Accessibility links

logo-print

დასავლეთის ახალი შერიგების სტრატეგია არარადიკალი თალიბებისათვის


ავღანეთი არჩევნებისთვის ემზადება

ავღანეთი არჩევნებისთვის ემზადება

შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა მოუწოდეს ავღანეთის მთავრობას, ახალი მოლაპარაკებები დაიწყოს მოძრაობა “თალიბანის” არარადიკალ, ზომიერი კურსის მომხრე წევრების შემოსარიგებლად, გაააქტიუროს ბრძოლა დაუმორჩილებელი საველე მეთაურებისა და კორუმპირებული მოხელეების წინააღმდეგ. ავღანეთის მცოდნე ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ იდეის განხორციელება აქამდე არსებული შემორიგების სტრატეგიის მნიშვნელოვან ცვლილებას საჭიროებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა, რომელიც ჰილარი კლინტონის სიტყვებს გამოეხმაურა, 27 ივლისს განაცხადა, რომ ინიციატივა, რომელიც რიგითი თალიბების შემორიგებას ითვალისწინებს, შედეგს მოიტანს:

“წარმატება, გრძელვადიან პრესპექტივაში, ნიშნავს მიღწეულ იქნეს ავღანეთში ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც განზე დატოვებს პუშტუნ ნაციონალისტებს, ერთმანეთისგან დააცალკევებს მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულს სჩადიოდა ჯიჰადის სახელით, ხოლო იმათ, ვისაც ისლამისტური წესებით ცხოვრება მხოლოდ ლოკალურ დონეზე სურს, საკმარის შესაძლებლობას მისცემს ჩაებან ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესში და უარი თქვან საკუთარ მთავრობასთან კონფრონტაციაზე."

შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი მიიჩნევს, რომ ავღანეთის პოლიტიკურ პროცესში ის თალიბები უნდა ჩაერთონ, რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობას პრაგმატული მიზეზებით უფრო შეუერთდნენ, ვიდრე ისლამისტური იდეოლოგიის გამო:

“თალიბანის რიგებში მებრძოლ ადამიანთა 70 პროცენტი იდეოლოგიურად არ ემხრობა მულა ომარისA თუ ალ-ყაიდის საზარელ პრინციპებს. ესენი არიან უმუშევრად დარჩენილი გლეხები, ესენი არიან შეიარაღებული ბავშვები. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა სწორედ ის თქვეს, რომ ასეთი რეინტეგრაციისათვის კარები ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვინც უარს იტყვის ალ-ყაიდაზე, უარს იტყვის ძალადობაზე და ავღანეთის პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვება.”

ანალიტიკოსები ეთანხმებიან ამ მოსაზრებას, თუმცა, თავის მხრივ, იმასაც აღნიშნავენ, რომ თალიბი მებრძოლები დათანხმდებიან ბრძოლის შეწყვეტასა და თანამშრომლობაზე ავღანეთის მთავრობასთან, თუკი მათ ექნებათ ფინანსური სტიმული და უსაფრთხოების გარანტია.

ლონდონის ეკონომიკური სკოლის ავღანეთის საქმეთა ექსპერტი ანტონიო ჯიუსტოცი ამბობს, რომ, ამ თვალსაზრისით, ე.წ. ზომიერ თალიბთა შემორიგების იდეაში ახალი არაფერია:

“მაგრამ ვფიქრობ, რომ ამჯერად განსხვავებულ ტრიუკთან გვაქვს საქმე და რაც ხდება, რაღაც უფრო მეტია. ვფიქრობ, რომ ეს არის მცდელობა, მომზადდეს ნიადაგი მოლაპარაკებისთვის “თალიბანის” ლიდერებთან ან მათ ნაწილთან, როგორც გამორჩეულ პირებთან თუ ქსლის წარმომადგენლებთან “თალიბანის” შიგნით, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ალ ყაიდასა და სხვა უფრო რადიკალურ საერთაშორისო ისლამისტურ დაჯგუფებებთან.”

ანტონიო ჯიუსტოცი ავტორია წიგნისა ”ყურანი, კალაშნიკოვი და ლეპტოპი” და, 2001 წლიდან მოყოლებული, დოკუმენტურად აღრიცხავს თალიბანთა მოძრაობის აღორძინებას და ცვლილებებს მის გარშემო. ჯიუსტოცის თქმით, სტრატეგია, რომელიც თალიბთა მოძრაობის გათიშვის იდეას ეფუძნება, ავღანეთში მიმდინარე შერიგების პროცესის წინაისტორიასაც უნდა ითვალისწინებდეს. მკვლევარს მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ექსტრემისტი მეთაური, რომელიც წინა წლებში მთავრობის მხარეზე გადავიდა, მოგვიანებით ან მოკლეს, ანდა, უბრალოდ, უკვალოდ გაქრა:

“ასეთი ისტორიები სხვა პარტიზან ლიდერებს უნდობლად განაწყობს შერიგების პროცესისადმი. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მთავრობის მიერ შემორიგებული ცალკეული მეთაურები და მებრძოლები, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ან პოლიციამ დააპატიმრა. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის მთავრობა მწვანე შუქს უნთებს შერიგების პროცესს, ხოლო შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ამ პროცესს მხარ უჭერენ, ქაბულში, უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურებში, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მუშაობს, რომელიც ასეთი შერიგების წინააღმდეგია. და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩაშალონ ეს პროცესი.”

ჰაჯი საიდ დაუდი, ცნობილი ავღანელი კომენტატორი და ქაბულში არსებული ავღანეთის მედიის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მოლაპარაკება, რომელიც “თალიბანის” ზოგიერთ ლიდერსა და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის უფროსი ძმის, აბდულ ყაიუმ კარზაის შორის შარშან დაიწყო, კვლავაც გრძელდება. გასულ კვირაში ავღანეთის მთავრობამ თალიბთა ჯგუფებთან დაზავების შეთანხმებას მიაღწია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ თურქმენეთის საზვართან ახლომდებარე ბადგიშის პროვინციაში. ამ მოლაპარაკების მიზანია შეწყდეს ბრძოლა და დამყარდეს მშვიდობა კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, რომელიც 20 აგვისტოს არის დანიშნული. მოლაპარაკება შესაძლებლობას აძლევს თალიბ სამხედრო ლიდერებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. თუკი დაზავება არ დაირღვა, ექსპერტების თქმით, ეს იქნება პირველი წინგადადგმული ნაბიჯი თალიბი მებრძოლებისა და მათი ლიდერების შემორიგების ახალი ფორმატის განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG