Accessibility links

logo-print

გალის მოსახლეობისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭებამ უთანხმოება წარმოშვა


აფხაზური პასპორტი

აფხაზური პასპორტი

6 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა „მოქალაქეობის კანონი“ განსახილველად კვლავ ადგილობრივ პარლამენტს დაუბრუნა. აფხაზური სახალხო კრების მიერ 31 ივლისს დამტკიცებული ეს კანონი გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს აფხაზეთის მოქალაქეებად აღიარებდა, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. სერგეი ბაღაფში მისმა ოპონენტებმა ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში დაადანაშაულეს და მოსთხოვეს, პარლამენტიდან გაეწვია კანონი, რომელიც გალის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ავალდებულებდა. გარდა ამისა, აფხაზური ოპოზიცია აცხადებს, რომ მსგავსი კანონი გალის რაიონში ყველა დევნილის დაბრუნებას გამოიწვევს, რადგან, აფხაზეთში არსებული მასშტაბური კორუფციის პირობებში, ქართველები აფხაზურ პასპორტს უპრობლემოდ შეიძენენ. ოპოზიციის პროტესტის საპასუხოდ, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სპეციალური კომისია შექმნა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ათ აგვისტომდე დაავალა.

ამ პროცესებს ზუგდიდში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა დე ფაქტო რესპუბლიკაში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კილანავამ აღნიშნა, რომ ამჟამად აფხაზურ პოლიტიკაში ორი მიმდინარეობა იკვეთება - პრორუსული გუდაუთის და შედარებით ზომიერი ოჩამჩირის, რომელსაც სათავეში სერგეი ბაღაფში უდგას. თორნიკე კილანავა ამბობს, რომ ე.წ. ოჩამჩირის მიმართულება ქართველი მოსახლეობისადმი უფრო ლიბერალურია და მსგავსი შინაარსის კანონი ბაღაფშს არჩევნებში ქართველთა ხმების მოსაპოვებლად დასჭირდა. „მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დარჩენილ ქართველთა იმედი ბაღაფშმა ვერ გაამართლა, მას პოტენციალი მაინც აქვს და იცის, თუ როგორ უნდა ესაუბროს მოსახლეობას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ.

თავად ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ აფხაზური მოქალაქეობის დაკანონების შემთხვევაში, იძულებულნი იქნებიან ამ გადაწყვეტილებას დასთანხმდნენ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ სახლებს დაატოვებინებენ. გალელმა შუა ხნის მამაკაცმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ, ამავე მიზეზით, მოსახლეობის ნაწილი აფხაზური მოქალაქეობის მიღებას საკუთარი ნებითაც დასთანხმდება. დე ფაქტო ხელისუფლების განზრახვას გენოციდის გაგრძელება უწოდა ოჩამჩირელმა მამაკაცმა, რომელიც ამჟამად გალის რაიონში ცხოვრობს. მან რადიო თავისუფლებას ისიც უამბო, რომ თავად აფხაზთა ნაწილი უკვე მიხვდა, რომ რუსებს მათთვის, შევიწროების გარდა, არაფერი მოუტანიათ.
XS
SM
MD
LG