Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 30 ივლისი 2009


„შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - ასე იწყება 30 ივლისის „24 საათის“ მთავარი სტატია, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის კონგრესში გამოსვლას ეხება. ”ჩვენ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცეთ ჩვენი ერთგულება რუსეთის მეზობლების, მათ შორის, უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ”, - ამბობს გორდონი თავის გამოსვლაში.

„24 საათი“ სრულად ბეჭდავს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრე ლომაიას გამოსვლას.

ერთ-ერთი მთავარი თემაა არჩევნები მოლდოვაში. მისი საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი გამოკითხვებით, ფავორიტად კვლავ კომუნისტური პარტია რჩება, რადგან მოლდოველთა 40 % სწორედ ამ პოლიტიკური ძალისთვის აპირებდა ხმის მიცემას. „24 საათი“ ეხმაურება რუსეთის ნატოში შესაძლო შესვლის თემასაც. დასავლური პრესის ცნობით, წერს გაზეთი, ვაშინგტონი ცდილობს დაარწმუნოს მოსკოვი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

30 ივლისის ”რეზონანსი” აგრძელებს ომბუდსმენის კანდიდატურაზე მსჯელობას და წერს, რომ არასამთავრობოები კონსულტაციების გარეშე ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი გაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს პროცესი წარიმართა დაჩქარებულად და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების გარეშე ისე, რომ მათ საკუთარი კანდიდატურის დასახელებაც ვერ მოახერხეს. სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ პოსტზე სახალხო დამცველის ახლანდელი მოადგილის, გიორგი ჩხეიძის, კანდიდატურას უჭერდა მხარს.

„მოხერხდება თუ არა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება?“ - ამ სათაურით დღევანდელი ”რეზონანსი” გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ ვახტანგ ხმალაძესთან, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ამ მიმართულებით სააკაშვილს სერიოზული შენიშვნები მისცა.

გაზეთის მერვე გვერდზე წაიკითხავთ, რა ხდება საბაჟოზე, სადაც, ”რეზონანსის” თქმით, წვრილ მოვაჭრეებს ავიწროებენ. შიდა ქართლში მომხდარ ინციდენტზეა ლაპარაკი ”რეზონანსის” პირველივე გვერდზე დაბეჭდილ სტატიაში. როგორც ირკვევა, სოფელ კარბში გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილის ვიზიტის შემდეგ საკრებულოს დეპუტატმა ლევან ბიძინაშვილმა პოლიტპატიმრად ცნობილი ალექსანდრე თევდორაშვილის ბიძას და ძმას სცემა. თუ რა მოხდა სოფელ კარბში 22 ივლისს, დეტალურად ”რეზონანსიდან” შეიტყობთ.

”ალია” 30 ივლისის ნომერს ხსნის რეპორტაჟით ”დაიცავი საქართველოს” შეხვედრიდან, რომელიც 29 ივლისს გაიმართა და რომელსაც 500 ადამიანი დაესწრო. მომღერალი გია გაჩეჩილაძე საკანში ბრუნდება, - წერს ”ალია”, თუმცა რა განცხადებებს გააკეთებს უცნობი 30 ივლისის საღამოს, ეს ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ”ალია” მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზეც წერს. გაზეთის ინფორმაციით, შესაძლოა კულტურის მინისტრი ნიკა რურუა დავით ნამგალაურმა ჩაანაცვლოს, შიდა ქართლის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის ადგილას კი გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დაინიშნოს.

მთავრობაში შესაძლო გადაადგილების თემას 30 ივლისის ”ახალი თაობაც” ეხმაურება. ვინ გახდება პრემიერი - ადეიშვილი თუ უგულავა? - გაზეთი წერს, რომ აგვისტოში პოსტი შესაძლოა პრემიერმა ნიკა გილაურმაც დატოვოს. გრძელდება მსჯელობა სახალხო დამცველის კანდიდატურების გარშემო. „რატომ არ მოსწონს ნაციონალურ მოძრაობას დიმიტრი ლორთქიფანიძე?“ - სვამს კითხვას „ახალი თაობა“ სტატიაში ”უმრავლესობას სიმართლე თვალს სწვავს”. ვინ ჩაიბარებს 5 წლით ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის საჭეს, 31 ივლისს გახდება ცნობილიო, ვკითხულობთ „ახალი თაობის“ ფურცლებზე.

გაზეთი ”ჯორჯიან თაიმსი” ბეჭდავს ვრცელ ინტერვიუს ნინო ბურჯანაძესთან. ”ბაიდენთან ოპოზიციის შეხვედრას უსმენდნენ, იწერდნენ კიდეც და აშშ-ის საელჩო დაინტერესდეს, იყო თუ არა ამ შეხვედრის კონფიდენციალობა დაცული”, - აცხადებს ბურჯანაძე.

გაზეთი ”ყველა სიახლე” კი ახლად შექმნილი სამეფო ოჯახის კრახზე წერს და განქორწინების დეტალების გარკვევას ოჯახთან დაახლოებული ყველა შესაძლო პირისგან ცდილობს. ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა სამეფო ოჯახის ცხოვრება, „ყველა სიახლის“ მესამე გვერდზე იხილავთ.

”კონსერვატორები პარლამენტში არ შევალთ”, - აცხადებს გაზეთთან ინტერვიუში ზვიად ძიძიგური. ”კონსერვატიული პარტია გადაწყვეტილებას არ შეცვლის, რადგან ეს ნაბიჯი ცხელ გულზე არ გადაგვიდგამს. ვიცი, რომ არაერთ ოპოზიციურ პარტიას იგივე გადაწყვეტილება აქვს მიღებული”, - ამბობს ძიძიგური.

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით გაზეთი ბეჭდავს რეპორტაჟს შიდა ქართლიდან. 9 სულიანი ოჯახის უფროსი, ლუიზა დოიჯაშვილი, სოფელ ერგნეთიდან, ორსართულიანი დანგრეული სახლის სარდაფში ცხოვრობს. მის ეზოში დახმარების პროგრამით ნაჩქარევად აშენებული ერთოთახიანი კოტეჯი დგას, რომელიც საცხოვრებლად უვარგისია. წაიკითხეთ მერვე გვერდზე.

დაბოლოს, 30 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკა“ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ლადო პაპავას, ესაუბრა. ამ ინტერვიუს გაზეთის მესამე გვერდზე ნახავთ.” ჩვენს ოპოზიციას ერთი დიდი ნაკლი აქვს - პოლიტიკური გამომგონებლობის უნარი აქვს ძალიან დაბალი. ხალხს ვერაფერს ახალს ვერ სთავაზობენ.თუ მოულოდნელი ნაბიჯები არ გადადგა ოპოზიციამ, რომელიც ჩიხში შეიყვანს მთავრობას, ხოლო ხალხს გამოაფხიზლებს, ასეთი ოპოზიციის ფასი ნულია“, - აცხადებს ლადო პაპავა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG