Accessibility links

logo-print
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა”, - ვკითხულობთ 3 აგვისტოს გაზეთ „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებულ წერილში, რომლის ავტორია ვაშინგტონის მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტის რუსეთისა და აზიის პროგრამების დირექტორი ნიკოლაი ზლობინი. ავტორი წერს, რომ „როგორც დმიტრი მედვედევმა განაცხადა, ომმა სერიოზულად შეცვალა მისი საქმიანი გეგმები და მოულოდნელად შეაფერხა საპრეზიდენტო პროგრამის განხორციელება. თავდაჯერება, რომლითაც მედვედევი ამ აღიარებაზე წავიდა, თითქოსდა იმის მაჩვენებელი იყო, რომ ქვეყნის სათავეში დგას ადამიანი, რომელმაც კარგად იცის რისი გაკეთება უნდა. ხომ ფაქტია, რომ ვერც ელცინი და ვერც პუტინი ვერ წავიდნენ ასეთ ნაბიჯზე“, - წერს ზლობინი და დასძენს: „თუმცა გასულმა წელმა გვაიძულა გვეფიქრა, რომ შესაძლოა ეს შეგრძნება ნაადრევი იყო. ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, მაინც ვერ გავიგეთ რეალურად რას გულისხმობდა მედვედევის პროგრამა, რომლის განხორციელებაც, მისივე თქმით, კავკასიური კონფლიქტის გამო გადაიდო. თავად პრეზიდენტი კი სულ უფრო მეტად დაემსგავსა პლასტელინის ფიგურას, რომელიც ფორმას იოლად იცვლის ნებისმიერი ზეგავლენის ქვეშ.”

” დამარცხება დიდი დარტყმა იყო სააკაშვილისთვის, - წერს ზლობინი, - რადგან იგი ქვეყანას სწორედ ტერიოტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ტალღაზე ჩაუდგა სათავეში. იგი დაჰპირდა ხალხს, რომ დაუბრუნებდა აფხაზეთსა და ოსეთს, რამაც სააკაშვილი არა მხოლოდ პრეზიდენტად, არამედ თავისი ქვეყნის ლიდერად აქცია. საქართველოს პრეზიდენტმა არ შეასრულა მთავარი დანაპირები. აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით მედვედევმა გაანადგურა სააკაშვილი როგორც ეროვნული ლიდერი და იგი პატარა ქვეყნის რიგით პრეზიდენტად აქცია, რომლის უმთავრესი ძალისხმევა უკვე სტრატეგიული გეგმების განხორციელებაზე კი არ მიდის, არამედ იმაზე, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა,- განაგრძობს ზლობინი, -სააკაშვილი ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსია, რომელმაც დაამტკიცა, რომ ომში დამარცხებამ და ოპოზიციასთან ხანგრძლივმა დაპირისპირებამაც კი ვერ მიიყვანა იგი პოლიტიკურ დასასრულამდე. ის უხმაუროდ გააგრძელებს მუშაობას თავისი ვადის დამთავრებამდე, ქართული საზოგადოება კი გააგრძელებს ახალი ლიდერის ძებნას”, - წერს ზლობინი „ვედომოსტის“ პუბლიკაციაში.

ამასობაში კი რუსები უფრო ტოლერანტულები გახდნენ სხვა ხალხების მიმართ, თუმცა ნაკლებად შემწყნარებელნი - კავკასიური და აზიური წარმომავლობის პირთა მიმართ. - ამის შესახებ დღევანდელი ”გაზეტა” წერს, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის სოციოლოგიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით.

გამოკითხვა, რომელიც ივლისის ბოლოს ჩატარდა, ცხადყოფს, რომ ყველაზე დიდი სიმპათიით რუსეთის მოქალაქენი განწყობილნი არიან რუსებისა და ზოგადად სლავების მიმართ; მეორე ადგილზე ბელორუსები და უკრაინელები გავიდნენ, შემდეგ მოდიან ევროპელები - ისინი 7 პროცენტს უყვარს, შემდეგ კი - კავკასიის მკვიდრნი, 4 პროცენტი.

სოციოლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ, 2005 წელთან შედარებით, 23%-დან 29%-მდე გაიზარდა მათი წილი, ვინც კავკასიელებს ამრეზით ეკიდება.

ექსპერტების აზრით, - წერს „გაზეტა“, - ამაზე, შესაძლებელია, საქართველოს ოსეთთან კონფლიქტს ემოქმედა, მაგრამ, ზოგადად, რუსული საზოგადოება უფრო ტოლერანტული გახდა.

საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის - ”სოვას” - დირექტორის მოადგილე გალინა კოჟევნიკოვა კი ამ მონაცემებს არ ეთანხმება და ამბობს: ” საიდან გაჩნდა ტოლერანტი რუსების 20 პროცენტი, თუ ქსენოფობია არ იკლებს, მიგრანტოფობია კი იზრდება? შესაძლოა საზოგადოების ნაწილს რცხვენია ქსენოფობიაში გამოტყდეს, მაგრამ ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფს ეს გრძნობები არ უკავშირდება. ხალხი ხედავს, რომ ლაპარაკი ებრაელთა არსიყვარულზე უკვე, უბრალოდ, უწესობაა, აი კავკასიელების ლანძღვა კი მოურიდებლად შეიძლება, საზოგადოება ამას მისაღებად მიიჩევს”, - ვკითხულობთ „გაზეტას“ 4 აგვისტოს პუბლიკაციაში.
XS
SM
MD
LG