Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია


გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში

31 ივლისს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე აირჩია უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი - გიორგი ტუღუში, რომელმაც, 8-ის წინააღმდეგ, 88 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, უმცირესობის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კი, 7-ის წინააღმდეგ, 14 დეპუტატის ხმა დააგროვა. კენჭისყრამდე კანდიდატებმა დეპუტატებს საკუთარი სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები გააცნეს. უშუალოდ მიზნებისა და გეგმების გარდა, მათ პასუხის გაცემა უხერხულ კითხვებზეც მოუწიათ. საუბრის თემებს შორის იყო , მაგალითად, დამოკიდებულება ჯერ ისევ მოქმედი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარისადმი.

გიორგი ტუღუში მუშაობას 5-წლიანი ვადით მას შემდეგ შეუდგება, რაც 17 სექტემბერს ვადა ამოეწურება მოქმედ სახალხო დამცველს სოზარ სუბარს. სხვათა შორის, მომავალმა ომბუდსმენმა წარმავალისადმი დამოკიდებულება 31 ივლისს, პარლამენტის სხდომაზე, პირველად და საკმაოდ უარყოფით კონტექსტში გამოხატა. მაგრამ ვიდრე მეტს ვიტყოდეთ ამ საკითხზე, მოდით, გავარკვიოთ, თუ რა ადგილი მიუჩინა გიორგი ტუღუშმა ომბუდსმენის ინსტიტუტს, როცა მან დემოკრატიის მშენებლობა სახლის მშენებლობას შეადარა. ”ჩავთვალოთ, რომ კანონის უზენაესობა არის სახლის საძირკველი;

ადამიანის უფლებათა დაცვა არის სახლის კედლები; საკანონმდებლო ხელისუფლება და აღმასრულებელი ხელისუფლება წარმოადგენენ სახლის ფანჯრებს და, ბოლოს, სასამართლო არის სახლის სახურავი”, - ამბობს გიორგი ტუღუში, რომელსაც ომბუდსმენის ინსტიტუტი ამ ”სახლის შესასვლელი კარის ზარად” წარმოუდგენია. მისი განმარტებით, ”პირი, რომელსაც უსამართლოდ მოექცა ხელისუფლება”, სახლში სწორედ ამ ზარის დარეკვის საშუალებით შედის.

გიორგი ტუღუში პირობას დებს, რომ ყველას, ვინც ზარს დარეკავს, დროულად და კანონის უზენაესობის დაცვის თანხლებით გაუღებს კარს. ამასთან, სამუშაო ინსტრუმენტებად ის მხოლოდ პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას გამოიყენებს. თუმცა ამაში ეჭვი ეპარებათ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ ტუღუში უმრავლესობის მიერ არის დასახელებული და ამიტომ ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებაც მოუწევს.

რაც შეეხება დამოკიდებულებას მოქმედი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის საქმიანობისადმი, გიორგი ტუღუში ამ შინაარსის შეკითხვებზე პასუხის გაცემას ბოლო რამდენიმე დღეა შეგნებულად არიდებდა თავს, თუმცა 31 ივლისს მაინც თქვა, რომ სუბარის ანგარიშების აქცენტები მას ზოგჯერ ტენდენციურად ეჩვენებოდა. აქვე ვთქვათ, რომ მომავალი ომბუდსმენი მოქმედთან უკვე ერთი წელია ინტენსიურად თანამშრომლობს ევროკავშირის პროგრამის - ”დახმარება სახალხო დამცველს” - ფარგლებში.

31 ივლისის პლენარულ სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ გიორგი ტუღუშს სთხოვა, დაესახელებინა კონკრეტული საკითხები, სადაც სუბარის ტენდენციურობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ტუღუშმა დეპუტატის თხოვნა ვერ შეასრულა, თქვა, რომ მას არასწორად გაუგეს და განმარტებაში ”ტენდენციურობა” სხვა სიტყვებით შეცვალა: ”ჩვენ გვისაუბრია და მე ვეუბნებოდი, შედარებით შეიძლებოდა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, არააგრესიული, შედარებით რბილი... რომ გაკეთებულიყო გარკვეული საკითხების უფრო ზუსტი სამართლებრივი ანალიზი...” მომავალმა ომბუდსმენმა ასევე თქვა, რომ ”ციტირებას არ აპირებს”, რომ ”დეტალები არც ახსოვს” და რომ, შესაძლოა, თავად სუბარს ახსოვდეს უკეთ.

თუმცა სოზარ სუბარი მსგავსს ვერაფერს იხსენებს და ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუკი მისი შემცვლელი დიპლომატიურობას შეინარჩუნებს და ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევს, მას ძალიან გაუჭირდება მუშაობა. ”რეალურად, საბოლოოდ, მას მოუბრუნდება ძალიან მძიმედ, თუკი ყველაფერს არ მისცემს ადეკვატურ შეფასებას... ადეკვატური შეფასება კი, მერე როგორც გინდა შეფუთე, გინდა რბილად თქვი, გინდა ხისტად თქვი, მაინც არ მოეწონება ხელისუფლებას... როგორც კი ერთხელ მაინც იტყვის, რომ საქართველოში არის თუნდაც ერთი პოლიტპატიმარი, ხელისუფლებისთვის ის გახდება ისეთივე მიუღებელი, როგორიც არის მოქმედი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. და თუკი ის ამას არ იტყვის, მაშინ ის არ იქნება სახალხო დამცველი”, - ასეთია სოზარ სუბარის შეფასება.

სუბარი 31 ივლისს პარლამენტის სხდომაზე, მის წინამორბედებთან ერთად, ომბუდსმენობის მეორე კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც ახსენა. თუმცა მასთან ამ საკითხზე პოლემიკა აღარ გამართულა. ლორთქიფანიძეს განმარტებების გაკეთება მოუწია ”სექსუალური უმცირესობების” თემასთან დაკავშირებით. მან დააზუსტა, რომ, თუკი სახალხო დამცველად აირჩევდნენ, მოითხოვდა არა ყველა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანის დასჯას, არამედ მხოლოდ მათ დასჯას, ვინც გარყვნილებას ეწევა და ამით საზოგადოებას ავიწროებს. საკითხმა დარბაზში ერთგვარი სიცილი გამოიწვია, რასაც გარკვეული სიმკაცრით შეხვდა თავად დიმიტრი ლორთქიფანიძე და დეპუტატი ელდარ კვერნაძე, რომელსაც აინტერესებდა, თუ რანაირად აპირებდა ლორთქიფანიძე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების დასჯას.

რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტის წინაშე ასარჩევად სახალხო დამცველობის მხოლოდ ორი კანდიდატი იყო წარდგენილი და კანდიდატების შერჩევის პროცესმა სახალხო განხილვის გარეშე ჩაიარა, უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათ შორის იყო დეპუტატი ლევან ვეფხვაძე, რომელიც ტრიბუნაზე უმცირესობის სახელით გამოდიოდა. მისი თქმით, ხელისუფლება საჯარო დისკუსიასა და პროცესში ფართო ფენების ჩართვას იმიტომ მოერიდა, რომ შედეგად შეიძლებოდა გამოჩენილიყვნენ ისეთი ღირსეული კანდიდატებიც, რომლებიც ხელისუფლების ”გემოვნებაში არ იყვნენ”.

დაჩქარებულ ტემპებთან დაკავშირებით პრეტენზიები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოხატეს. თუმცა ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოქცეული.
XS
SM
MD
LG