Accessibility links

logo-print
”კვირის პალიტრა” აქვეყნებს ინტერვიუს თავდაცვის ყოფილ მინისტრ გენერალ გია ყარყარაშვილთან. ის შენიშნავს, რომ არც საპარლამენტო კომისიის მუშაობისას და არც მის შემდეგ არ შემდგარა დებატები, რომელიც გასული წლის ომის დროს დაშვებული შეცდომების გაანალიზების საშუალებას მისცემდა საზოგადოებას. ”სამხედრო გამოცდილებამ უკვე დაგვანახვა, რომ ომის განმეორების შემთხვევაში შეტევითი ხასიათის სამხედრო ოპერაციებს უნდა ველოდოთ. უნდა წარმოვიდგინოთ მოწინააღმდეგის დარტყმის მიმართულებები. ამისათვის რა სახეობის ჯარს გამოიყენებენ, რა შეიარაღება ექნება მას, რომელ შენაერთს დაეკისრება დომინანტური როლი. ამიტომაც ხელისუფლებას ვთავაზობ წინადადებას, რომ მზად ვარ გადამდგარ ოფიცრებთან, გენერლებთან ერთად, რომლებსაც აფხაზეთის ომის გამოცდილება აქვთ, მონაწილეობა მივიღო ისეთ სამხედრო სამეთაურო-სასწავლო თამაშში, სადაც ერთ მხარეს წარმოდგენილი იქნება სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხოლო მეორე მხარეს ომგამოვლილი ოფიცრები მოწინააღმდეგის სავარაუდო მოქმედებების ინსცენირებას მოახდენენ”, - ამბობს გია ყარყარაშვილი.

ომის დაწყების წლისთავის დადგომასთან ერთად პრესაში კვლავ აქტუალური გახდა გორის ცენტრში სტალინის ძეგლის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ”24 საათის” ავტორი ვრცელ წერილს უძღვნის ძეგლის მოხსნისა და დატოვების მომხრეთა არგუმენტებს. სტატია, სათაურით ”ჩამოკვარცხლბეკდი, სოსელო!..” ასე სრულდება: ”ვიღაცამ თქვა, სტალინის ძეგლის გადატანა საზოგადოებაში დაპირისპირებას შეიტანსო. შესაძლებელია, ასეც იყოს, მაგრამ ამ დაპირისპირებიდან გამოჩნდება, რამდენად ღირსნი ვართ გაცხადებული არჩევანისა. მთავარია, სახელმწიფოს ეყოს ჯიგარი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან სტალინის ძეგლი გორში იგივეა, რაც ჰიტლერის ძეგლი იერუსალიმში.”

ამავე თემაზე ამავე სიტყვებით გამოხატავს თავის პოზიციას ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი თეა თუთბერიძე: ”არა მარტო ძეგლია გორის ცენტრიდან ასაღები, არამედ მთელი აზროვნებაა შესაცვლელი. სტალინის ძეგლი გორში იგივეა, რაც ჰიტლერის ძეგლი იერუსალიმში. ეს ხომ წარმოუდგენელია?! ასე იოლად არ უნდა შევეგუოთ გრიშა ონიანის მიერ ქალაქის ცენტრში თავს ძალით მოხვეულ სტალინს.”

”მთელი კვირა” წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, 2011 წელს დაინიშნოს. ამავე გაზეთის ავტორი, ”კულუარულ” ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ მმართველ გუნდში საპარლამენტო არჩევნების 2011 წელს დანიშვნაზეც საუბრობენ. ამავე სტატიის მიხედვით, მმართველი ძალის საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძე განიხილება. ”მთელ კვირაშივე” წაიკითხავთ ვრცელ ინტერვიუს ”უცნობთან”, რომელიც ამბობს: ”მე მივმართავ უცხოელებს, თუ ადამიანების კარგად ყოფნა გინდათ, თუ სიკეთე გინდათ, უნდა გააკეთოთ ისეთი შეფასებები და გზავნილები თქვენს ქვეყნებში, რაც სინამდვილეში ქვეყანაშია”. ამავე გაზეთში პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”სააკაშვილი აუცილებლად დათმობს, თუ იქნება ძალიან კარგად გამართული სტრატეგია. არ შეიძლება გახდე შენი იდეების მძევალი, თუ ეს იდეა უკვე ამუხრუჭებს. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის დიალოგზე წამოყვანა შეუძლებელია, საჭიროა მუდმივად მის მოედანზე თამაში. ხომ შესთავაზა სალომე ზურაბიშვილმა, გავხდები მინისტრის მოადგილეო? ხომ შესთავაზა გუგული მაღრაძემ? სადაა? ხომ მოუწიათ თავიანთი გადაფურთხებულის ალოკვა?”

ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა კი ”კვირის ქრონიკას” უზიარებს მოსაზრებებს. ეკონომიკურ საკითხებზე საუბრის გარდა, პაპავა ოპოზიციას აძლევს რჩევას. ის ფიქრობს, რომ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს პარლამენტში დაბრუნებაზე, ყველა სამინისტროში მოადგილის თანამდებობა მოითხოვოს, რითაც სააკაშვილს ”საქმეს გაურთულებენ”. ”ჯერ ერთი, ამას დასავლეთი მოიწონებს და მეორეც - საკმაოდ ეფექტურ ტრიბუნას ჩაიგდებენ ხელში. თქვენ წარმოგიდგენიათ, ოცი კარგად მოლაპარაკე ოპოზიციონერი რა დღეში ჩააგდებს სააკაშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან? მოითხოვონ არა მხოლოდ ადგილები სამინისტროებში, არამედ ვიცე-პრემიერის პოსტიც”, - ამბობს პაპავა და ამის პარალელურად ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს.

”კვირის ქრონიკა” მომავალ სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშთან ინტერვიუსაც აქვეყნებს. ტუღუში აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ოფისის ყველა თანამშრომელს არ დაითხოვს, თუმცა ცვლილებები იქნება: ”ვიცნობ უმეტესობას და ვიცი ეს ხალხი როგორ მუშაობს. ცხადია, მე გუნდი არ მყავს, მაგრამ მომიწევს აპარატის გაძლიერება და რამდენიმე ახალი ადამიანის მიყვანა”, - აცხადებს გიორგი ტუღუში.

ახლანდელი სახალხო დამცველის - სოზარ სუბარის - საქმიანობის შეფასებას ეძღვნება უმრავლესობის დეპუტატ კობა ხაბაზთან ინტერვიუს უდიდესი ნაწილი. მას ”ახალი თაობის” კორესპონდენი ესაუბრა. ხაბაზი სუბარს აკრიტიკებს და დარწმუნებულია, რომ ტუღუში ”ოპტიმალური კანდიდატურა” იქნება. ამავე ინტერვიუში კობა ხაბაზი ”ღრმა დარწმუნებას” გამოთქვამს იმის შესახებ, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს.
XS
SM
MD
LG