Accessibility links

logo-print

სერგეი შამბა: "საქართველო ახალ აგრესიას გეგმავს"


სერგეი შამბა

სერგეი შამბა

ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიურმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას, რომელშიც მან ისაუბრა რუსეთზე დამოკიდებულების საკითხზე, კონფლიქტის განახლების საფრთხეზე, სამომავლო ურთიერთობებზე თბილისთან.

ჩვენი რადიოს შეკითხვაზე, რა შეიცვალა აფხაზების ცხოვრებაში შარშან აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, სერგეი შამბამ გვიპასუხა:

"პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ესაა ის, რომ გაჩნდა მყარი რწმენა, რომ საფრხთის ფაქტორი მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მთელი ამ წლების მანძილზე აფხაზეთის საზოგადოება საქართვეოლს მხრიდან ახალი აგრესიის მოლოდინში ცხოვრობდა. ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის მანძილზე, 90-იანი წლებიდან მოკიდებული, საქართველომ ოთხი აგრესია განახორციელა აფხაზეთის და ორი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ამიტომ ასეთი შიშის საფუძველი არსებობდა. ახლა ეს ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამან ბიძგი მისცა ქვეყნის შიგნით განვითარებას. ვინაიდან უსაფრთხოების გარანტია იძლევა ეკონომიკის განვითარების საშუალებას. ასევე ვითარდება ყველა შინაგანი პროცესი."

რადიო თავისუფლება დაინტერესდა იმით, რამდენად ემუქრება აფხაზეთს კრემლზე დამოკიდებულება. შამბას თქმით, აფხაზი ხალხი მუდამ დაიცავს თავის დამოუკიდებლობას:

"ჩვენს ისტორიულ წარსულში ყოველთვის დამოუკიდებლობას ვიცავდით და, ცხადია, ყველანაირად დავიცავთ მას. მაგრამ ურთიერთდამოკიდებულების გარკვეული ფორმები შეიძლება არსებობდეს, თუკი არსებობს საერთო ინტერესი. ჩვენ, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც მრავალი საფრთხე არსებობდა. ამიტომ იძულებული ვიყავით, საკუთარი თავის დაცვის გარანტიები გვეძებნა და რუსეთთან კავშირში ვიპოვეთ ის. რაც შეეხება ბაზებს და ა.შ., ჩვენ ხომ არ ვართ ერთადერთი. არსებობს ამერიკის ბაზები ევროპის სახელმწიფოებში. საზღვრების ერთობლივი დაცვა სხვა რეგიონებშიც ხორციელდება, მათ შორის, მაგალითად, სომხეთში, ტაჯიკეთში. ამიტომ ამ შიშებს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული საფუძველი, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას. ჩვენ პატარა ხალხი ვართ და ყოველთვის მრავალი საფრთხის წინაშე ვიდექით ვდგავართ. და, ცხადია, ამ საფრთხეებისთვის თავის გართმევა გვიხდება, რათა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, რასაც გავაკეთებთ კიდეც. ამას ყოველთვის ვაკეთებდით."

რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით აფხაზეთის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. რამდენად ითვალისწინებს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამ განსხვავებულ აზრებს?

"ჩვენ პატარა საზოგადოება ვართ და არ შეიძლება, არ მოვუსმინოთ ალტერნატიურ აზრს. ჩვენ ძალიან პოლიტიზებული საზოგადოება გვყავს, ყოველ საკითხზე განსხავებული აზრები არსებობს. ამიტომ, ცხადია, [ამ საკითხზეც] არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები. მაგრამ ის, რომ რუსეთი ჩვენი უსაფრთხოების გარანტი არის, ვფიქრობ, ამას ყველა იზიარებს."

როგორ წარმოუდგენია რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სამომავლო ურთიერთობები თბილისთან?

"იმედი გვაქვს, რომ მომავალში მოვახერხებთ კონტაქტის აწყობას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოების კეთილმეზობლურ ურთიერთობამდე მიგვიყვანს. ვინაიდან ამჟამად ეს ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გრილია."

უკანასკნელ ხანებში მრავალი ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ რეგიონში შესაძლოა განახლდეს სამხედრო მოქმედებები. ამ საკითხზე სერგეი შამბამ გვითხრა:

"მოგახსენეთ, რომ მოგვეპოვება ჩვენი უსაფრთხოების საკმარისი გარანტიები. მაგრამ საქართველო რომ ახალ აგრესიას გეგმავს, ეს სრულიად ცხადია. ვხედავთ, რომ საქართველო ხელახლა იარაღდება, როგორც ეს ამას წინათ თქვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. მხოლოდ შარშანდელი აგვისტოს მოვლენების შემდგომ პერიოდში საქართველომ უკვე 600 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა გადაიარაღებაზე. არის იარაღის ახალი მიწოდება, მათ შორის ევროკავშირის წევრებისგანაც. ამას წინათ საქართველომ სამხედრო წვრთნა ჩაატარა და პრეზიდენტმა თქვა, რომ საქარველოს არმია კვლავ იმყოფება თავის პიკზე. იარაღის ჟღარუნის კვლავ დაწყება იმას მეტყველებს, რომ საქართველოს ხელმძღანელობა არასოდეს ამბობდა და არც მომავალში აპირებს, უარი თქვას მილიტარისტულ გეგმებზე," უთხრა რადიო თავისუფლებას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.
XS
SM
MD
LG