Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 4 აგვისტო 2009


„ბიზნესზე ზეწოლა კიდევ გაძლიერდება“ - ასეთია დღევანდელი „რეზონანსის“ მოწინავე სტატიის სათაური. გაზეთი წერს, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო დიდი კომპანიების დაჯარიმება, „გადასახადების დამალვის“ ბრალდებით. პირველმა ეს საკუთარ თავზე ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორამ“ გამოსცადა, რომელიც 4 მილიონი ლარით დააჯარიმეს, მას კი აეროპორტის საერთაშორისო ოპერატორი „ტავ ურბან ჯორჯია“ მიჰყვა, რომელიც 50 მილიონი ლარით დააჯარიმესო. შემოსავლების სამსახურის უფროსმა გრიგოლ გობეჯიშვილმა „რეზონანსს“ უთხრა, კომპანიას საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია, იმიტომაც დაჯარიმდაო. თავად კომპანიაში კი აცხადებენ, რომ, ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მათ ბიუჯეტში თანხის გადახდა არ ევალებათ. ამ თემაზე რამდენიმე სტატიას დღევანდელ „რეზიონანსში“ წაიკითხავთ.

„რეზონანსშივე“ ნახავთ ვრცელ სტატიას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატებზე. გაზეთი წერს, გენერალური დირექტორობის ყველაზე რეალურ კანდიდატად ამ თანამდებობის მოვალეობის შემსრულებელ გია ჭანტურიას მიიჩნევენო. თუმცა, ამატებს „რეზონანსი“, არჩევნებში სხვა მძიმეწონოსანი კანდიდატებიც იღებენ მონაწილეობასო. მათგან გაზეთი გამოყოფს ნიუ-იორკიდან მაუწყებელი რუსულენოვანი ტელეკომპანია „არტივიაი“-ს ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ციხისელს.

ამ თემაზე წერს „ალიაც“, რომელიც პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძეს გაესაუბრა:“ საბუთების შემოტანისას კანდიდატების უმეტესობას შევხვდი და ისინი ღირსეული ადამიანები არიან. მათ ბიოგრაფიაში არ არის საეჭვო მომენტები, თეთრი ლაქები, ერთი-ორი ადამიანის გარდაო“, - უთხრა ლევან გახელაძემ „ალიას“, თუმცა არ დაასახელა, თუ ვის გულისხმობდა.

„ახალი თაობა“ კითხულობს, სად არის გრიგოლ ვაშაძეო. „აგვისტოს დადგომასთან ერთად რუსეთი ისევ სტარტის ასაღებად ემზადება, ამ ფონზე კი საგარეო საქმეთა მინისტრი შვებულებაშია. გრიგოლ ვაშაძის ნაცვლად განცხადებებს მისი მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი აკეთებს“, - წერს გაზეთი და განაგრძობს: „ეს ფაქტი არ იქნებოდა გასაკვირი, ყველაფერი რომ რიგზე იყოს. თუმცა ფაქტია, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციას ახალი პროვოკაციები მოსდევს.“.

„24 საათი“ პირველ გვერდზე აქვეყნებს სტატიას ნატოს ახალი გენერალური მდივნის პრესკონფერენციაზე და პროფესორ რონალდ მენგამის სტატიას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. „ეროვნული უსაფრთხოების რევიუს პროცესი ხელს უწყობს „სრულიად მთავრობის“ მიდგომის ინსტიტუციონალიზაციას ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, სასურველი დაბოლოებით, რასაც გეგმების გასავითარებლად და გაზიარებული პერსპექტივებით ოპერაციების წარმართვისთვის ეროვნულ უსაფრთხოებაში პარტნიორები სჭირდება“, - წერს „24 საათი“ პირველ გვერდზე. გაზეთის მეოთხედი ეთმობა სერგეი დოვლატოვის მიერ 1982 წელს ნიუ-იორკში წაკითხულ ლექციას „რუსული ლიტერატურის ბრწყინვალება და სიღატაკე“. სტატია რუსულიდან ნიკოლოზ რურუამ თარგმნა.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG