Accessibility links

ფილიპ გორდონი საქართველოს ხელისუფლებას ”სტრატეგიული მოთმინებისკენ” მოუწოდებს


4 აგვისტოს აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, რომლის თემა იყო ”საქართველო - ერთი წელი აგვისტოს ომიდან”. კომიტეტის წევრებს მიმართა აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმაც. მან განაცხადა: ”ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ გავლენის სფეროების კონცეფციას. მხარს ვუჭერთ საქართველოსა და სხვა ქვეყნების უფლებას თავად აირჩიონ სასურველი ალიანსი. ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინება და გააკეთოს ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია მორიგი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და გულმოდგინედ განაგრძოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება. აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარის დახმარებიდან დაახლოებით 44 პროცენტი უკვე დახარჯულია” - განაცხადა გორდონმა და განმარტა, რომ აშშ მუშაობს, რომ დარჩენილი თანხა მიმართჲლი იყოს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისკენ, იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ და შეთავაზოს კაპიტალდაბანდებები საქართველოს აღსადგენად.

ფილიპ გორდონი ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერას: ”ჩვენ ვინარჩუნებთ საერთაშორისო ერთობას, როცა მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, უკან დახიოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ შესვლას. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა მოვუწოდეთ რუსეთის ძალებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ეს რეგიონები, ხელი შეუწყონ კანონის უზენაესობას და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს”. ფილიპ გორდონი აღნიშნავს, რომ აშშ კვლავაც განაგრძობს რუსეთისადმი მოწოდებს, რომ მან მხარი დაუჭიროს საქართველოში საერთაშორისო მისიების ყოფნას, რაც შეამცირებდა კონფლიქტის რისკს და იქნებოდა სეპარატისტული რეგიონებისთვის, მათ შორის - გალში მცხოვრები სულ ცოტა 40 ათასი ეთნიკური ქართველისთვის გარე კონტაქტის საშუალება. სენატის საგარეო კომიტეტის წინაშე გამოსვლისას გორდონმა ისაუბრა ევროკავშირის მისიის საქმიანობაზეც, მოუწოდა რუსეთსა და სეპარატისტებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე დაკვირვების საშუალება მისცენ. აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მიმოიხილა საქართველოს შიდა-პოლიტიკური ვითარებაც. ბოლო თვეების მოვლენებზე ის ამბობს, რომ მთავრობაცა და პროტესტის მონაწილეებიც უმეტესწილად მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით მოქმედებდნენ მიუხედავად გარკვეული ძალადობისა ორივე მხარეს: ”საპროტესტო გამოსვლები ასახავს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების საჭიროებას რიგ სფეროებში, როგორიც არის - მედიის დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობის განმტკიცება (სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის გზით), პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და უფრო გააქტიურება, რომელსაც ექნებოდა უფრო მეტი საშუალება მთავრობასთან თანამშრომლობისთვის. მოვუწოდებთ მთავრობას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას ითანამშრომლონ დემოკრატიული რეფორმისა და ძლიერი, სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისათვის, მათ შორის - ხელისუფლების შტოთა შორის ინსტიტუციონალური ბალანსის გაზრდა, საარჩევნო პროცესის გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, სამოქალაქო მონაწილეობისა და მედიის სფეროებში. ამგვარად მოამზადონ საქართველო ძალაუფლების პირველი, ვადის დასრულების შემდგომი გადაცემისთვის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას”. რაც ეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობას, გორდონის თქმით, ბოლო წლის მანძილზე ეს თანამშრომლობა კონცენტრირებული იყო თავდაცვის სფეროს რეფორმირებასა და მოდერნიზაციაზე. ” ეს მიდგომა ხაზს უსვამს დოქტრინას, ნატოსთან ურთიერთმოქმედებას, ინგლისურენოვან წვრთნას და საქართველოს ძალების აღჭურვას ნატოს ოპერაციებში მონაწილეობისთვის, მათ შორის - მომავალში ავღანეთში განლაგების პერსპექტივის გათვალისწინებით. მიმდინარე წელს საქართველო საფრანგეთის ძალებთან ერთად ავღანეთში განალაგებს ქვეით ძალას. საქართველოს დაპირების თანახმად, 2010 წელს ის ავღანეთში ერთ ბატალიონს გაგზავნის. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოსი მისი წვლილის გამო ამ მნიშვნელოვან მისიაში ისევე, როგორც 2000 წელს ერაყში შეტანილი წვლილის გამო და გვჯერა, რომ საქართველოს ამგვარი მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიზნების მიღწევას და გაზრდის საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მზადყოფნას”.
XS
SM
MD
LG