Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ახალი ხელმძღვანელი ალიანსის მიზნებზე საუბრობს


ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს ახალი გენერალური მდივანი, დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს ბრიუსელში ჟურნალისტებს შეხვდა და მათ თავის მიზნებზე ესაუბრა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ავღანეთში ”წარმატებას” მიაღწევს, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას შეეცდება, და მუსულმანურ სამყაროსთან უფრო ღრმა დიალოგს აწარმოებს. რასმუსენს საქართველო და უკრაინა არ უხსენებია - თუმცა განაცხადა, რომ ნატო გაფართოებაზე უარის თქმას არ აპირებს.

ნატოს ახალი ხელმძღვანელის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ნატოს ფუნდამენტური მისია უცვლელი რჩება. უწინდელის მსგავსად, ალიანსი უსაფრთხოების მთავარ წყაროდ დარჩება მის წევრ 28 ქვეყანაში მცხოვრები, თითქმის ერთი მილიარდი ადამიანისთვის, და დაიცავს თავისუფლებასა და მშვიდობას.
უნდა ითქვას, რომ გენერალური მდივნის როლი ძირითადად შემოიფარგლება ალიანსის ”სახედ” ყოფნით, და შეხვედრებში მონაწილეობით. ალიანსში რეალურ ძალაუფლებას ფლობენ წევრი ქვეყნები - უწინარესად შეერთებული შტატები. თუმცა, პრემიერ-მინისტრობის გამოცდილებამ შესაძლოა რასმუსენს უფრო მეტი ძალაუფლება შესძინოს მის წინამორბედთან, იაპ დე ჰოოპ სხეფერთან შედარებით - რომელიც წარსულში ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

უცვლელი რჩება ნატოს პრიორიტეტებიც - ავღანეთსა და დასავლეთ ბალკანეთში მიმდინარე მისიები, და რუსეთთან თანამშრობლობის განვითარების მცდელობა.

რასმუსენის განცხადებით, ავღანეთი ნატოს მთავარ, და ერთადერთ გლობალურ მისიად რჩება:
”გაეროს მიერ ჩვენზე დაკისრებული მანდატი მკაფიოა - ისევე, როგორც გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელობაა ცხადი - ჩვენ ავღანეთს უნდა დავეხმაროთ, აღარ გადაიქცეს საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრალურ სადგურად. მორალური არგუმენტაციაც ძლიერია. ნემისმიერმა პირმა, ვისაც წამს ადამიანის უფლებების - მათ შორის ქალების უფლებების - ამ მისიას მხარი უნდა დაუჭიროს.”
ავღანეთის შემდეგ, ნატოს მთავარ პრიორიტეტს რუსეთი წარმოადგენს. რასმუსენის თქმით, ალიანსს მოსკოვთან ”სტრატეგიული პარტნიორობის” განვითარება სურს, გარკვეული ’ფუნდამენტური” უთანხმოებების მიუხედავად. ნატოს ახალ გენერალურ მდივანს საქართველო არ უხსენებია - თუმცა მისი განცხადებიდან ცხადი იყო, რომ ამგვარ ”ფუნდამენტურ უთანხმოებაში” საქართველოც იგულისხმა:

”ცხადია, რომ გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე უთანხმოება გვექნება. მაგალითად, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ რუსეთმა სრულად უერთგულოს საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც ასევე გულისხმობს მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური თავისუფლების პატივისცემას. მაგრამ უთანხმოების ამ სფეროებს მთელი ჩვენი ურთიერთობა არ უნდა გავაფუჭებინოთ.”

ურთიერთობის განვითარებაზე საუბრისას, რასმუსენმა რუსეთის როლზეც მიანიშნა - მისი თქმით, ქვეყნის ლიდერებმა და ხალხმა ”უნდა გაიგონ, რომ ნატო მტერი არ არის, და რუსეთს არ ეწინააღმდეგება.”

ნატოს ახალი გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობისას აქცენტი ”საერთო ინტერესებზე” უნდა გაკეთდეს - მაგალითად კონტრტერორიზმზე, ავღანეთზე, იარაღის გაუვრცელებლობაზე, და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

როგორც აღვნიშნეთ, ნატოს ახალ ხელმძღვანელს საქართველო პირდაპირ არ უხსენებია. რასმუსენს არც უკრაინაზე უსაუბრია კონკრეტულად. თუმცა მან განაცხადა, რომ ნატო გაფართოების პოლიტიკას არ შეწყვეტს:

”მე სრულად ვიზიარებ ნატოს ღია კარის პრინციპს. გაწევრიანება არ წარმოადგენს უფლებას. ქვეყნები ამისათვის მზად უნდა იყვნენ. მაგრამ ნატოს გაფართოებამ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია სტაბილურობის გავრცელება და რეფორმების ხელშეწყობა. ჩემი მოლოდინით, ეს ასეც გაგრძელდება ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG