Accessibility links

სტამბოლში მშვიდობის კინოფესტივალის მესვეურები შეიკრიბნენ


აია სოფიის მეჩეთი სტამბოლში

აია სოფიის მეჩეთი სტამბოლში

გასულ კვირაში სტამბოლში დასრულდა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის კინოფესტივალის ორგანიზატორთა შეხვედრა, რომელზეც, წესით, მხოლოდ მშვიდობის თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმები უნდა არჩეულიყო და დადგენილიყო კინოფესტივალის გრაფიკი - სამხრეთ კავკასიის რომელ რეგიონებში, როდის და როგორ მოეწყობა ფესტივალი... მაგრამ შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულტურული პროექტის გენერალური რეპეტიცია. შარშანდელი აგვისტოს მოვლენების შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ კინოფესტივალის ორგანიზატორები ცხინვალიდან, სოხუმიდან, ქუთაისიდან, გორიდან, სტეფანაკერტიდან, ბაქოდან, ერევნიდან - ოცდაათამდე ორგანიზატორმა, რომელთა უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრია, ერთად ნახა მშვიდობის თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმები, იმსჯელა ამ ფილმებზე და არამარტო ფილმებზე... ფსიქოლოგმა და კონფლიქტოლოგმა ქეთევან ხაფავამ, რომელიც ამ დისკუსიებს უძღვებოდა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წინასწარ იცოდა - ორგანიზატორებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც გასული წლის აგვისტოში ძმები, ბიძაშვილები დაეღუპათ ომში, მაგრამ აქ, სტამბოლში, ოსებიც, აფხაზებიც, ქართველებიც მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის იდეით ჩამოვიდნენ.

ხვალინდელი დღის, როგორც მშვიდობიანი დღის, იმედი არის მთავარი, რაც ამ ხალხს აერთიანებს. თუმცა ეთნიკური ოსებიც, აფხაზებიც, ქართველებიც ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმედი არაფრის მომტანია, თუკი არ იქნება ძალისხმევა და ბრძოლა მშვიდობისთვის. შეხვედრების დროს მშვიდობის ფესტივალის ორგანიზატორებმა დაფაზე ჩამოწერეს ის, რაც მათ აერთიანებთ, რაც ერთნაირად უყვართ და ერთნაირად სძულთ... უფრო სწორად, ”ჩამოწერა დაიწყეს”, მაგრამ ცოტა ხანში მიხვდნენ, რომ ამ გრძნობებს ვერც ერთი დაფა ვერ დაიტევს - ბევრი რამ აერთიანებთ ადამიანებს და, ამ შემთხვევაში, სამხრეთკავკასიელებს, რასაც ჩვენთან საუბარში ფსიქოლოგი ქეთევან ხაფავაც ადასტურებს:

”შეუძლებელია ერთი პლაკატი გგქონდეს, ერთი და იგივე ფილმები აჩვენო და ხედვა არ გქონდეს ერთიანი.- ”მშვიდობის შენება” - ეს ძალიან ზოგადი ტერმინია. მთავარია, რას ხედავს თითოეული ამაში. ძირითადი, რაზეც შეთანხმდნენ - ესაა თვალსაწიერის, ხედვების ჩარჩოს გაზრდა თავიანთი აუდიტორიისთვის. მთავარია, რომ არც ილუზიები აქვს არავის, რომ ამ ერთი ფესტივალით შეიძლება მსოფლიო გადარჩეს და დამყარდეს საყოველთაო მშვიდობა.”

სამხრეთ კავკასიის მშვიდობის ფესტივალის ორგანიზატორთა ამ შეხვედრაზე, რომელსაც შეგვიძლია კონფერენციაც ვუწოდოთ, ურთიერთობების გარკვევაზე ყველამ უარი თქვა. არსებითად, არასამთავრობო სექტორი სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ არც ისე ძლიერია, რომ მნიშვნელოვნად განსაზღვროს პოლიტიკოსების -განსაკუთრებით ხელისუფლების - ქმედება... თუმცა პირად საუბრებში ეს ადამიანები გულდაწყვეტით აღნიშნავდნენ, რომ მაინც ვერ შეძლეს შეეჩერებინათ სისხლისღვრა გასული წლის აგვისტოში. საინტერესოა, რომ წლევანდელ ფესტივალზე ყველაზე მეტი განაცხადი ცხინვალის რეგიონიდან შემოვიდა - ე.ი. 2009 წლის მშვიდობის კინოფესტივალი ყველაზე მასშტაბურად ცხინვალში, ჯავაში აღინიშნება. რატომ მოხდა ასე? - ვკითხეთ ქალბატონ ლირა ცხოვრებოვას, ცხინვალელ ადამიანის უფლებათა დამცველს, რომელიც მშვიდობის ფესტივალის, ”მე - ადამიანის” , საბჭოს წევრია. ლირა ცხოვრებოვამ ასე გვიპასუხა:

”მე ვფიქრობ, სამხრეთ ოსეთში შედგენილი განაცხადები განაპირობა იმან, რომ სამხრეთ ოსეთში ხალხი განსაკუთრებით მოითხოვს მშვიდობას და სისხლისღვრის შეწყვეტას. 20 წელია ვცხოვრობთ შიშის, სისხლისღვრის, უნდობლობის ატმოსფეროში, რაც, ბუნებრივია, უკეთესს არ ხდის ჩვენს ცხოვრებას. განაცხადების ავტორებს შორის არიან ადამიანები, რომლებმაც აგვისტოში ახლობლები დაკარგეს. სწორედ ეს ადამიანები - ისინი, ვინც, წესით, შურისძიებაზე უნდა ოცნებობდნენ, -დღეს ამბობენ: ”საკმარისია!”

ლირა ცხოვრებოვაც კონფლიქტის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებად იმის გახსენებას მიიჩნევს, რაც საერთო აქვთ სამხრეთ კავკასიის ხალხებს. ვფიქრობ, მშვიდობაზე ერთნაირად ოცნებობენ სტეფანაკერტშიც, ცხინვალშიც და თბილისშიც, - ამბობს ლირა ცხოვრებოვა ჩვენთან საუბარში... თუმცა ცხინვალელი ადამიანის უფლებათა დამცველი აღიარებს, რომ კინოფესტივალის ორგანიზატორებს წინ რთული სამუშაო ელით - ყარაბახში, ჯავაში, სოხუმში ვიღაცები შეიძლება გააღიზიანოს კინომ, რომელიც გუშინდელ მტერთან შერიგებისკენ, მეზობლებთან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ მოუწოდებს. ლირა ცხოვრებოვას თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია როგორ წარადგენს მშვიდობის თემაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ფესტივალის ორგანიზატორი.

სტამბოლის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მშვიდობის ფესტივალის დროს დოკუმენტური ფილმების ჩვენებას და განხილვას დაესწრებიან ფსიქოლოგები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები მეზობელი რეგიონებიდან. უწინ ეს პრობლემა იყო. წელს უკვე შესაძლებელი ხდება - გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა გაემგზავრონ სომხეთში და დისკუსიებში მიიღონ მონაწილეობა. მშვიდობის კინოფესტივალის საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, სოხუმელმა ალხას ტხაგუშევმა, რომელიც, სხვათა შორის, 1992-93 წლების ომის ვეტერანია, თავად გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის ფესტივალის ღონისძიებებში ერთი თვის შემდეგ, წყალტუბოში. ვინ იცის, იქნებ ცოტა ხანში შესაძლებელი გახდეს სამხრეთკავკასიელი მშვიდობის დამცველების ეს შეხვედრები გაიმართოს არა, ასე ვთქვათ, ”ნეიტრალურ ტერიტორიაზე”, სტამბოლში, არამედ თავად სამხრეთ კავკასიაში - თბილისში, მაგალითად...
XS
SM
MD
LG