Accessibility links

რას უწყობს ხელს ახალი საგადასახადო ცვლილებები - ეკონომიკურ განვითარებას თუ კორუფციას?


ქობულეთის საზღვაო სანაპირო

ქობულეთის საზღვაო სანაპირო

საქართველოს პარლამენტმა ივლისის შუა რიცხვებში გამართულ რიგგარეშე სესიაზე საგადასახადო კოდექსში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. ეკონომიკური კრიზისის პირობებში საგადასახადო ცვლილებები მეწარმეობის გამოცოცხლების ერთ-ერთი ბერკეტია. მაგრამ, ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, ახალი ცვლილებები კიდევ უფრო ართულებს ბიზნესმენთა საქმიანობას და კორუფციის ელემენტების შემცველია.

საქართველოს მთავრობა ტურისტულ ბიზნესს პრიორიტეტულს უწოდებს და ძალისხმევას არ იშურებს ტურისტული ნაკადის გასაზრდელად. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა პეტრე კანკავამ რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში განაცხადა, რომ მთავრობას ტურისტული ობიექტებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივით მიმართა:

„ჩვენ უკვე შევედით მთავრობაში სასტუმროებისთვის დღგ–ს შემცირების ან გაუქმების ინიციატივით და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება.“

ამ ინიციატივით გამოსვლამდე ორიოდე კვირით ადრე საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო საგადასახადო კოდექსის ცვლილებები. განახლებული კოდექსის 107–ე მუხლში წერია, რომ საგადასახადო ინსპექტორს უფლება აქვს სასტუმროს ან საკვების ობიექტს წინა წლის გადასახადები წლევანდელი ბრუნვის შესაბამისად გადაახდევინოს. საგადასახადო კოდექსის ამ ცვლილებას ეკონომიკის ექსპერტი, აუდიტორი ოთარ გვაზავა განმარტავს:

„ახალი ცვლილებით, საკვების ობიექტებსა და სასტუმროებში შეუძლიათ ჩაატარონ ქრონომეტრაჟი და დადგენილი საშუალო ბრუნვა შეადარონ წინა წლის საშუალო ბრუნვას და, თუ აღმოაჩენენ, რომ მაშინდელი ბრუნვა ნაკლებია, შეუძლიათ დააკისრონ წინა წლის გადასახადები.“

ოთარ გვაზავას განცხადებით, საგადასახადო კოდექსის ამ მუხლის მიხედვით, საგადასახადო ინსპექტორის სუბიექტურ მოსაზრებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის მხედველობაში სეზონურ და სხვა ფაქტორებს. გვაზავას და სხვა ექსპერტების აზრით, მსგავსი ჩანაწერები კორუფციული რისკის მატარებელია, რადგან საგადასახადო ადმინისტრირება საგადასახადო ინსპექტორს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული ამ საგადასახადო ცვლილების კომენტირება ვთხოვე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ლაშა თორდიას. მისი განცხადებით, სასტუმროებში თუ საკვების ობიექტებში საგადასახადო ინსპექტორის მოქმედების წესს ფინანსთა მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს:

„თუ დამალული აქვს და დოკუმენტურად ვერ დაასაბუთებს წლის შემოსავალს, მაშინ წინა წლის შემოსავლით დაიბეგრება. ეს წესი მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება.“

კანონშემოქმედთა ასეთ მიდგომას ეკონომისტებთან ერთად ბევრი იურისტიც იწუნებს. მათი აზრით, საგადასახადო კოდექსის მუხლები ორმაგი ან სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. ისინი საგადასახადო კანონმდებლობის იმ ცვლილებებსაც აკრიტიკებენ, რომლებიც საგადასახადო დავებს შეეხება. მაგალითად, თუ მეწარმემ პირველი ინსტანციის სასამართლო წააგო, მას ქონებას – საწარმოს - გაუყიდიან და არ დაელოდებიან მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ბიზნესმენმა შეიძლება მოიგოს კიდეც. სასამართლოს მოგების მიუხედავად, ბიზნესმენი მაინც წაგებული დარჩება, რადგან მისი ქონება აღარ იარსებებს.

არის სხვა ცვლილებებიც, რომლებიც უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებს მეწარმეებს, ვიდრე აქამდე იყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG