Accessibility links

logo-print
საქართველოს ხელისუფლებამ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ერთმანეთი კვლავ სროლის განახლებაში დაადანაშაულეს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 აგვისტოს, ღამით, თბილისის მიერ კონტროლირებული რაიონიდან - კერძოდ, სოფელ ფლავიდან - სოფელი ოტრევი დაიცხრილა, რასაც მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ცხინვალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა. მან პროვოკაციასა და ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული სოფლების მიმართულებით სროლაში ოსური მხარე დაადანაშაულა. რადიო თავისუფლებას ჯუღელმა აცნობა, რომ წუხანდელი სროლის ფაქტი ადგილობრივმა პოლიციამ როგორც რუსული ჯარის სარდლობას, ასევე ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას ოპერატიულად შეატყობინა. სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მისი ინფორმაციით, სოფელ ფლავში ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ოტრევიდან დაცხრილეს. სამინისტროს ცნობით, 2 ჭურვი საგუშაგოდან მოშორებით აფეთქდა, ერთი კი - უშუალო სიახლოვეს. სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარის გამო, საქართველოს შსს-მ საოკუპაციო ძალებს კვლავ მოუწოდა, რეგიონში სიტუაციის დაძაბვისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან თავი შეიკავოს.

აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა. ოსური ინტერნეტგამოცემის, „ოსინფორმის“, ცნობით, რუსეთის 58–ე არმიის მეოთხე ბაზის ჯარისკაცებისთვის 3 აგვისტოდან სამხედრო წვრთნა ცხინვალის მახლობლად დაიწყო. ამავე გამოცემის ინფორმაციით, 3 აგვისტოს საღამოს, სამხედრო სწავლების გახსნისას, ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ თუ წვრთნების განმავლობაში რეგიონში სტაბილურობას რაიმე საფრთხე შეექმნება, სწავლების მონაწილე კონტინგენტს შესაბამისად გამოიყენებენ. ამასთან, 4 აგვისტოს სააგენტო „იტარ-ტასმა“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცხინვალში სამხედრო სწავლებები არ დაწყებულა და მისი ჩატარება არც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

გასული ერთი კვირის განმავლობაში თბილისმა და ცხინვალმა სროლის განახლებაში ერთმანეთი უკვე მესამედ დაადანაშაულეს. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია კი ინციდენტების სრულფასოვნად გამოძიებას ვერ ახერხებს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებენ.
XS
SM
MD
LG