Accessibility links

logo-print
28 ივლისის გაზეთი ”რეზონანსი” პირველ გვერდს ხსნის სათაურით ”აშშ ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას გვაძლევს”. „რეზონანსი“ ფრანგულ გაზეთ ”ლიბერასიონის” პუბლიკაციას ეხმიანება, სადაც წერია, რომ ქართულმა მხარემ ამერიკისგან სამხედრო დახმარების თანხმობა მიიღო. ”დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დადებითად გადაწყდება, მაგრამ როდის და როგორ, მაგას ვერ გეტყვით”, - ამბობს „რეზონანსთან“ საუბარში ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი.

გაზეთი უბრუნდება პერევის რუსული ბლოკ-საგუშაგოდან გამოქცეული რუსი ჯარისკაცის, დმიტრი არტემიევის, თემას. არტემიევი ჰყვება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდგარი რუსული ჯარი პრაქტიკულად შიმშილობს. მისი თქმით, ისინი გველებისა და ბაყაყებისგან მოხარშული სუპით იკვებებიან. ”ცემა მას შემდეგ დამიწყეს, რაც ვთქვი, რომ ცხინვალი რუსეთი არ არის- მეთქი”, - ამბობს დმიტრი არტემიევი. დეტალურად ”რეზონანსის” მესამე გვერდზე წაიკითხავთ.

”რეზონანსის” ინფორმაციით, სახალხო დამცველის ადგილი, შესაძლოა, დავით პაიჭაძემ დაიკავოს და შემდეგი ხუთი წელი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა სწორედ მას მოუწევს. სავარაუდო კანდიდატებად გაზეთი რამდენიმე პარლამენტარს ასახელებს - კერძოდ, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ეკა ხერხეულიძესა და მაგდა ანიკაშვილს.

დღეს გამოვიდა გაზეთი ”ალია”, რომელსაც მთავარ თემად პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანთან ინტერვიუ გამოაქვს, მისი ახალი ლექსით მიხეილ სააკაშვილზე. ”თბილისის რომელ ქუჩებს უცვლიან სახელებს და რა დაერქმევა საბურთალოს, კოსტავას, ლესელიძისა და პეკინის ქუჩებს? - სვამს კითხვას ”ალია”. 28 ივლისის ნომერში ვკითხულობთ ასევე მასალებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაკომპლექტების წესის შესახებ. იქვეა ინტერვიუ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დირექტორ ლევან გახელაძესთან.

”ეროვნული გამოცდები კატასტროფული შედეგებით დასრულდა?” - სტატიაში ამ სათაურით ”ალია” წერს, აბიტურიენტებს მერვე კლასის განათლების დონეც არ აღმოაჩნდათო.

გაზეთი „24 საათი“ საქართველოში ევროკავშირის მისიის მანდატის ერთი წლით გაგრძელების თემას ეხმაურება; ასევე განაგრძობს ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ვიზიტის თემას დევიდ სმიტის სტატიით ”ბაიდენის ვიზიტი შეიძლება ისტორიული აღმოჩნდეს”. ”თუკი ვაშინგტონი სიტყვებით გამოთქმულ მხარდაჭერას ქმედებითაც უმაგრებს ზურგს, თბილისში ბაიდენის ქარიშხალივით ვიზიტი, შესაძლოა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი 24 საათიანი პერიოდი აღმოჩნდეს”, - წერს ავტორი.

გაზეთი ეხმიანება პარლამენტში შესულ ორ ინიციატივას, რომლებიც სადეპუტატო უფლებამოსილებამოხსნილი დეპუტატებისათვის მანდატის აღდგენას და ქუთაისში პარლამენტის ნაწილობრივ გადატანას ეხება. „24 საათი“ მოგითხრობთ ასევე ორ ახალ პროექტზე, რომელიც მალე თბილისში განხორციელდება, რაც მაგისტრალური გზების ახლებურად მოწყობას გულისხმობს. ახალი პროექტით, მდინარე ვერეზე ხუთი გადასასვლელი ხიდი აიგება, თამარაშვილის ქუჩიდან გადმოსასვლელი ესტაკადის სიგრძე კი 480 მეტრი იქნება. კიდევ რა შეიცვლება თბილისში, ამას „24 საათის“ მეორე გვერდზე წაიკითხავთ. ფესტივალ „არტ გენის“ შესახებ რეპორტაჟს გაზეთის მეხუთე გვერდზე იხილავთ.

გამოვიდა გაზეთი ”ახალი თაობა”, რომელსაც მთავარ თემად მწვანეთა პარტიის ლიდერ გია გაჩეჩილაძესთან ინტერვიუ გამოაქვს. მისი თქმით, სააკაშვილის გეგმის პირველი ნაწილი, სახელწოდებით ”მიშა მაგარია”, დასრულდა, ახლა იწყება მეორე ეტაპი, რომლის სახელი იქნება ”პოლიტიკური სტერილიზაცია”. „თაობა“ ბეჭდავს ინტერვიუს კონსერვატორების ერთ-ერთ ლიდერ კახა კუკავასთან, რომელიც ოპოზიციის პოლიტიკურ ბრძოლასა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. მისი ვარაუდით, გამორიცხული არ არის ქალაქის მერი სოზარ სუბარი გახდეს.

რატომ არ მოეწონა ბაიდენის ვიზიტი შალვა ნათელაშვილს? - სვამს კითხვას ”ახალი თაობა” და ლეიბორისტების ლიდერის შეფასებებს გთავაზობთ ამ თემაზე: ”ეს იყო მეფისნაცვლის ვოიაჟი თავის კოლონიაში”, - აცხადებს ნათელაშვილი.

28 ივლისის ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ ინტერვიუს ხიზრი ალდამოვთან. ლონდონში მცხოვრები ახმედ ზაკაევის სამშვიდობო ინიციატივა ჩეჩნებმა დაიწუნესო, წერს გაზეთი: ”თითქმის ოცწლიანი ბრძოლის შემდეგ ჩეჩენი მებრძოლები იარაღის დაყრას აპირებენ. თუ ახმედ ზაკაევის გაკეთებული განცხადება სიმართლეს შეეფერება, ჩეჩნები 1 აგვისტოდან ბრძოლას შეწყვეტენ.”

დაბოლოს, შეგიძლიათ გაეცნოთ გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” 28 ივლისის ნომერსაც, რომელშიც დაბეჭდილია ინტერვიუ პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძესთან: ”მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ აიძულონ სააკაშვილის ხელისუფლება, ქვეყანაში რეალური დემოკრატიული რეფორმები გაატაროს”, ვკითხულობთ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG