Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის წლისთავთან დაკავშირებით ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი


რუსეთ - საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. 6 აგვისტოს, 18.00 საათზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი წარმოადგენს მთავრობის ანგარიშს 2008 წლის აგვისტოს ფართომასშტაბიანი აგრესიის შესახებ. 7 აგვისტოს, დილით სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ომში დაღუპული ჯარისკაცების მოსახსენიებელ მსახურებას ჩაატარებს. 12.00 საათზე მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე გაიმართება აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე დაესწრებიან. სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულებს 15.00 საათზე ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ, რის შემდეგაც საქართველოს მოქმედ ეკლესიებში ზარები დაირეკება. ამავე დღეს ეროვნული ჰიმნი გაიჟღერებს თბილისში, საქართველოს პარლამენტისა და საპრეზიდენტო რეზიდენციის შენობების წინ. ანალოგიური ღონისძიება გაიმართება ზუგდიდში, ბათუმში, სიღნაღში, მესტიაში, ქუთაისში, სენაკში, მცხეთაში, და ასპინძაში. ამასთან, 7 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება ფოტოგამოფენა, სადაც 200 წლის განმავლობაში რუსული ოკუპაციის ამსახველი დოკუმენტური მასალა იქნება წარმოდგენილი. 19.00 საათზე შარდენზე როკ მუსიკოსები გამართავენ კონცერტს - “ჩვენ გვახსოვს!”
XS
SM
MD
LG