Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 4 აგვისტო 2009


დღევანდელი ”რეზონანსი” მუხროვანის ამბოხში ეჭვმიტანილების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით ”კანონი - ეს მე ვარ!”. სათაურს ახლავს ფოტო, რომელზეც ის მომენტია ასახული, როცა პრეზიდენტი მუხროვანში სამხედროებს მიმართავდა. სტატიაში ეჭვმიტანილთა ახლობლებისა და ადვოკატების კომენტარებიც არის გამოყენებული. ავტორი წერს, რომ ეს საქმე ”გრიფით - საიდუმლო რეჟიმში განიხილება. შესაბამისად, სასამართლო განხილვებამდე ძალიან ბევრი ინფორმაცია ბრალდებულთა ადვოკატებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი”. ”რეზონანსის” ცნობით, ბრალდებულთა დიდი ნაწილი (42 ადამიანიდან) გლდანის საპატიმროში, რამდენიმე კი ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ”მუხროვანის საქმეზე ამ დროისათვის ათეულობით ტომი და 90 გვერდიანი საბრალდებო დასკვნაა დაწერილი, თუმცა, ადვოკატების მტკიცებით, მათთვის ხელმისაწვდომ მასალებში არ არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულთა დამნაშავეობას დაადასტურებდა”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი. ამავე სტატიაში, ადვოკატ ონისე მებონიაზე დაყრდნობით, წერია, რომ ეჭვმიტანილ კობა ოთანაძის ოჯახის წევრების არც დაკავებასა და არც გათავისუფლებაზე სამართალდამცავებს დოკუმენტი არ შეუდგენიათ. ”რეზონანსმა” მუხროვანის ბატალიონის ჯარისკაცებისგან მოიპოვა ინფორმაცია, რომ მუხროვანის ინციდენტის ამოწურვის შემდეგ ბოქსებში მდგარი სამხედრო ტექნიკა სარკესავით პრიალებდა. ”5 მაისს დილას კი საშინლად ცუდი ამინდი და წვიმა რომ იყო, ამის დადასტურება სატელევიზიო კადრებითაც შეიძლება”, - წერს გაზეთი. ”რეზონანსისავე” ინფორმაციით, ”სპეცნაზში” განგაში დილის 4 საათზე გამოცხადდა, მუხროვანში კი დაუმორჩილებლობა - რვის 15 წუთზე.

”ვერსიის” პირველ გვერდზე სათაურია - ”ამირან ბიწაძემ ჩვენება მისცა”. ჟურნალისტი ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” საორგანიზაციო მდივანს ესაუბრა. რომან კუსიანი ამბობს: ”ტყვიები, რომელიც სხეულიდან ამოიღეს, ოპერაციის დასრულებისთანავე გვინდოდა გადაგვეღი, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს.” მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებს გამტაცებლების შესახებ ინფორმაცია კვლავაც ”არ მოეპოვებათ”.

”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში სოზარ სუბარი ამირან ბიწაძის შემთხვევაზე ამბობს: ”დიახ, ამ ადამიანის დევნა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა”. სუბარი ინტერვიუში პოლიტიკური ნიშნით მომხდარ სხვა ფაქტებსაც ჩამოთვლის, შეფასებას აძლევს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს და ამბობს: ”არსებობს არჩევანი სინდისსა და უსინდისობას შორის, მართლმადიდებლობაზე საუბარსა და ქრისტიანულ ქცევას შორის. ძალიანაც რომ მდომებოდა, ვერ გავაკეთებდი არჩევანს უსინდისობაზე. ამას ვერ შევძლებდი. თანაც, რატომ უნდა მომენდომებინა?” - კითხულობს სოზარ სუბარი და საზოგადოებას ჰპირდება, რომ აუცილებლად ჩააბარებს ანგარიშს ხუთწლიანი საქმიანობის შესახებ და იმასაც იტყვის, რა მოხდა 2007 წლის 4 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში.

”ახალ თაობაში” აგვისტოს ომის შედეგებს ეხება ინტერვიუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიასთან. ”გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა სხვა მდგომარეობა, როდესაც რუსები იქ იდგნენ როგორც სამშვიდობოები: ერთ შემთხვევაში - დსთ-ს ეგიდით, მეორე შემთხვევაში - რუსეთის ეგიდით. ანუ სამართლებრივად მაშინ ჩვენ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვქონდა“, - ამბობს მალაშხია. შეკითვაზე - შეაჩერებს, თუ არა ევროკავშირის განცხადებები რუსეთს, რომ ომი არ დაიწყოს, მალაშხია პასუხობს: ”ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებები, დანარჩენი მსოფლიოს განცხადებები რუსეთს თუ არ შეაჩერებს, ეს იქნება რუსეთის იზოლაციის პროცესი.”

”24 საათში” საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი დევიდ ჯ. სმიტი აშშ ლიდერების მიერ რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ბოლო დროს მედიაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს მიმოიხილავს. წერილში, სათაურით ”აგრესორი თვალთმაქცობს”, გაზეთი ეხმაურება აგრეთვე რუსეთის საგარეო უწყების პოზიციას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ.

დღევანდელ პრესაში ერთ-ერთი თემა გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევის პროცესი. ”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე წაიკითხავთ: ”შემირცხვენია ”რუსთავი-2”-ის ”კომედი-შოუც” და ”იმედის” ”ღამის შოუც” იმ მრავალწლიან ”დირექტორშოუსთან”, რასაც ჩვენი ხელისუფლება ”გვაშოუებს” დროდადრო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ პირველი არხის, ახალი გენერალური დირექტორის ვითომ არჩევის გამო.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG