Accessibility links

სოფტვერის სფეროს გიგანტმა “Microsoft”-მა და საინტერნეტო საძიებო პორტალმა “Yahoo!”-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, “Yahoo!” თავის ვებსაიტზე ათი წლის მანძილზე გამოიყენებს “Microsoft”-ის ახალ საძიებო პროგრამა “Bing”-ს. თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ორი კომპანია გეგმავს, მაშინ “Yahoo!” წელიწადში დამატებით 500 მილიონ დოლარ მოგებას ნახავს და თანაც დაზოგავს წელიწადში 200 მილიონ დოლარს, რაც საკუთარი საძიებო ტექნოლოგიისთვის უნდა გაეღო. შეუქმნის თუ არა ამ ორი კომპანიის თანამშრომლობა საფრთხეს საძიებო სისტემის ლიდერს, “Google”-ს?

“Microsoft”-ის მიერ 29 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში კომპანიის ხელმძღვანელმა სტივ ბალმერმა განაცხადა, რომ “Yahoo!”-სთან შეთანხმება მოემსახურება უკეთესი არჩევანის, ღირებულებისა და მეტი სიახლის შექმნას საძიებო სფეროში:

"საძიებო სისტემა დღეს არის გზა ინტერნეტში არსებული მთელი ინფორმაციისა და ცოდნისკენ. ონლაინ რეკლამა კი საინტერნეტო შინაარსისა და კომერციის მამოძრავებელი ძალაა. ამჟამად მსოფლიოში ერთი კომპანია დომინირებს ძიებისა და ონლაინ რეკლამის სფეროში. პარტნიორობა, რომელსაც დღეს ვაცხადებთ, ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი მეორე ნომრის შექმნას და საძიებო სფეროში კონკურენციის გაძლიერებას."

"უფრო ძლიერი მეორე ნომერია” ის, რაც “Microsoft”-ს სურს. ამჟამად “Yahoo!”-ს საძიებო სისტემა ბევრად ჩამორჩება “Googl”-ისას. “Bing”-ი კი მესამე ადგილზეა. ზოგიერთი შეფასებით, “Google”-ს საძიებო ბაზრის 75 პროცენტი უპყრია.

შეძლებს თუ არა “Microsoft”-ი “Googl”-ის სამფლობელოში შეჭრას? კომპიუტერული ტექნოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალის, PCMagazine.com-ის მთავარი რედაქტორი, ლენს ულანოვი ფიქრობს, რომ შეძლებს. მისი თქმით, “Bing”-ი უკეთაა ორგანიზებული და უფრო ღრმა ძიების საშუალებას აძლევს მომხმარებელს.

"Bing”-ი არის უფრო ეფექტიანი საძიებო პროგრამა. “Google”-ს შეიძლება უფრო მდიდარი მონაცემთა ბანკი ჰქონდეს, უფრო მდიდარი ინდექსი, და შეიძლება პოულობდეს საიტებს, რომლებსაც ჩვეულებრივ სხვაგან ვერსად იპოვით. მაგრამ ის სათანადოდ კარგად არ არის ორგანიზებული. ვფიქრობ, “Bing”-მა ამ სფეროში უზარმაზარი შრომა გასწია. ის ძალზე დახვეწილია. ეს არის დახვეწილი ძიება. ასე რომ “Yahoo!”-ს მთავარ გვერდზე ვინც შევა, რამე მნიშვნელოვანს კი არ დაკარგავს იმით, რომ საძიებო სისტემა ახლა “Bing”-ია. პირიქით, ის მოიგებს," ამბობს ულანოვი.

მაგრამ ზოგი სპეციალისტისთვის ორი კომპანიის საერთო პროდუქტის წარმატება ეჭვებს ბადებს. მათ შორისაა იმავე PCMagazine.com-ის ერთ-ერთი ავტორი, ჯონ დვორაკი, რომელსაც ჩვენი რადიო სან ფრანცისკოში დაუკავშირდა:

"უცნაური ვითარება იქმნება, ვინაიდან ასე აღვწერდი მას: 'ერთს პლუს ერთი უდრის ერთნახევარს'. ფაქტობრივად, ეს ასუსტებს ორივე პროდუქტს. ვფიქრობ, “Microsoft”-ის ფინანსური მაჩვენებლები ამით სულაც არ გაუმჯობესდება. “Yahoo!”-ს მაჩვენებლები კი შეიძლება დაეცეს კიდეც. კომპანია, რომელიც ცოტა მოგებას ნახავს, არის “Microsoft”-ი, მაგრამ ეს გარიგება ვერცერთს ვერ დაეხმარება “Google”-თან შედარებით მდგომარეობის გაუმჯობესებაში.”

დვორაკის თქმით, “Google”-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მას კონკურენტებთან შედარებით ბევრად უფრო მეტი საძიებო პროგრამა აქვს, რაც ბევრად მეტი საიტის პოვნის საშულებას იძლევა.

“Microsoft”-ისა და “Yahoo!”-ს ახალ პროდუქტზე სპეციალისტები ალბათ დიდხანს იდავებენ. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ანტიმონოპოლისტურ უწყებაზე, რომლის ამოცანაა, გაარკვიოს, ხომ არ შეუშლის ეს გარიგება ხელს კონკურენციის განვითარებას.

ხელისუფლების ნებართვის შემთხვევაში ორი კომპანია მომავალი წლის დამდეგს გეგმავს ახალი საძიებო სისტემის ამოქმედებას.
XS
SM
MD
LG