Accessibility links

მოსამართლეებზე ზეწოლაში ბრალდებული პირების მიმართ კანონი გამკაცრდება


დავით ბაქრაძეის (მარჯვნივ), დეპუტატებისა და კოტე კუბლაშვილის (მარცხნივ) შეხვედრა

დავით ბაქრაძეის (მარჯვნივ), დეპუტატებისა და კოტე კუბლაშვილის (მარცხნივ) შეხვედრა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში წარდგენილ ინიციატივაზე, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის მეტ გარანტიებს ეხებოდა, 5 აგვისტოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა კოტე კუბლაშვილმა უმრავლესობის წევრებთან ერთად იმსჯელეს. ახალ კანონპროექტში, რომელზე მუშაობაც მალე დაიწყება, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იმ პირთა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა იქნება, ვინც მოსამართლეზე ზეწოლას მოახდენს - მაგალითად, დაურეკავს და გადაწყვეტილების შეცვლას მოსთხოვს.

ყველა ის პირი, რომელიც მოსამართლის საქმიანობაში ჩაერევა სატელეფონო ზარის თუ პირადი ვიზიტის მეშვეობით და სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას მასზე ზეწოლას მოახდენს, კანონით დაისჯება. ასეთი მუხლი მოსამართლეებთან კომუნიკაციის შესახებ კანონში აქამდეც არსებობდა, მაგრამ ის მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს, კერძოდ, 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა, დღემდე კი ასეთი მხოლოდ ხუთი ფაქტია გამოვლენილი. ახალი კანონით, მსგავს ქმედებას სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცემა. ეს ინიციატივა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში თავისი ბოლო ვიზიტის დღეს, 20 ივლისს, გააჟღერა, 5 აგვისტოს კი მოსალოდნელ ცვლილებებზე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის პირველი საქმიანი შეხვედრაც შედგა. ცნობილია, რომ საინიციატივო ჯგუფი უახლოესი კვირების განმავლობაში დაიწყებს კანონპროექტზე მუშაობას, რასაც ადვოკატებთან, არასამთავრობოებთან, მოსამართლეებთან შეხვედრები მოჰყვება. ცვლილებები კი, როგორც უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი კოტე კუბლაშვილი ამბობს, მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიებს გაზრდის:

”ეს ცვლილებები ეხება მოსამართლის დაცვის გარანტიებს ნებისმიერი ადამიანისგან და, განსაკუთრებით, თანამდებობის პირებისაგან. მათგან ყველანაირი ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში უნდა იყოს მკაცრად სანქცირებული როგორც სისხლის სამართლებრივად, ასევე მოსამართლეებთან კომუნიკაციის შესახებ უკვე არსებული კანონით.“
ეს იქნება კანონი, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც მოსამართლეებს, პირველ რიგში, სწორედ მაღალი თანამდებობის პირებისგან ზეწოლას ააცილებს თავიდან:

” ნებისმიერი ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღებისას, იქნება მკაცრად დასჯილი.”

როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ისე სასამართლო ხელისუფლების პირველ პირს ვკითხეთ, როგორი იქნება მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს, თუ ვისგან განიცდის ესა თუ ის მოსამართლე ზეწოლას. დეტალები ჯერ მათთვისაც არ არის ნათელი, თუმცა, როგორც ირკვევა, მთავარი ვალდებულება ისევ მოსამართლეზეა, რომელსაც, სურვილის და გამბედაობის შემთხვევაში, აქამდეც შეეძლო ზეწოლის ფაქტების შესახებ საჯაროდ განეცხადებინა:
” სატელეფონო ზარის შემთხვევაში, რომლის მიზანი ზეწოლაა, მოსამართლეს ექნება უფლებამოსილება და ვალდებულებაც, განაცხადოს ამის შესახებ, რის შემდეგაც ავტომატურად დადგება იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი.“
მოსამართლეების იმედი აქვს კოტე კუბლაშვილსაც. ის ამბობს, რომ როგორც კი მოსამართლე განაცხადებს მსგავსი ფაქტის შესახებ, პროკურატურა დაუყოვნებლივ აღძრავს საქმეს.

საპარლამენტო უმცირესობაშიც ფიქრობენ, რომ რეფორმას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი. სხვაგვარად, როგორც „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ნიკა ლალიაშვილი ამბობს, ასეთი სურათი დარჩება:
”დღეს მოსამართლე არის შეშინებული. მას ეშინია შინაგან საქმეთა სამინისტროსი, პროკურატურის, პოლიტიკური ელიტის და, შესაბამისად, ის გადაწყვეტილების მიღებისას არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი.”
რადიო თავისუფლებამ ადვოკატ მანანა კობახიძეს ჰკითხა, რამდენად გაამართლებს მსგავსი სიახლე კანონში და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მოსამართლეები ამ ცვლილების შემდეგ უფრო გააქტიურდებიან და, ზეწოლის შემთხვევაში, საზოგადოებას ამ ფაქტს ამცნობენ ან, თუნდაც, შესაბამის ორგანოებს მიმართავენ:
” ამ კანონის აღსრულება იქნება ძალიან რთული და დამოკიდებული იქნება მოსამართლის ნებაზე. ან არის მეორე გამოსავალი, რომ მოსამართლის ტელეფონს უსმინონ და ასე დაადგინონ კომუნიკაციის დამრღვევი პირის ვინაობა. მაგრამ თუ ეს პირი იქნება პროკურორი, მეეჭვება, რომ დღეს მოსამართლემ საჩივარი შეიტანოს პროკურორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი დასჯა ამ ქმედებისთვის.”

როგორც კობახიძე გვეუბნება, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა ის ფაქტები, რომლებიც მას თავისი თვალით უნახავს: ხშირია არათუ სატელეფონო ზარები მოსამართლეებთან, არამედ მათი და პროკურორების პირისპირ შეხვედრა და, ზოგჯერ, პროკურორების მიერ მოსამართლეების საკუთარ კაბინეტში დაბარებაც. ეს, როგორც კობახიძე ამბობს, განსაკუთრებით შესამჩნევია რეგიონებში, როგორც წესი, სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს.
XS
SM
MD
LG