Accessibility links

logo-print
მზის სინათლის დეფიციტი არა მხოლოდ ფსიქიკაზე მოქმედებს უარყოფითად. როგორც ამერიკელი მეცნიერები იტყობინებიან, დეპრესიული ადამიანები, რომლებიც მზის სხივების ნაკლებობას განიცდიან, ჯანსაღებზე უფრო მიდრეკილი არიან მეხსიერების დაქვეითებისკენ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცვლილება ჰორმონების შემადგენლობაში ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუარესება. როგორც ჟურნალ "Environmental Health"-ში ვკითხულობთ, როცა დადგინდება მზის სინათლის ხანგრძლივობას, წელიწადის დროით განპირობებულ დეპრესიასა და თავის ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს შორის ურთიერთმიმართება, უფრო მიზანმიმართული სამკურნალო საშუალებების გამოყენება გახდება შესაძლებელი.

"აღმოვაჩინეთ, რომ იმ დეპრესიული ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც მოკლე ხანს არიან მზის სინათლეში, უფრო იზრდება კოგნიტიური ფუნქციების დარღვევის ალბათობა", ამბობს ალაბამის უნივერსიტეტის თანამშრომელი შია კენტი. "როცა ამინდი არა მხოლოდ განწყობილებაზე, არამედ გონებრივ უნარზეც ახდენს გავლენას, ამას მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება ჰქონდეს სეზონურ-აფექტური მოშლილობის მკურნალობისთვის."

შიამ და მისმა კოლეგებმა გრძელვადიანი გამოკვლევის დროს შეისწავლეს 14 500 მონაწილის სამედიცინო ინფორმაცია და ეს მონაცემები შეადარეს სინოპტიკური სატელიტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რათა დაედგინათ კავშირი ტვინის კოგნიტიურ უნარს, დეპრესიასა და საცხოვრებელ ადგილზე მზის სინათლის ხარისხს შორის. აღმოჩნდა, რომ დეპრესიული ადამიანების შემთხვევაში მზის სინათლის კლება თავის ტვინის კოგნიტიური ფუნქციების პირდაპირპროპორციულია. არადეპრესიულ ადამიანებში მზის დასხივებასა და ტვინის ფუნქციებს შორის კავშირი არ გამოვლენილა.

მეცნიერთა თქმით, დღე-ღამის და, შესაბამისად, სინათლესა და სიბნელეს შორის რიტმული ცვლა ორგანიზმის შინაგანი საათის მეშვეობით გავლენას ახდენს ჰორმონების - სეროტონინისა და მელანინის - შემცველობაზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, გავლენას ახდენს თავის ტვინის ფუნქციონირებაზე. მაგრამ მზის სინათლის ხანგრძლივობა ზემოქმედებს აგრეთვე ტვინში სისხლის მიმოქცევაზე, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ტვინის ფუნქციებთან. ამ კავშირების უკეთ შესწავლამ შესაძლოა გააუმჯობესოს დეპრესიული მოშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობა და ხელი შეუწყოს ტვინის კოგნიტიური ფუნქციების სტაბილიზაციას.

XS
SM
MD
LG