Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითიმ "საზღვარი" დაკეტა და ახალი პრემიერი დაამტკიცა


ედუარდ კოკოითი
ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა 5 აგვისტოდან "საზღვრის" ჩაკეტვის ბრძანება გასცა და საკუთარი განკარგულება იმით ახსნა, რომ თბილისის მხრიდან პროვოკაციები გახშირდა, საქართველოში კი ღორის გრიპია. აგვისტოს ომის შემდეგ ე.წ. საზღვარი ერთობლივი ოსურ–რუსული საგუშაგოებით ისედაც დაკეტილი იყო. ცხინვალის და ოსური სოფლების მიმართულებით მიმოსვლა თითქმის ერთი წელია შეწყვეტილია. თუ ვინმე შემთხვევით კოკოითის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადადიოდა, საზღვრის დარღვევის ბრალდებით, ცხინვალის ციხეში მიჰყავდათ. ამ ბრალდებით საქართველოს 4 მშვიდობიანი მოქალაქეა დაკავებული.

„გაეროს ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ ედუარდ კოკოითიმ მსგავსი ბრძანება ყურადღების მისაქცევად გასცა. „თუ ცხინვალში ღორის გრიპის შეღწევის ეშინიათ, როკის გვირაბი დაკეტონ, რადგან რუსეთში ამ ვირუსით უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მინდიაშვილმა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან თათბირის შემდეგ მიიღო. ამ თათბირზე მას დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იური ტანაევმა აცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საზღვრის მთელ პერიმეტრზე ქვედანაყოფებს აძლიერებენ და მძიმე სამხედრო ტექნიკა შემოჰყავთ. ტანაევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი. მისი თქმით, ევროპელი დამკვირვებლები ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებენ და მათ რომ მძიმე ტექნიკა შეენიშნათ, რეაგირების გარეშე არ დატოვებდნენ. პოლიციის უფროსმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ ომის წლისთავისთვის გარკვეულ პროვოკაციებს ოსები და რუსები ერთობლივად გეგმავდნენ.

დღესვე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე რუსეთის მოქალაქის, ჩელიაბინსკის სამშენებლო კომპანია „ვერმიკულიტის“ გენერალური დირექტორის, ვადიმ ბროვცევის კანდიდატურა დაამტკიცა. მისი დანიშვნის ბრძანებას ედუარდ კოკოითიმ ხელი უკვე მოაწერა. ბროვცევმა ამ თანამდებობაზე ასევე რუსეთის მოქალაქე ასლანბეკ ბულანცევი შეცვალა. ბულანცევი ცხინვალში მხოლოდ ერთხელ, მისი კანდიდატურის დამტკიცებისას, ნახეს. 20 ოქტომბრის შემდეგ იგი დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში აღარ გამოჩენილა. რაც შეეხება 40 წლის ბროვცევს, ცხინვალში დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სწორედ მისი სამშენებლო კომპანია აწარმოებს.

შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის გიორგი ავალიანის აზრით, მარიონეტულ რეჟიმს კადრებით კრემლი ამარაგებს და ეს, პირველ ყოვლისა, ცხინვალელებისთვის უნდა იყოს შეურაცხმყოფელი.

დე ფაქტო რესპუბლიკაში მთავრობას უფლებამოსილება აქვს შეწყვეტილი. ახალი პრემიერ-მინისტრი დეპუტატებს დაჰპირდა, რომ მთავრობის ფორმირებას 3 კვირაში დაასრულებს და კადრების შერჩევისას აქცენტს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებზე გააკეთებს. კოკოითის მთავრობაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ყოველთვის კრემლიდან გამოგზავნილ მოხელეებს ეკავათ. ცხინვალში კარგად იციან, რომ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებად კვლავ რუსეთის სპაცსამსახურების წარმომადგენლები ტანაევი და ატოევი დარჩებიან, ცვლილებები კი, შესაძლოა, მხოლოდ სოფლის მეურნეობის და კულტურის სამინისტროების ხელმძღვანელებს შეეხოს.
XS
SM
MD
LG