Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაცია საპროტესტო აქციის დარბევის ფონზე


თეირანში გაიმართა ირანის პრეზიდენტად მაჰმუდ აჰმადინეჟადის მეორე ვადით ინაუგურაცია. აჰმადინეჟადი პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე ეროვნული ერთობისკენ მოწოდებით გამოვიდა და პირობა დადო, რომ წინააღმდეგობას გაუწევს “დესპოტურ სახელმწიფოებს”. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ირანში 12 ივნისს გაიმართა და ამ არჩევნებში გამარჯვებულად აჰმადინეჟადის გამოცხადებამ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

საპროტესტო გამოსვლა გაიმართა დღესაც, პარლამენტის შენობასთან, როცა იქ პრეზიდენტის ინაუგურაცია მიმდინარეობდა. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ და უშიშროების ძალებმა, გავრცელებული ინფორმაციით, ცრემლმდენი გაზიც გამოიყენეს. იუწყებიან რამდენიმე პირის დაპატიმრების შესახებაც, მათ შორის ასახელებენ ჟურნალისტ მირ ჰამიდ ჰასანზადეს.

პარლამენტის შენობაში კი პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული აჰმადინეჟადი ეროვნული ერთობისაკენ მოწოდებით გამოდიოდა, ირანის სიდიადეზე ლაპარაკობდა და დასავლეთს აკრიტიკებდა... “როგორც იცით, ზოგიერთმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ აღიარებს არჩევნებსა და ხელისუფლებას, მაგრამ არ აპირებს მოლოცვას. რას ნიშნავს ასეთი მოქმედება? ეს მოქმედება აშკარად ნიშნავს იმას, რომ მათ დემოკრტია მოსწონთ მარტო საკუთარი მიზნების სამსახურში. ისინი პატივს არ სცემენ არჩევნებსა და ერების უფლებებს”, დაასკვნის ირანის პრეზიდენტი.

მაჰმუდ აჰმადინეჟადს მძიმე პერიოდი აქვს გამოვლილი მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მისი გამოცხადების კვალდაკვალ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო და შეიქმნა ვითარება, რომელსაც ირანში ბოლო სამი ათწლეულის ყველაზე მწვავე კრიზისად მიიჩნევენ.

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატები და მათი მომხრეები ირწმუნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა. მეტიც: აჰმადინეჟადს დაუპირისპირდა მისივე ბანაკის წარმომადგენლების ნაწილი, რომელმაც გააკრიტიკა აჰმადინეჟადის არჩევანი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე და აჰმადინეჟადს გადაყენებითაც კი დაემუქრა, თუ ის არ დაემორჩილება ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ხამენეის.

ამდენად, აჰმადინეჟადს, სავარაუდოდ, ახლაც რთული პერიოდი მოელის. ირანელი სტუდენტების ყოფილი ლიდერის, ალი აფშარის ვარაუდით, ოპოზიციის ჩაჩუმების ბევრი მცდელობის, ცნობილი რეფორმისტების საჩვენებელი სასამართლო პროცესების და აიათოლა ხამენეისთან დაახლოების დიდი მონდომების მიუხედავად, აჰმადინეჟადი ბევრი ირანელის თავლში მაინც არალეგიტიმურ

“არა მგონია, მთელს ამ ძალსიხმევას ამ სუსტი მთავრობის სტაბილიზაცია და სახალხო პროტესტის ჩაჩუმება მოჰყვეს”, ვარაუდობს სტუდენტების ყოფილი ლიდერი. მის ვარაუდს ამყარებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერების, მირ ჰოსეინ მუსავისა და მეჰდი ქარუბის დაპირება, რომ არ აპირებეზ აჰმადინეჟადზე ზეწოლის შეჩერებას.
XS
SM
MD
LG