Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი განაგრძობს დაახლოებას ლათინური ამერიკის მემარცხენე რეჟიმებთან


იგორ სეჩინი
იგორ სეჩინი
რუსეთმა და ნიკარაგუამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუაში რუსეთის ვიცე-პრემიერის, იგორ სეჩინის ვიზიტის დროს. მანამდე კი სეჩინი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად ითვლება, ვენესუელაში იმყოფებოდა, იქ პრეზიდენტ უგო ჩავესს შეუთანხმდა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ლათინური ამერიკის ამ ორივე ქვეყანას, ნიკარაგუასაც და ვენესუელასაც, როგორც ცნობილია მემარცხენე რეჟიმები მართავს და მათგან ნიკარაგუის ლიდერი მოსკოვის განსაკუთრებით ერთგული მოკავშირეობით გამოირჩევა.

ცნობილია ისიც, რომ ნიკარაგუა, რუსეთის გარდა, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა სცნო. ამით ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ ასიამოვნა მოსკოვს, რომლის მისამართითაც, როგორც წესი, ქების სიტყვებს არ იშურებს. რუსეთზე აქვს ორტეგას ნათქვამი “მთელს პლანეტას ასხივოსნებსო” მაშინ როცა აშშ ქვეყნების “გამანადგურებლად” მიაჩნია.

მიმომხილველების შეფასებით, ნიკარაგუაში ვიცე-პრემიერ იგორ სეჩინის სტუმრობით მოსკოვი აჯილდოვებს ამ ქვეყანას - საქართველოს საკითხში მხარდაჭერისთვის. იმავდროულად მოსკოვი ცდილობს რეგიონში თავისი გავლენის გაზრდას.

“მინდა გამოვთქვა დიდი კმაყოფილება ჩვენი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკით. რუსეთში მტკიცე მხარდაჭერა აქვს ნიკარაგუასთან ნაყოფიერ ურთიერთობის გაგრძელებას”, - ეს სიტყვები იგორ სეჩინმა წარმოთქვა მას შემდეგ, რაც ნიკარაგუაში ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ნიკარაგუის მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ჩასვლის საშუალება ეძლევათ. ეს საპასუხო ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეებს აპრილიდან მიეცათ ნიკარაგუაში უვიზოდ ჩასვლის უფლება... მხარეებმა ხელი მოაწერეს ასევე შეთანხმებებს ენერგეტიკული პროექტებისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესახებ.

ნიკარაგუაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე (ორშაბათს) რუსეთის ვიცე-პრემიერი ვენესუელაში სტუმრობდა, ანუ ჩასული იყო კიდევ ერთ სამხრეთ ამერიკელ ლიდერთან, რომელიც აშშ-დმი უაღრესად კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ვენესუელისთვის რუსული იარაღის მიწოდების გაზრდას ითვალისწინებს: მეტიც, ვენესუელა რუსული იარაღის უდიდესი იმპორტიორი ხდება მთელს მსოფლიოში!

ეს ყველაფერი ხდება მეზობელ კოლუმბიასთან ვენესუელის ურთიერთობაში დაძაბულობის ფონზე. კოლუმბიის პრეზიდენტმა, აშშ-ის მოკავშირე ალვარო ურიბესმა ბოლოხანს განმეორებით დაადანაშაულა ვენესუელის პრეზიდენტი, რომ კოლუმბიაში იარაღს აწვდის ულტრამემარცხენე პარტიზანულ ორგანიზაცია FARC-ს. ამ ორგანიზაციას კოლუმბია, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ჩავესმა უარყო კოლუმბიის პრეზიდენტის ბრალდება, მას “სიტყვიერი აგრესია” უწოდა და, როგორც დღეს გახდა ცნობილი, მეზობელ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი შეაჩერა! აღსანიშნავია ისიც, რომ ვენესუელის პრეზიდენტის გაღიზიანებას იწვევს შეერთებული შტატების გეგმა, ისარგებლოს სამი სამხედრო ბაზით კოლუმბიაში.

“ფრანს-პრესის” კორესპონდენტის შეფასებას თუ მოვიშველიებთ, ლათინურ ამერიკაში ვითარება სულ უფრო ემსგავსება ცივი ომისდროინდელ დაძაბულობას. ასეთი კონტექსტი აქვს ნიკარაგუასა და ვენესუელაში რუსეთის ვიცე-პრემიერის ტურნეს, რომელსაც, როგორც ცნობილია, წინ უსწრებდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოგზაურობა რუსეთის მეზობლად, უკრაინასა და საქართველოში.
XS
SM
MD
LG