Accessibility links

logo-print

პროგრესულ-რეგრესული პოლიტიკა


მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი

მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი

9 აპრილს დაწყებული საპროტესტო ტალღის განლევის შემდეგ ორი ტენდენცია შეინიშნება: აპატიმრებენ ოპოზიციის აქტივისტებს რეგიონებში და აპატიმრებენ (ან ზოგჯერ მხოლოდ აკავებენ) ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს თბილისში. პარალელურად, მთელ საქართველოში ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ შემოდგომაზე ქვეყანას ჩუმი რეპრესიების ტალღა გადაუვლის.

9 აპრილამდეც ცხადი იყო და დღეს მით უმეტეს აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციის მიმართ რეალური დათმობების გარეშე მიაღწიოს სტაბილურობას ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან შემოთავაზებული რვა ნაბიჯი რაოდენობრივად ცოტა არ არის, მაგრამ თვისებრივად პრობლემებს ვერ ჭრის. უფრო მეტიც: ერთ-ერთი ნაბიჯი – „დიდი სახალხო დიალოგი“ – იმ პირობებში, როდესაც აქტიური ახალგაზრდები ზედიზედ მიდიან ციხეში, – ნამდვილად ჰგავს საბჭოთა ტრადიციას, როდესაც რეჟიმი სიტყვებს მნიშვნელობას თავისი საპირისპირო შინაარსით უცვლიდა. მაგალითად, ავღანეთში შეჭრილ საბჭოთა სამხედროებს „განმათავისუფლებელი მეომრები“ რომ ერქვათ; ან ჰიმნის ტექსტში რომ ეწერა – არც ერთ სხვა ქვეყანაში ადამიანები ისე თავისუფლად არ სუნთქავენ, როგორც ჩვენს დიად სამშობლოშიო.

პრეზიდენტის ხელში მეტისმეტი ძალაუფლების კანონიერად თავმოყრა მთელი ქვეყანის განვითარებას აფერხებს. რამდენადაც დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი ქვეყნის პირველი პირის ხელში ლეგიტიმურად, მით მეტი არაოფიციალური ძალაუფლებაც მის ირგვლივ იკრიბება. საქმიანი ადამიანები იძულებულნი არიან, პირადად პრეზიდენტზე იყვნენ ორიენტირებულნი, რაც უკიდურეს კომუნიკაციურ ბარიერებს ქმნის. თანაც, როცა ყველა საკითხის გადაწყვეტა პრეზიდენტზეა „მიბმული“, იგივე საქმიანი ადამიანები მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობენ – რა უნდა მას? რა შეესაბამება მის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებს? ეს არის შეკითხვები, რომლებზეც სწორი პასუხის მოძებნა და ამ პასუხებთან საკუთარი ქმედებების ჰარმონიზაცია მეტისმეტად ბევრი ადამიანის დროს, ენერგიას და ნერვებს მოითხოვს. მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარმოცვის წევრებიც არიან.

ჰიპერსაპრეზიდენტო მმართველობა აუცილებლად აჩენს დაჯგუფებებს ხელისუფლების წიაღში. საქმე ისაა, რომ როდესაც კონკრეტული პრეზიდენტი პოსტს დატოვებს, მის მემკვიდრეს კანონიერად რჩება მთელი ძალაუფლება, დანარჩენი სახელისუფლო ჯგუფები კი, უბრალოდ, ზედმეტნი შეიძლება აღმოჩნდნენ. ამიტომ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის რეალური ძალაუფლება ძლიერია, მის ირგვლივ შემოკრებილ სახელისუფლო გუნდში ბზარები ოდნავ თუ შეიმჩნევა. მაგრამ საკმარისია, საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდეს ძალაუფლებისგან მისი ჩამოშორების შესახებ (მაგალითად, 2013 წელს), რომ მთელი სახელისუფლო რესურსი, რაც დღეს მიხეილ სააკაშვილის გასაძლიერებლად მიემართება, ხვალ, სავარაუდოდ, შიდა სახელისუფლო ჯგუფების მიერ ერთმანეთის განადგურების მცდელობას შეიძლება მოხმარდეს. იმის გამო, რომ ფსონი მეტად მაღალია და ყველაფერი მხოლოდ გამარჯვებულს რჩება, თითოეული მოთამაშე მზად უნდა იყოს, მის ხელთ არსებული მთელი რესურსი სასწორზე დადოს და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლოს. ეს სქემა სახელმძღვანელოებშია აღწერილი და შეფასებულია, როგორც მეტად საშიში სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის.

ქართულ საზოგადოებაში არცთუ იშვიათად საუბრობენ შიდასახელისუფლო გუნდებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე და პრეზიდენტის ფავორიტებზე. რეალური ინფორმაცია ხელისუფლებიდან იშვიათად ჟონავს, თუმცა, ღია პროცესზე დაკვირვება ორ ფიგურას – მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს – განსაკუთრებით აახლოებს ერთმანეთთან. მხოლოდ ამ ორ ადამიანს შეუძლია, აბსოლუტურად სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანებს საკუთარი თავის ორსახა, ურთიერთსაპირისპირო იმიჯი შესთავაზოს. თუკი პრეზიდენტი მუდმივად საუბრობს დემოკრატიისა და რეფორმების ახალ ტალღებზე, თან კი პროტესტის ჩახშობის ძალადობრივ სქემებს უნთებს მწვანე შუქს, შინაგან საქმეთა მინისტრიც მის მაგალითს მიჰყვება: ერთი მხრივ, იქმნის იმიჯს მინისტრისა, რომელსაც სტაბილურობის უზრუნველყოფა ძალისმიერი პოლიტიკით შეუძლია; მეორე მხრივ, პირადად უგზავნის წერილებს სკოლის ათი ათასობით მასწავლებელს, თანამშრომლობას სთავაზობს მათ და ახალგაზრდებზე მზრუნველი პიროვნების სახელს იმკვიდრებს. ბოლოხანს მარტო „ვანოს შოუში“ აღარ ისმის შეფასება, რომ მერაბიშვილი ყველაზე მაგარი მინისტრი და მმართველია. არადა, ამჟამინდელი ჩახლართული პროგრესულ-ჰუმანურ-ძალისმიერ-პლასტმასურ-რეგრესული პოლიტიკა ვანო მერაბიშვილს მართლაც კონკურენტებზე გაცილებით მეტად უსადაგებს პრეზიდენტის სულიერი მემკვიდრის როლს.
XS
SM
MD
LG