Accessibility links

logo-print

პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ კრიმინალი: ამირან ბიწაძეს ტვინის შეშუპება დაუდგინდა


ამირან ბიწაძე

ამირან ბიწაძე

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კარატეში და, ამავე დროს, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მხარდამჭერი ამირან ბიწაძე ცხვარიჭამიის გზიდან ათზე მეტმა ნიღბიანმა მაშინ გაიტაცა, როდესაც მას, თავის მეგობარ დავით ბენდელიანთან ერთად, სოფელში სახლის მოსაპირკეთებლად საჭირო ქვიშა მიჰქონდა. ნაცემი ბენდელიანი ადგილზე დატოვეს, ბიწაძე გაიტაცეს, ავტომობილი დაულეწეს და მასაც სასტიკად სცემეს. ის ახლა ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, მრავლობითი მოტეხილობები და ტვინის შეშუპება დაუდგინდა. ცემის ფაქტს ამირან ბიწაძეც და მისი თანაპარტიელებიც მის პოლიტიკურ სიმპათიებს უკავშირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.

ამირან ბიწაძის ცემის ამბავი ბოლო ათი დღის განმავლობაში ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მხარდამჭერებთან ანგარიშსწორების უკვე მეხუთე ფაქტია. შსს-ში აცხადებენ, რომ მათთვის არავის მიუმართავს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე მაინც აღძრულია. მსოფლიო ჩემპიონი კარატეში ამირან ბიწაძე ცხვარიჭამიის გზიდან 2 აგვისტოს დილით გაიტაცეს. ბიწაძის ავტომობილს, რომელშიც ის მეგობარ დათო ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა, გზა მიკროავტობუსმა, ორმა ჯიპმა და ერთმა ნივამ გადაუჭრა.ბიწაძე და ბენდელიანი ნიღბიანმა პირებმა ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, ბენდელიანს სასტიკად სცემეს, ხოლო ბიწაძე გაიტაცეს. მოგვიანებით ნაცემი ბიწაძე დიღომში, ე.წ. კოტრიკაძის ავტოგასამართ სადგურთან, იპოვეს. ის ამ წუთამდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. ექიმებმა მას სხვა მრავლობით დაზიანებებთან ერთად ტვინის შეშუპება დაუდგინეს, თუმცა კომენტარს მედიისათვის, გაურკვეველი მიზეზებით, არც ერთი ექიმი არ აკეთებდა: ”ჭრილობები აქვს ძალიან ღრმა და საშინელი, რაც გადახვევის დროს ვნახე, ფეხი და ხელი მოტეხილი აქვს.”

ამირანის მეუღლეს, ხათუნა ბიძაწეს, საავადმყოფოში დავუკავშირდით. ვესაუბრეთ ოდნავ მომჯობინებულ ამირან ბიწაძესაც, რომელმაც თავად გვიამბო, რაც მოხდა:

”მე ავტომობილის მისაბმელი მქონდა ქვიშით დატვირთული. სოფელში სახლს ვაპირკეთებ და იქ მივდიოდი, სწრაფი სიარულის საშუალებაც არ იყო. ამოვარდნენ, ჯერ მესროლეს, მერე ”არმატურები” დამცხეს. თავიდან ჯერ ელექტროშოკი გამოიყენეს და რეზინის ტყვიები. თავიდან 15 კაცი იქნებოდა და შემდეგ, ზემოთ რომ ამიყვანეს, იქ მეტნი იქნებოდნენ. ყველა მირტყამდა. აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, რადგან თავისი საქმე უნდა გაეკეთებინათ.”

ამირან ბიწაძე ამბობს, თავი რომ დამეცვა, ალბათ, მომკლავდნენ, ამიტომ ხელიც არ გამინძრევიაო. ერთადერთი, რასაც აგრესიულ თავდამსხმელებს სთხოვდა, ის იყო, ეთქვათ, რატომ უსწორდებოდნენ ასე:

”საშინლად აგრესიულები იყვნენ. ვკითხე კიდეც, რატომ ხართ ასე, ელექტროშოკით რატომ მაწამებთ, მესროლეთ და მომკალით-მეთქი. შენ რომ ხალხს სცემდი მიტინგებზეო, ეგ მითხრეს და... კაცისთვის ხელი არ დამიდვია, პირიქით, პატრულს ვაჩერებდი, რომ ხალხი არ ეცემათ.”

როდესაც გონს მოეგო, წყურვილის გრძნობა აწუხებდა, სისუსტისგან ვერც ყვიროდა. გაჭირვებით მივიდა მანქანამდე. საბოლოოდ, ვიღაცამ შეამჩნია და უშველა.

პირველივე კითხვა, რაც გაჩნდა, იყო: რატომ? შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო სხვა მიზეზი ასეთი ანგარისწორებისათვის, პოლიტიკურის გარდა:

”მე მტერი, არა მგონია, მყავდეს, არაპოლიტიკური. არც მევალე მყავს და ასეთი გაშმაგებული ხალხი, არ ვიცი, საიდან მოვიდა. სხვა მოტივი, არა მგონია, იყოს, პოლიტიკურის გარდა.”

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ საორგანიზაციო მდივანი რომან კუსიანი გვეუბნება, რომ რეზინის ტყვიებსაც რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციის მხარდამჭერებთან ანგარიშსწორების ფაქტებს ერთი ხელწერა აქვს. საკითხავი აქ ის არის, როგორ ხდება, რომ რამდენიმე მანქანით ნიღბიანი ადამიანები ასე თავისუფლად გადაადგილდებიან, შემდეგ ვიღაცას უსწორდებიან და არც ერთი საქმე ბოლომდე არ მიდის:

”დღისით, მზისით, თუ ხელისუფლებისგან არ არიან ეს ჯგუფები ხელდასხმული, ისინი ნამდვილად ვერ მოახერხებენ ქალაქში ასე თავისუფლად გადაადგილებას.”

რომან კუსიანის ინფორმაციით, 11 დღის წინ პარტიის კოორდინატორს დავით ჯანიბეგაშვილს ნიღბიანები სახლში ესტუმრნენ, გარეთ გაიყვანეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ, თუმცა მეზობლების გამოჩენისა და წინააღმდეგობის შემდეგ თავი დაანებეს. ამ ამბავზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა, როგორც რომან კუსიანი გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ავტომობილის ნომრები, რითიც ნიღბიანები ჯანიბეგაშვილს ესტუმრნენ, ამ წუთამდე არავინ იცის, როგორ მიდის გამოძიება.

პირველ აგვისტოს პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არჩილ რეხვიაშვილი, ოთხმა სამხედროფორმიანმა პირმა გაიტაცა. სამ საათზე მეტი დროის შემდეგ ნაცემი ბაზალეთზე ჩამოაგდეს. შეუკრეს ხელ-ფეხი, დაემუქრნენ, წაართვეს ავტომობილის გასაღები და მისი ავტომობილი ამ დრომდე არ ჩანს. პატრული ადგილზე ხუთ წუთში მივიდა, მაგრამ ვერ მოხერხდა ამ მანქანების გადაადგილების ამოცნობა. გამოძიების დეტალები არავისთვის ცნობილი არ არის.

ბურჯანაძის პარტიის კიდევ ერთი წევრი კი, ვახტანგ ყოლბაია, ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური აქტივისტების დასაშინებლად ზაფხულის პასიური პერიოდი შეარჩია, რომ მედიის მხრიდანაც მსგავს ფაქტებზე ყურადღება ნაკლები იყოს. მისი შეფასებით, არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი:

” ამ ყველაფრის მიზეზი არის ხალხის გამოთიშვა მოსალოდნელი საპროტესტო აქციებიდან შემოდგომის დასაწყისში. ფაქტია ისიც, რომ ასეთ ხალხს, როგორიც ბიწაძეა, შეუძლია საზოგადოების აყოლიება და გავლენის მოხდენა. და კიდევ მიზეზი ის არის, რომ დაანახვონ ხალხს, რომ ამირან ბიწაძეს და სხვა აქტივისტებს მსგავს რამეებს უკეთებენ და ეს რეაგირების გარეშე რჩება. ეს ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს მოსახლეობაზე.”

ყოლბაიას თქმით, თუ სამართალდამცველები ერთ მსგავს საქმეს მაინც გამოიძიებენ და დაგროვილ კითხვებს პასუხს გასცემენ, თუ საზოგადოებას ეცოდინება, ვინ იმალება ნიღბების ქვეშ და დამტკიცდება, რომ მათი ვარაუდი პოლიტიკური ანგარიშსწორების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, ოპოზიციას ბოდიშის მოხდა არ გაუჭირდება.
XS
SM
MD
LG