Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეფექტიანობა vs სამართლიანობა


მაშ, ასე! ერთკვირიანი შესვენების შემდეგ ვუბრუნდებით სიტყვას, რომელიც, ჩვენი ბლოგის კომენტატორების აზრით, ყველაზე ზუსტად ასახავს საზოგადოების მთავარ პრეტენზიას ხელისუფლების მიმართ. ექვსი დღის განმავლობაში დასახელდა 49 სიტყვა , რომელთა შორის 13-ჯერ გამეორდა „უსამართლობა“.

ამ შედეგისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას არ ვაპირებ, მაგრამ არც მისი მივიწყება მგონია სწორი. ალბათ, ერთად უნდა განვმარტოთ, ყველაზე მწვავედ სამართლიანობის დეფიციტი რატომ ვიგრძენით, ან რა საფრთხე უკავშირდება უსამართლობის განცდას.

ჩემი ვერსიით დავიწყოთ.

ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იყო. ეს დაპირება ბევრნაირ შინაარსს იტევდა, მათ შორის, კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის უკანონო ქონების წართმევას და ხალხისთვის დაბრუნებას, მეანაბრეებისთვის ვალის გასტუმრებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, საჯარო სამსახურებში თანამშრომლების მიღებას პატიოსანი კონკურსის საფუძველზე...

სამართლიანობის აღდგენის შესახებ დაპირება მეტად მომხიბვლელი აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის. მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ პრიორიტეტი სწრაფად შეიცვალა, როდესაც საკუთარი თავი დაიყენა მორალური დილემის წინაშე: „მეტი სამართლიანობა“ თუ „მეტი ეფექტიანობა“? და საკითხი სამართლიანობის საზიანოდ გადაწყვიტა. სხვათა შორის, ეს ცნობილი დილემაა და მიჩნეულია, რომ მეტი ეფექტიანობა საერთო-საზოგადოებრივ სარგებელს ზრდის, ოღონდ, ხანმოკლე პერიოდით. ერთ წიგნში ასეთი მაგალითიც კი მაქვს ამოკითხული: ვთქვათ, სატვირთო მანქანის მძღოლი ხართ და 100 კგ პროდუქტი უნდა გაუნაწილოთ ორ მოშიმშილე სოფელს. მაგრამ გზა შორია და თუ ორივე სოფელში მიხვალთ, 20 კგ პროდუქტი გადასაყრელი გაგიხდებათ. შეგიძლიათ, გადაწყვეტილება შეცვალოთ, მხოლოდ ერთ სოფელში მიხვიდეთ და მთელი პროდუქტი იქ დატოვოთ. პირველ შემთხვევაში დაზარალდება ეფექტიანობა, მეორე შემთხვევაში – სამართლიანობა, მაგრამ საერთო-საზოგადოებრივი სარგებელი გაიზრდება (რადგან პროდუქტი არ გადაიყრება).

შინაგან საქმეთა ამჟამინდელ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, საჯაროდაც უთქვამს (ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში) და ჩემთან პირადი საუბრის დროსაც დაუდასტურებია ჯერ კიდევ 2004 წელს, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ეფექტიანობის რაც შეიძლება მაღალი ხარისხია. სწორედ ეს ჯადოსნური სიტყვა – „ეფექტიანობა“ – ამართლებდა და იწირავდა ბევრ სხვა, ადრე გამოცხადებულ, მიზანს. ეს სიტყვა წარმართავდა ცვლილებების ხასიათსა და ტემპს.

მაგალითად, იმ მიზნით, რომ ტერიტორია მოესუფთავებინათ სახელოვანი ინვესტორისათვის, უბოდიშოდ დაანგრიეს მრავალსართულიანი სახლი თბილისის ცენტრში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, რაც იქაურ მაცხოვრებლებს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. იმოქმედეს ეფექტიანად, მაგრამ უსამართლოდ.

იმისათვის, რომ დასაჭერი პირები სწრაფად დაეჭირათ, მასობრივად დანერგეს იარაღისა და ნარკოტიკის „ჩადების“ პრაქტიკა. შემდეგ თავად აღიარეს, რომ ეს ეფექტიანი, მაგრამ უსამართლო გადაწყვეტილება იყო (მახსენდება გიგა ბოკერიას ინტერვიუ, რომელიც „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა).

ეფექტიანი ქმედების ნიმუშია ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩატარებული ნებისმიერი პოლიტიკური არჩევნებიც: ხელისუფლება, როგორც წესი, აღწევს დასახულ მიზანს, მაგრამ ამ მიზნის მიღწევის გზები ხშირად უსამართლოა – მოსყიდვა, გადმობირება, დაშინება...

იგივე შეიძლება ითქვას სატელევიზიო სივრცის კონტროლზე. ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საერთო-ეროვნული ტელევიზიის მფლობელი ან გენერალური დირექტორი მხოლოდ ის ადამიანი უნდა იყოს, ვისაც პრეზიდენტი პირადად ენდობა, საინფორმაციო პოლიტიკის კონტროლის ეფექტიან საშუალებად ჩამოყალიბდა. არადა, მთელი ეს პროცესი მედიის მიმართ უსამართლო და უკანონოა.

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ხელისუფლების არჩევანი – მეტი ეფექტიანობა ნაკლები სამართლიანობის ხარჯზე (ეფექტიანობა vs სამართლიანობა) – კატასტროფით დასრულდა შარშან, აგვისტოს ომის დროს. ეფექტიანობაზე გადაგებულმა ხელისუფლებამ შეუქცევადი მარცხი განიცადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უმთავრეს მიზნად და ზეამოცანად იყო გამოცხადებული. ამ მარცხის შემდეგ შეუძლებელია საუბარი დღევანდელი ხელისუფლების ეფექტიანობაზე. და, თუ კარგად დავაკვირდებით, უსამართლობაც სწორედ შარშანდელი ომის შემდეგ გახდა განსაკუთრებით მტკივნეული, ესე იგი, იმის შემდეგ, რაც დაიკარგა რწმენა ხელისუფლების ეფექტიანობის მიმართ.

ჩემი აზრით, ამოიწურა ის ხანმოკლე პერიოდი, როდესაც სამართლიანობის უგულებელყოფა საერთო-საზოგადოებრივ სარგებელს ზრდიდა. დადგა ახალი ხანა, როდესაც ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტად სასურველი და ყველაზე ძნელად მიღწევადია სტაბილურობა, რაც აუცილებელია სახელმწიფოს განვითარებისთვის. სწორედ უსამართლობის განცდამ (სხვა პრობლემებთან ერთად) გამოიყვანა ქუჩაში საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილი. ხელისუფლებამ კი ეფექტიანად ქცევის უნარი დაკარგა და სამართლიანად ქცევის უნარი ვერ შეიძინა, რის გამოც ვითარება საგანგებოდ არაპროგნოზირებადი გახდა.

ერთი ტენდენცია მაინც იკვეთება: კანონების გამკაცრება, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება და ტელევიზიების კონტროლის ერთ ხელში მოქცევა სწორედ ის გზაა, რითაც ჩიხში შესული ხელისუფლება ეფექტიანი ნაბიჯების გადასადგმელად ნიადაგის ხელახლა გამყარებას ცდილობს. შესაბამისად, არც ერთი ნაბიჯი სამართლიანობის დასამკვიდრებლად ჯერ არ გადადგმულა და მოსალოდნელიც არ არის.

მაშ, რა არის მოსალოდნელი? სწორედ ის დროა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი სიტყვები, რომლებიც არაერთხელ თქმულა ჩვენს ბლოგზე: „Without justice, there can be no peace“ – „ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“.

რას შეიძლება ნიშნავდეს „არამშვიდობა“ კონკრეტულ დროსა და სივრცეში – აქ და ახლა? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი განხილვის თემად გთავაზობთ და, რაც მთავარია, ველოდები თქვენს კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შესრულდა რევოლუციამდელი დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების შესახებ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG