Accessibility links

logo-print

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლში "საზღვრის" შეცვლა გადაიფიქრეს - რამდენი ხნით?


რუსი სამხედროების აზრით, აქ უნდა გავლებულიყო "საზღვარი"

რუსი სამხედროების აზრით, აქ უნდა გავლებულიყო "საზღვარი"

დღეს დილით, 10 საათისთვის რუსი ჯარისკაცები კვლავ გამოჩნდნენ გორის რაიონის სოფელ ქვეშში, თავადვე ამოიღეს სოფლის განაპირას წინა დღით ჩასმული "სასაზღვრო ბოძები" და მეზობელ ოსურ სოფელ არცევში დაბრუნდნენ. საოკუპაციო ძალების სამხედროები ქვეშში ორი დღის წინ ჩავიდნენ, მელაძეების სახლთან ორმოები ამოთხარეს და ჩასვეს ბოძები, რომელზეც მავთულხლართების გაბმას აპირებდნენ. მელაძეების სახლი სოფლის მიღმა დარჩა. ოჯახის დიასახლისი მარგალიტა მელაძე ჰყვება, რომ ავტომატიანი რუსი ჯარისკაცების გამოჩენამ ყევლაზე მატად ბავშვები შეაშინა. მელაძეების მახლობლად ტარიელ ელიზბარაშვილის შერეული, ქართულ-ოსური ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ესაუბრა რუს ოფიცერს, რომელმაც საბჭოთა რუკის მიხედვით, გორის რაიონის სოფელ ქვეშის ნაწილი სამხრეთ ოსეთს მიაკუთვნა. ამ ფაქტის შესახებ ელიზბარაშვილმა ქართველ სამართალდამცველებს აცნობა, მათ კი, თავის მხრივ, ევროკავშირის მეთვალყურეებს შეატყობინეს.

მარგალიტა მელაძე
ევროკავშირის მისიამ კვირას დაადასტურა, რომ არცევიდან ქვეშის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა 500 მეტრით გადმოინაცვლეს და ადგილობრივ მოსახლეობას და ხელისუფლებას ვითარების გამოსწორებას დაჰპირდა. ტარიელ ელიზბარაშვილი ჰყვება, რომ დღეს დილით რუსი ჯარისკაცები თან მათ მიერ დატოვებულ ბოძებს იღებდნენ და თან ერთმანეთს ლანძღავდნენ. საგულისხმოა, რომ დღეს ცხინვალის საინფორმაციო საშუალებებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი მესაზღვრეების სარდლობამ სოფელ ქვეშის მიმართულებით "საზღვრის" გადაწევის მცდელობის ფაქტი უარყო.

გორის რაიონის სოფელ ქვეშში რუსი ოკუპანტების მიერ "საზღვრის" გადმოწევის მცდელობას გუშინვე, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება. დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა, თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტებისა და მარიონეტული რეჟიმის მხრიდან საზღვრის შეცვლის მცდელობები კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას. ნალბანდოვმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროცესის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს დიპლომატიური არხებით.

ტარიელ ელიზბარაშვილი
შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა ზნაურის რაიონიდან ახალგორის რაიონის ჩათვლით დე-ფაქტო საზღვრის გავლება და ე.წ. სასაზღვრო კარვების ქალაქების მშენებლობა დაიწყეს. ოკუპირებული ცხინვალის რაიონის გარდა, მათ გორის რაიონში ნიქოზის, ერგნეთის, ზემო ხვითის, გუგუტიანთკარის და ზარდიანთკარის მიწის ნაკვეთებიც მიიტაცეს.
XS
SM
MD
LG