზიციის გეგმებს „საქართველოს რესპუბლიკაც“ ეხმაურება და წერს: ”ქუჩის აქციების და საკნების ეპოქა დასრულდა, მაგრამ იწყება ახალი - ქუთაისური პარლამენტარიზმის ეპოქა...“
XS
SM
MD
LG