Accessibility links

logo-print

საქართველო აშშ-ისა და რუსეთის ხელისუფალთა განცხადებებში


შეერთებული შტატების პრეზიდენტის სატელეფონო საუბრებს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებთან მოსკოვში პრესკონფერენციებისა და ინტერვიუების მთელი სერია მოჰყვა. ექსპერტებისთვის ნათელია, რომ რუსეთი ვერ ეგუება შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რომელიც მან საქართველოს ბოლო პერიოდში არაერთხელ და სხვადასხვა დონეზე აღუთქვა. მოსკოვი საუბრობს საქართველოს იარაღით მომარაგებაზე და უკვე მერამდენედ ახსენებს თბილისისგან მომავალი საფრთხის არსებობას. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი მოსკოვს კიდევ ერთხელ მიუთითებს ცხინვალის რეგიონში ვითარების განმუხტვის აუცილებლობაზე.

დაბადების დღის მილოცვა და კეთილი სურვილები, რის გამოც 4 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თავის ამერიკელ კოლეგას დაურეკა, საქართველოზე საუბარში გადაიზარდა. თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება გვამცნობს, რომ ობამამ მედვედევს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა აუცილებელია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა,რომ საჭიროა მუშაობის გაგრძელება, ინციდენტების პრევენციის ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში, და მედვედევს ხაზგასმით უთხრა ისიც, რომ საჭიროება საერთაშორისო მეთვალყურეების კუთხითაც არსებობს. უცხოელ მეთვალყურეებზე საუბარი რამდენიმე საათში გაგრძელდა, ამჯერად მაშინ, როცა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს დაურეკა. ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ მეტად მნიშვნელოვანია ობიექტური საერთაშორისო მეთვალყურეების მუშაობა ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა მღელვარება ცხინვალის რეგიონში სიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ მხარეებმა მაქსიმალურად აარიდონ თავი დესტაბილიზაციას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბაიდენმა სააკაშვილს ყურადღებით მოუსმინა და დაინტერესდა პრეზიდენტის ხედვით, თუ რა უნდა გაკეთდეს ცხინვალის რეგიონში შექმნილი სიტუაციის განმუხტვის მიზნით.

ობამასა და ბაიდენის სატელეფონო საუბრები თბილისმა აღიქვა შეერთებული შტატების აქტიურ მცდელობად, ხელი შეუშალოს რუსეთისგან მოსალოდნელ მორიგ აგრესიას. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საკითხი შარშანდელი გამოცდილების კონტექსტში განიხილა:
”ერთი წლის წინ რომ ყოფილიყო ასეთი ტიპის განცხადებები და ასეთი ტიპის ჩარევა, მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსები მაშინ პრაქტიკულად ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც გააკეთეს.”

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების ფონზე, დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ, თუკი კრემლში საღი აზრი მთლად არ დაუკარგავთ, რუსეთი მორიგ სამხედრო აგრესიას ვეღარ გაბედავს. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა მასშტაბურად სულაც არ მიაჩნიათ ან არ აღიარებენ კრემლში და ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ტელეკომპანია ”ვესტისთვის” 5 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუშიც იგრძნობა. სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მსოფლიო ლიდერების მხრიდან ინერციით ხდება და რომ საქართველოს ფაქტორი სულაც არ უშლის ხელს რუსეთისა და მსოფლიო თანამეგობრობის თანამშრომლობას - მათ შორის, არც იმ შეთანხმებების შესრულებას, რასაც მოსკოვში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მიაღწიეს. თუმცა ამავე ინტერვიუში ისიც იგრძნობა, რომ ლავროვი ვერა და ვერ ეგუება ჯოზეფ ბაიდენის მიერ საქართველოს მისამართით გამოხატულ ღია და გამოკვეთილ მხარდაჭერას.

”ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია იხელმძღვანელებს მოსკოვში მიღწეული შეთანხმებებით. ჩვენ არანორმალურად მივიჩნევთ ამ ადმინისტრაციის წიაღში გამოვლენილ მცდელობებს, ჩაგვითრიოს ისევ წარსულში, როგორც ეს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა, ჩემთვის ცნობილმა პოლიტიკოსმა. ინტერვიუ, რომელიც მან ახლახან მისცა ”უოლ სტრით ჯორნალს”, თითქოს გადმოწერილი იყო ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წამყვანი თანამშრომლების გამოსვლებიდან”, - მიაჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ამერიკელი მაღალჩინოსნების კრიტიკა 5 აგვისტოს, ოდნავ მოგვიანებით, ლავროვის მოადგილემაც გააგრძელა პრესკონფერენციაზე საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ოფისში. გრიგორი კარასინმა ეჭვი შეიტანა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ალექსანდრ ვერშბოუს ნათქვამში, რომ ვაშინგტონი საქართველოს იარაღით არ ამარაგებს. კარასინი დარწმუნებით აღნიშნავს, რომ, ამერიკის გარდა, საქართველოს, რევანშისთვის გამიზნულ იარაღს სხვა ქვეყნებიც აწვდიან. საქართველოს სახიფათოდ მზარდ სამხედრო პოტენციალზე ილაპარაკა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმაც ასევე „რია ნოვოსტის“ ოფისში გამართულ პრესკონფრენციაზე. მისი თქმით, მართალია, საქართველოს ამჟამად შარშანდელი აგვისტოს მსგავსი პოტენციალი არა აქვს, მაგრამ ”სურათი სწრაფად იცვლება”. ასევე ნოგოვიცინის ინფორმაციით, რუსეთი ჯერჯერობით არ დგას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის აუცილებლობის წინაშე, მაგრამ, როგორც ვთქვით, მხოლოდ ჯერჯერობით. თუმცა კრემლის მაღალჩინოსნების განცხადებები მიანიშნებს, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე განლაგებული ძალები მზად არიან საჭიროებისთანავე განახორციელონ სამხედრო მოქმედებები.

რამდენად სახიფათოა შექმნილი სიტუაცია? ამ შეკითხვით პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას მივმართეთ. ”საფრთხე, ბუნებრივია, არსებობს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საფრთხე უფრო მწვავეა დღეს, ვიდრე იყო ერთი თვის წინ. უბრალოდ, მეტი გამოხატულება პოვა ამ საფრთხემ ამ დღეებში, ვთქვათ, იმასთან შედარებით, რაც იყო აქამდე. ანუ სიტუაცია კვლავ არასტაბილურია და სტატუს კვო არის დინამიკური და არა სტატიკური”, - ასეთია ბაკურ კვაშილავას შეფასება.
XS
SM
MD
LG