Accessibility links

logo-print

როგორ არის დაცული უფლებადამცველთა უფლებები?


არტაკ კირაკოსიანი (მარცხნივ), ელდარ ზეინალოვი, სიმონ პაპუაშვილი

არტაკ კირაკოსიანი (მარცხნივ), ელდარ ზეინალოვი, სიმონ პაპუაშვილი

სულ ახლახან ადამიანის უფლებების დამცველთა ობსერვატორიამ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა და წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის საფუძველზე, გამოაქვეყნა 2008 წლის ანგარიში, რომელშიც ასახულია ის, თუ რა პირობებში უწევთ მუშაობა უფლებადამცველებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკაში. რა წინააღმდეგობას აწყდებიან ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი უფლებადამცავები?

საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრი, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრი - სამივე არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციის წევრია და, შესაბამისად, მონაწილეობას იღებს უფლებადამცველთა ობსერვატორიის საქმიანობაში. სიმონ პაპუაშვილი, საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, ამბობს, რომ, ანგარიშის მიხედვით, რომელიც ობსერვატორიამ გამოაქვეყნა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უფლებადამცველებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. სამი ქვეყნიდან შედარებით უკეთესი მდგომარეობა საქართველოშია, თუმცა ზეწოლისა და მუქარის შემთხვევებს აქაც ჰქონდა ადგილი:

„ ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლები ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნების დროს. ჩვენ გვქონდა ისეთი მდგომარეობა, რომ პრაქტიკულად იძულებული გავხდით მოგვეხდინა დამკვირვებლების ევაკუაცია იმ ზეწოლის გამო, რაც მათ მიმართ ხორციელდებოდა.“
სიმონ პაპუაშვილის თქმით, უფლებადამცველებისათვის გამორჩეულად მძიმე იყო აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი, როცა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელს, ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს, გამოქვეყნებული სტატიების გამო ემუქრებოდნენ. გაცილებით რთულ პირობებში უწევთ მუშაობა აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს. ელდარ ზეინალოვის- აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის - თქმით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 50-დან 2500 ევრომდე გაიზარდა ჯარიმა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მიღებულ გრანტებთან დაკავშირებული ინფორმაციის დაგვიანებისთვის აკისრებენ, თუმცა, ზეინალოვის თქმით, ცალკეულ შემთხვევებში საქმე ჟურნალისტთა და უფლებადამცველთა პატიმრობითაც სრულდება:
„2008 წელს უფლებადამცველთა წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო ნოვრუზ ალიმამედოვის, თალიშების - სპარსულენოვანი ეთნიკური უმცირესობის - წარმომადგენლის, საქმე. ალიმამედოვი გამოსცემდა უწყინარ გაზეთს, რომელშიც მცირე დოზით იბეჭდებოდა სტატიები თალიშ სპორტსმენებზე, ბიზნესმენებზე, თალიშთა ტრადიციებზე. ამ გაზეთის გამოცემისთვის ნოვრუზ ალიმამედოვს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის შეკვეთის შესრულებაში დასდეს ბრალი და ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.“

ელდარ ზეინალოვის თქმით, 2008 წელს ასევე ციხეში აღმოჩნდა საჰიბ თეიმუროვი, რომელიც არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში პოლიციის მონაწილეობას იკვლევდა და რომელიც პოლიციამ ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავა. 2008 წელი მძიმე იყო სომეხი უფლებადმცველებისთვისაც. არტაკ კირაკოსიანი, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ამბობს, რომ მასშტაბური დარღვევებით ჩატარებულმა არჩევნებმა და არჩევნების გამო გამართული მიტინგის დარბევამ, რომლის დროსაც ათი ადამიანი გარდაიცვალა, ღრმა კვალი დაამჩნია უფლებადამცავთა საქმიანობასაც: გამოაშკარავდა განუკითხაობა, რომელიც სასამართლო ხელისუფლებაში სუფევს და რომელიც ნებისმიერ პროცესს ფარსად აქცევს. არტაკ კირაკოსიანის თქმით, 2008 წელმა მშვიდობიანად ვერც ჟურნალისტებისთვის ჩაიარა. სამი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორს ედიკ ბაღდასარიანს:
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ პირად გამოწვევად მიიღო მომხდარი, პოლიციამ კი პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა საქმის გასახსნელად, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. მართლია, საქმე არ დაუხურავთ, მაგრამ არც დამნაშავეები დაუსჯიათ და არც შემკვეთები.“
არტაკ კირაკოსიანი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ვითარება წლიდან წლამდე უარესდება. მის ამ მოსაზრებას ქართველი და აზერბაიჯანელი კოლეგებიც იზიარებენ. ელდარ ზეინალოვის თქმით, აზერბაიჯანში ვითარებას ამძიმებს ნავთობით მდიდარი ქვეყნის ხელისუფლებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ლოიალობა, საქართველოსა და სომხეთში კი პოზიტიურ ძვრებს მტრის ხატი აფერხებს.
XS
SM
MD
LG