Accessibility links

logo-print

თბილისი და ცხინვალი სროლის განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისს, ღამით, თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ცხინვალის სამხრეთი გარეუბანი დაიცხრილა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფალთა განცხადებით, სოფელ ნიქოზიდან ცხინვალს ნაღმტყორცნიდან ესროდნენ.

თავის მხრივ, საქართველოს შსს 30 ივლისს იუწყება, რომ თბილისის მიერ კონტროლირებული სოფლები ნიქოზი და ზემო ხვითი ოკუპირებული ცხინვალიდან დაცხრილეს. კონფლიქტის ზონაში სროლის განახლებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სოფელ ნიქოზში მცხოვრებმა მალხაზ კობალაძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ 29 ივლისს, მთელი საღამოს განმავლობაში, ცხინვალის მხრიდან სროლის ხმა ისმოდა, ღამის 12-ის ნახევრისთვის კი ცეცხლი უკვე ქართული სოფლების მიმართულებით გაიხსნა.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიით ედუარდ კოკოითი გამოვიდა და ქართული არმიის შეიარაღების ზრდისა და მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. თავის მხრივ, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ შალვა ტრამაკიძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მას შემდეგ, რაც ოსურმა მხარემ სროლა განაახლა, ქართველი სამართალდამცავები ორჯერ დაუკავშირდნენ ოკუპირებულ ცხინვალში დისლოცირებული რუსული არმიის სარდლობას, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის პირობა დადო.

სროლის განახლების შესახებ ინფორმაცია სამხარეო პოლიციამ მაშინვე გადასცა ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას, რომლის წარმომადგენლებიც თბილისის მიერ კონტროლირებულ რაიონში ჩავიდნენ და გამოკვლევა დაიწყეს. ევროპელ მეთვალყურეებს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არა აქვთ. ამდენად, შეუძლებელია ზუსტად დადგენა იმ ადგილისა, საიდანაც სროლა დაიწყო.
XS
SM
MD
LG