Accessibility links

logo-print

კონფლიქტის ზონაში დაღუპული მეომრების პატივსაცემად კოცონი ქუთაისშიც დაინთება


ქუთაისელი სტუდენტები მოძრაობა „7 აგვისტოს“ სოლიდარობას უცხადებენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციას უერთდებიან. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის თქმით, ისინი 6 აგვისტოს, ღამით, უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბებიან, საიდანაც საბრძოლო დიდების მემორიალამდე ფეხით მსვლელობას მოაწყობენ, მემორიალთან კი კოცონს დაანთებენ.

„იმ ადამიანების მოგონებას ეძღვნება, ვინც საქართველოს ერთიანობას თავი შესწირა. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავანახვოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარ ქვეყნებს და მტერ ქვეყანასაც, რომ ქართველი ერის ნებაა თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა, რომ ამ საკითხებში განსხვავებული აზრის მოქალაქეები არ გვყავს,“- ამბობს თემურ ცამციშვილი.

7აგვისტოს მთელი ქალაქი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მეომრებს, რაც დღის 3 საათზე მოხდება, დილით კი სტუდენტები მანქანებით ქალაქის ყველა უბანს შემოივლიან და მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ 7 აგვისტო ტკივილიანი თარიღია,რომელიც მათ არასდროს დაავიწყდებათ:

„ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული დღე, დღე, რომელიც არც ერთ ჩემს თანატოლს არ დაავიწყდება.“

„საზოგადოება ამ დღეს უნდა აღნიშნავდეს. უნდა იხსენებდეს დაღუპულ მეომრებს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებდეს. ეს ყველა ჩვენთაგანის ვალია.“

„აგვისტოს მოვლენები უნდა იყოს გამოფხიზლება, ვისთან გვაქვს საქმე. როცა ასეთი მტერი გყავს, უნდა გაერთიანდე. საქართველოში შიდა დაპირისპირების დრო აღარ არის.“

სტუდენტების თქმით, 7აგვისტო საქართველოს ერთიანობის დღედ უნდა გამოცხადდეს.
XS
SM
MD
LG