Accessibility links

logo-print

რა კოლექციას ინახავს თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი შენობა?

  • ნინო როდონაია

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი უნიკალური კოლექციის მფლობელია. თავად კოლექცია თავმოყრილია სასახლეში, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ აშენდა, რამდენიმე ლეგენდაც უკავშირდება და დღეს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შენობადაა აღიარებული. მუზეუმში, რომლის ექსპონატები და თავად შენობაც, წლების განმავლობაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამჟამად რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

თბილისში, კარგარეთლის ქუჩაზე მდებარე ულამაზესი შენობა მე-19 საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის, აგრაფინა ჯაფარიძის, სახელს უკავშირდება. გადმოცემით, რომელსაც მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია გვიამბობს, სამეგრელოს თავადთა ოჯახის წარმომადგენლის, ტარიელ დადიანის, მეუღლის სილამაზით აღფრთოვანებულა გერმანელი პრინცი, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ნათესავი, კონსტანტინე ოლდენბურგი, რომელიც თბილისიდან ფოთამდე რკინიგზას აშენებდა. პრინცს ტარიელ დადიანისთვის მის მეუღლესთან ერთი ღამით დარჩენის სანაცვლოდ მილიონი ოქროს თუმანი შეუთავაზებია. თანხმობის შემდეგ აგრაფინა ჯაფარიძესთან მისული ოლდენბურგისთვის ულამაზეს და საკმაოდ ჭკვიან ქალბატონს უთქვამს: ფული ჩემს მეუღლეს გადაუხადე და მას მიაკითხეო. მაშინ გერმანელმა პრინცმა იკითხა, თუ რა უნდა გაეკეთებინა აგრაფინას გულის მოსაგებად, მან კი ამ სასახლის აშენება სთხოვა.

გადმოცემის თანახმად, სასახლე ექვს თვეში აუშენებიათ, მის პირველ სტუმრებს კი მთავარ დარბაზში შესვლისას კაბა და შარვალი აუკეცავთ, რადგან იატაკი ბროლის იყო და დარბაზის განათება წყლის ეფექტს ქმნიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ აგრაფინა ჯაფარიძე და კონსტანტინე ოლდენბურგი კისლოვოდსკში გაემგზავრნენ, სასახლეში კი ჯერ ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟი ანდრია დადიანი დასახლდა, შემდეგ კი - პრინცი მიურატი. სხვადასხვა ვერსიით, მოგვიანებით ამავე შენობაში პოლონეთის ან პრუსიის საკონსულოები მდებარეობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სასახლეში ბროლის იატაკი აყარეს, მოხატული კედლები შეღებეს, უნიკალური ჭაღები ჩამოხსნეს და შენობაში ყრუ-მუნჯთა სკოლა გახსნეს. სასახლის აშენებიდან საუკუნის შემდეგ იქ მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი განთავსდა და ამჟამად 150 ათასზე მეტ ექსპონატს ინახავს. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ხელნაწერთა ფონდია, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ქართველი ხელოვანის და მწერლის არქივია დაცული. ექსპონატებს შორისაა ჩაიკოვსკის, ან, გნებავთ, ფელინის ხელნაწერებიც. ხელნაწერთა ფონდის მცველი თამარ მაისურაძე ამბობს, რომ ყველა ექსპონატი უკვე დალაგებული და კატალოგებში აღრიცხულია. ფონდის მცველმა, რომელსაც მისთვის ყველაზე საყვარელი ექსპონატის ჩვენება ვთხოვე, წინ საკმაოდ დიდი ფორმატის ალბომი დამიდო - კოტე მარჯანიშვილის ხელნაწერები, რომელიც მისივე უნიკალური ნახატებითაა გაფორმებული. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი უკვე რამდენიმე თვეა მოწესრიგდა და ერთადერთი, რაც აკლია, ექსპონატების გადასარჩენად აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმია. ამას კი სჭირდება თანხა, რომელიც, მუზეუმისადმი კულტურის სამინისტროს ყურადღებისა და ბიუჯეტის გაზრდის მიუხედავად, ჯერჯერობით არ არსებობს. დაზიანებულია მუზეუმში დაცული უნიკალური გრაფიკული და ფერწერული ტილოებიც. მათ აღდგენაზე საკუთარი საშუალებებით მუშაობს სარესტავრაციო ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირინა დუდაური. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, როდესაც ხედავ, რა მდგომარეობაშია მართლაც საოცარი ნამუშევრები, მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა შესაბამისი პირობები, ელემენტარულს მაინც გააკეთებ. საუბრის დაწყებამდე ირინა დუდაური ერთ-ერთ ექსპონატს წმენდდა - მამაკაცის პორტრეტს, წიგნით ხელში. ამ ნახატს, როგორც მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ამბობს, კონკრეტული ადგილისთვის ამზადებენ - კერძოდ, სამკითხველოსთვის, რომელიც კომპანია „ჯეოსელის“ დახმარებით იქმნება. მომავალ ბიბლიოთეკაში მისულ მეცნიერებს დადიანებისა და ოლდენბურგების დროინდელი რარიტეტული გამოცემები დახვდებათ. განსხვავებით სამკითხველო დარბაზისგან, რომელიც მხოლოდ ახლა იქმნება, მუზეუმში საგამოფენო დარბაზი უკვე გახსნილია. მის კედლებზე ახვლედიანის, კაკაბაძის, ოცხელის, გუდიაშვილის, ზდანევიჩის, ბენუას, ბაქსტის და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, მე-16 საუკუნის სპარსული მინიატურები და უნიკალური ფრანგული გრავიურებია. დარბაზში გამოფენილია ჩაიკოვსკის და შოსტაკოვიჩის ხელნაწერები, აკაკი წერეთლის უცხოეთის პასპორტი, რომელშიც 10 მანეთი გადაუხდია, ვაჟა-ფშაველას და ოლივერ ოურდროპის ხელნაწერები, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემა, საქართველოს ბოლო დედოფლის, მარიამის, ბიბლია, ერეკლე მეფის სათამაშო ცხენი, დიმიტრი არაყიშვილის ოქროს საათი, სუმბათაშვილ-იუჟინის ვერცხლის გვირგვინები, შალვა დადიანის თურქული ხმალი და ა.შ. დარბაზში გამოფენილი ეს ექსპონატები, როგორც გიორგი კალანდია ამბობს, მუზეუმის უნიკალური კოლექციის მხოლოდ უმცირესი ნაწილია. განსაკუთრებით საამაყო ექსპონატებს შორის დიმიტრი ყიფიანის დღემდე შემორჩენილი ორად ორი ნივთიცაა - ვერცხლის ჭიქა და სამოგზაუროდ განკუთვნილი ყუთი. მემორიალური და ხელოვნების ნიმუშთა მცველი მაია ნაგლაძე დიმიტრი ყიფიანის ნივთების და მისი, როგორც მსახიობის, თეატრალური კრიტიკოსის, პიესების ავტორის და მთარგმნელის დღემდე უცნობი ამპლუის შესახებ ამჟამად მოხსენებას ამზადებს. მემორიალური და ხელოვნების ნიმუშთა ფონდის შემდეგ, სადაც კინოს, ქორეოგრაფიისა და ოპერისთვის შექმნილი უნიკალური კოსტიუმები და სამკაულებიც ინახება, ფოტო და ნეგატივების განყოფილებაში გადავინაცვლეთ. სწორედ აქ არის დაცული სხვადასხვა პერიოდის ათასობით უნიკალური ფოტო და ნეგატივი, ფილმებისა და სპექტაკლების ჩანაწერები, 6 ათასამდე გრამფირფიტა და ხალხური სიმღერის ყველაზე ძველი ნიმუშები, რომელსაც დიმიტრი არაყიშვილი ცვილის ლილვაკებზე წერდა. განყოფილების გამგე მარინა გოძიაშვილი კიდევ ერთ უნიკალურ ექსპონატად მიიჩნევს სანდრო ახმეტელის დროინდელ მინის ნეგატივებს, რომელიც საბჭოთა რეპრესიას გადაურჩა და დღემდე დაუზიანებელია. მუზეუმის კოლექციაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება - მაგალითად, იაკობ ნიკოლაძის ქანდაკებებსა და დავით კაკაბაძის თეატრალურ მაკეტებზე. როგორც ექსპონატებს, ასევე მუზეუმის შენობას რესტავრაცია და შემდეგ შესაბამისად მოვლა სჭირდება. საამისოდ მუზეუმში უდიდესი სურვილი და მზადყოფნა არსებობს და თუკი დაფინანსების ალტერნატიული საშუალებებიც გამოჩნდება, როგორც მისი დირექტორი ამბობს, მუზეუმის „ქართულ ლუვრად“ გადაქცევაა შესაძლებელი. „ალბათ, ძალიან ამბიციურია, მაგრამ ამის შესაძლებლობას იძლევა მისი არქიტექტურა, საგანძური და ისტორია, რომელიც ამ სასახლეს უკავშირდება. იდეალურ მუზეუმს რაც უნდა ჰქონდეს, ყველაფერი აქვს“ , - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კალანდიამ.
XS
SM
MD
LG