Accessibility links

logo-print
განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა მოლდავეთში სძლიეს მმართველ კომუნისტურ პარტიას, რაც ქვეყნის ისტორიაში ახალი ხანის დადგომას მოასწავებს. კომუნისტთა ლიდერმა, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა, უკვე განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება საპარლამენტო კოალიციის შექმნის თაობაზე.

ეგზიტპოლის პირველმა შედეგებმა მოლდავეთში ყველაზე ოპტიმისტებიც კი გააოცა. გამოკითხვის თანახმად, ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების 53.9 პროცენტი დააგროვეს, მმართველ კომუნისტურ პარტიას კი ხმათა მხოლოდ 41.7 პროცენტი ერგო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა თანაფარდობა ოდნავ შეცვალა, თუმცა მოლდაველი კომუნისტები ოპოზიციას მაინც საგრძნობლად ჩამორჩებიან. დათვლილია ხმების 98 პროცენტი. განმეორებითი არჩევნების შედეგები მოლდავეთში ასეთია: კომუნისტურმა პარტიამ 45 პროცენტი მიიღო, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ კი 50,7 პროცენტი დააგროვა.

დღის ბოლოს პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა განაცხადა, რომ მზად არის ფართო თანამშრომლობისათვის ოპოზიციასთან:

"უპრიანი იქნება, თუ ამ არჩევნების შემდეგ, განურჩევლად პარტიების პოლიტიკური შეფერილობის და ამ არჩევნებში მოპოვებული შედეგებისა, გავერთიანდებით ფართო კოალიციაში - სამშობლოსთვის, მოლდავეთისთვის, სუვერენობისთვის."

მოლდავეთის დემოკრატიული პარტიის ლიდერი მარიან ლუპუ, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ თავად იყო კომუნისტური პარტიის წევრი, არჩევნების დღეს გამორიცხავდა კომუნისტებთან თანამშრომლობას:

“მე ძალიან კარგად ვიცნობ კომუნისტების ხელმძღვანელობის მენტალიტეტს. ამ ხელმძღვანელობას არა აქვს საჭირო პოლიტიკური კულტურა თანაბარი, შედეგიანი და ქვეყნის ინტერესებისათვის აუცილებელი თანამშრომლობისთვის.”

მაგრამ რა იქნება მომავალში? შეძლებს კი ახალი კოალიცია უმტკივნეულოდ აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი?

ოპოზიციური ლიბერალური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა კორინა ფუსუმ მიანიშნა, რომ ოპოზიციას უკვე აქვს საკმაოდ მყარი კოალიცია, რის გამოც კომუნისტებმა წინა მცდელობის დროს ვერ აირჩიეს მათთვის მისაღები პრეზიდენტი, ვორონინის მემკვიდრე. კომუნისტებს მაშინ სულ ერთი ხმა დააკლდათ, მაგრამ ოპოზიციური ერთობა პარლამენტში საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდა.

მოლდავეთში არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტმა ვორონინმა, რომელსაც ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი ძალა აქვს, შეძლოს ჩააგდოს პრეზიდენტის არჩევის საკითხი და კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს პრეზიდენტობა. პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა პარლამენტის 61 წევრის თანხმობა, ამ რაოდენობას კი, წინასწარი შედეგებით, ვერც მოლდაველი კომუნისტები აგროვებენ და ვერც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც არჩევნებში მხოლოდ 53 მანდატი მოიპოვეს.

101 ადგილიან მოლდავეთის პარლამენტში კომუნისტები 48 მანდატს ღებულობენ, 53 მანდატს კი 4 ოპოზიციური პარტია გაინაწილებს. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ მოლდავეთში ჩატარებული განმეორებითი არჩევნები პოზიტიურად შეაფასა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
XS
SM
MD
LG