Accessibility links

logo-print

რა გეგმები აქვთ სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს?


საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში

საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში

31 ივლისს საქართველოს პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს დაამტკიცებს. არჩევანი მხოლოდ ორი კანდიდატით შემოიფარგლება, რადგან მესამის წამოსაყენებლად დეპუტატებს შორის საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება ვერ მოხერხდა. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ დასახელებულ კანდიდატებს 30 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოუსმინეს, ოდნავ მოგვიანებით კი, საგანგებო შეხვედრაზე, კანდიდატებმა თავიანთი ხედვა გააცნეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი? უნდა უყვარდეს თუ არა ის ხელისუფლებას და დასაშვებია თუ არა მისი შეხება პოლიტიკასთან? - დაახლოებით ამგვარი შეკითხვების ფონზე ჩაიარა 30 ივლისის საკომიტეტო მოსმენამ, რომელზეც უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი - გიორგი ტუღუში - იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ის არ აპირებს ხელისუფლების კეთილგანწყობის საქმეში გამოყენებას და პოლიტიკასთან რაიმე სახით შეხებას. ომბუდსმენობის კანდიდატი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მისი მოღვაწეობა მხოლოდ საქმესა და პროფესიონალიზმზე იქნება დაფუძნებული. განსაზღვრულია მისი პრიორიტეტებიც: დევნილთა უფლებები, საკუთრების უფლება, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებები და სხვა.

გიორგი ტუღუში

30 ივლისს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე სამოქმედო პროგრამით აღჭურვილი გამოცხადდა ომბუდსმენობის მეორე კანდიდატიც - უმცირესობის მიერ დასახელებული დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მისი პროგრამის უმთავრეს პრიორიტეტს სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს. სახალხო დამცველობის კანდიდატი, როგორც თავად ამბობს, „სამართლის პურის გამოცხობას“ შეეცდება.

პრიორიტეტებზე საუბრისას, ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტია „უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენით მსჯავრდებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეების გადახედვის და მათზე რეკომენდაციის შემმუშავებელი საბჭოს შექმნა.“

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორივე კანდიდატურას: ლორთქიფანიძესაც და ტუღუშსაც. კომიტეტის წინაშე 30 ივლისს ვერ წარდგა მესამე კანდიდატი, რომელიც ქართული დასის ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დაასახელა. ეს გახლავთ მანანა კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი. საქმე ის არის, რომ უფრაქციო დეპუტატების მიერ კანდიდატურის წარდგენას ექვსი ხელმოწერა ესაჭიროება, რომელთა შეგროვებაც ვერ მოხერხდა. საკითხში გასარკვევად მარტივი არითმეტიკაც დაგვეხმარება: საქართველოს პარლამენტში სულ ცხრა უფრაქციო, ანუ მიუმხრობელი დეპუტატია, რომელთაგან ოთხი - ლეიბორისტული პარტიის წევრია და, შესაბამისად, საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობს. ხოლო 9-4=5 დეპუტატი, ანუ რაოდენობა, რომელიც სახალხო დამცველის კანდიდატურის წარსადგენად საკმარისი არ არის. ამ ხუთეულში ერთ-ერთია დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, ეს პრობლემა თავიდანვე გაეთვალისწინებინა ჯონდი ბაღათურიას, რომელსაც ამ თემაზე მასთან არც კი უსაუბრია. დეპუტატი ცაგარეიშვილი კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველად უმრავლესობა მაინც თავის კანდიდატურას გაიყვანს. ამავე აზრისაა კანდიდატად ვერწარდგენილი მანანა კობახიძეც, რომლის თქმით, არჩეული იქნება ის კანდიდატი, რომელიც წარდგენილია უმრავლესობის მიერ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

შესაბამისად, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ 30 ივლისს გამართულ შეხვედრაში „42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე მონაწილეობდა არა როგორც ომბუდსმენობის კანდიდატი, არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. გიორგი ტუღუშთან და დიმიტრი ლორთქიფანიძესთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ თაოსნობით მოეწყო, რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამგვარი შეხვედრის ორგანიზების აუცილებლობა მესამე სექტორმა დაინახა, რადგან მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა და კანდიდატების შერჩევის პროცესმა პრაქტიკულად საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების გარეშე ჩაიარა.

მართალია კენჭისყრამდე ისინი ვერაფრის შეცვლას ვეღარ მოახერხებენ, მაგრამ, შეხვედრის ორგანიზატორთა თქმით, კანდიდატებისგან ერთგვარი დაპირებების მიღება მაინც მოხერხდა. რაც შეეხება მათთან შეხვედრის შემდეგ დარჩენილ შთაბეჭდილებებს, მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს თამარ ხიდაშელს განსხვავებული შთაბეჭდილებები დარჩა: „გიორგი ტუღუშის კომენტარები და პასუხები ჩვენს შეკითხვებზე იყო საკმაოდ მოზომილი და, მე ვიტყოდი - ფრთხილი“, ამბობს ხიდაშელი. „რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ის იყო უფრო კრიტიკულია არსებული ხელისუფლების მიმართ. მან პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები და რომ საქართველოში, სამწუხაროდ, პოლიციური სახელმწიფო მკვიდრდება.“

თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ არც ერთ კანდიდატს არ ეწინააღმდეგება, თუმცა მისთვის მიუღებლად რჩება, მაგალითად, დიმიტრი ლორთქიფანიძის დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობებისადმი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ლორთქიფანიძის პოზიციას „მეტისმეტად ხისტს” უწოდებს: „მან განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების ქმედება უნდა იყოს დასჯადი. შეიძლება ვინმესთვის მიუღებელი იყოს ასეთი ორიენტაციის მქონე ადამიანების არსებობა, მაგრამ ის ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს სახალხო დამცველობაზე, მე ვფიქრობ, გაცილებით უფრო შემწყნარებელი უნდა იყოს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ“, ამბობს ხიდაშელი.

მიუხედავად იმისა, თუ რა შთაბეჭდილება დარჩათ 30 ივლისის შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ომბუდსმენობის კანდიდატებზე, ისინი პროცესზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. ამისათვის აღარც საშუალებაა და აღარც დრო: 31 ივლისს საქართველოს პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს აირჩევს.

XS
SM
MD
LG