Accessibility links

logo-print
„აგვისტოს ომის წლისთავზე ცხინვალის რეგიონში ვითარება შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს“, - წერს გაზეთი ”რეზონანსი” 31 ივლისის ნომერში. სტატიაში ”ქართულ სამხედრო ფორმაში გადაცმულები პროვოკაციას გეგმავენ” ”რეზონანსი” რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე საუბრობს. ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, ოსური მხარე, შარშან ხელში ჩაგდებული ქართული სამხედრო ფორმებისა და იარაღის გამოყენებით, ომის წლისთავზე მორიგ დიდ პროვოკაციას გეგმავს. ”ჩემი ვარაუდით, ეს პროვოკაცია მოხდება ახალგორის რაიონის რომელიმე ოსურ სოფელში”, - აცხადებს არეშიძე.

”ვინ შეცვლის სუბარს” - ”რეზონანსი” ახალი სახალხო დამცველის თემას აგრძელებს. გიორგი ტუღუში პოლიტპატიმრების არსებობას საქართველოში ეჭვის თვალით უყურებს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს კი მამათმავლობის აკრძალვა სურს, - წერს გაზეთი. ”რატომღაც ყველა ამბობს, რომ პოლიტიკური მძევალი ვიქნები. ის, რომ ხელისუფლების კანდიდატი ვარ, არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის”, - აცხადებს გიორგი ტუღუში. ” ამ პოზიციაზე დასათანხმებლად ბიძგი სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის მოხსენებამ მომცა”, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

”რეზონანსი” ეხმიანება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ახალ ანგარიშს, რომელშიც ცალსახადაა აღნიშნული საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფაქტი. ვრცლად ამ ანგარიშის შესახებ მეოთხე გვერდზე წაიკითხავთ. ”ქართულ საზღვრისპირა სოფელს აზერბაიჯანი ეპატრონება”, - წერს გამოცემა. ”საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია აღარ აკონტროლებს”, - ვკითხულობთ 31 ივლისის ”რეზონანსში”.
”ცხინვალის რეგიონში სროლები განახლდა” - ამ თემით ხსნის დღევანდელ ნომერს გაზეთი ”ახალი თაობა” და, ”რეზონანსის” მსგავსად, ისიც მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს. მორიგი აგრესიის მიზეზი, წერს გაზეთი, შესაძლოა გახდეს ამერიკული მხარის განცხადებები საქართველოს სამხედრო დახმარების შესახებ, ასევე ევროკავშირის მისიისათვის მანდატის გაგრძელების ფაქტორი.

”ახალი თაობა” განაგრძობს მომავალ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარს და გთავაზობთ ინტერვიუს ”ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან ვეფხვაძესთან. ”მე უფრო გავხდები ჩინეთის იმპერატორი, ვიდრე სააკაშვილი მერაბიშვილს მოხსნის”, აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

”ახალი თაობა” წერს, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას ”დაიცავი საქართველო” მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. ლევან გაჩეჩილაძე მერობისათვის ბრძოლას არ აპირებს.
”დასჯის შიში” - ასეთია 31 ივლისის გაზეთ „24 საათის“ მთავარი სტატია, რომელშიც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ძირითად მომენტებზეა საუბარი. ”გაეროში დაცვაზე პასუხისმგებლობის პრინციპის განხილვისას, რომელიც, გენოციდისა და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის მექანიზმების შემუშავებას ითვალისწინებს, ამ იდეის წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთი, ირანი და სუდანი წავიდნენ” , - წერს გაზეთი.

სოფელ ნიქოზთან მომხდარ ინციდენტს გაზეთი „24 საათი“ მეორე გვერდს უთმობს.

წაიკითხავთ ლაშა ბუღაძის სვეტს ექსპერტებსა და ჟურნალისტებზე: ”სულ შვიდნი არიან.. ზოგი ხელისუფლებაზე დაქორწინებული, ზოგი ოპოზიციის მიერ გატაცებული. შვიდივეს ერთი და იგივე თვისება აქვს - ჯერ მოვლენა არ არის მომხდარი და უკვე მასზე აკეთებენ კომენტარს, ანალიზის პროცესს ვერ იტანენ.. როგორ მეცოდებიან ჟურნალისტი გოგონებიც”..

დღეს გამოვიდა გაზეთ ”ვერსიის” მორიგი ნომერი, რომელიც ქუთაისში მძღოლების აქციის შესახებ მოგვითხრობს - ”მიშა, გვიშველე - ქუთაისურად და 250 მძღოლის შედეგიანი მარშრუტი ქუთაისი-რიყე” - 29 ივლისს ქუთაისიდან თბილისისკენ 250-მდე ცარიელი ავტობუსის კოლონა დაიძრა, რომელსაც წინ მიხეილ სააკაშვილის გადიდებული სურათი მოუძღოდა, წარწერით ”მიშა, გვიშველე”. მძღოლები მორიგ სატრანსპორტო რეფორმას აპროტესტებდნენ, რაც მიკროავტობუსების ავტობუსებით ჩანაცვლებას ითვალისწინებდა. როგორ დასრულდა ეს უცნაური აქცია, „ვერსიის“ მეორე გვერდზე იხილავთ. „ვერსია“ ასევე ბეჭდავს ინტერვიუს ეროსი კიწმარიშვილთან, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს.

”ვერსია” ასევე მოგვითხრობს კიდევ ერთი ახალი მოძრაობის, „7 აგვისტოს“, დაფუძნების შესახებ. „7 ნოემბრისა“ და „9 აპრილის“ შემდეგ ეს მესამე, მსგავსი სახელის, მოძრაობაა. ამავე ნომრიდან გაიგებთ, გაამართლა თუ არა .ე.წ. სახალხო დაზღვევამ. სტატიას ამ თემაზე ”ვერსიის” მერვე გვერდზე წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG