Accessibility links

logo-print

საქართველოში ომის წლისთავის აღნიშვნა დაიწყეს


აქცია გორისციხეზე

აქცია გორისციხეზე

აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილი აქციები დღეს გორისციხიდან დაიწყო. ათასამდე ახალგაზრდამ საქართველოს მოსახლეობას 7 აგვისტოს, 15 საათზე, წუთიერი დუმილით დაღუპულთა პატივისცემისკენ მოუწოდა. აქციის ინიციატორი ახლახან დაფუძნებული ახალგაზრდული მოძრაობა „7 აგვისტოა.“ მოძრაობის ხელმძღვანელი ირაკლი სამხარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ერის ერთიანობითაა შესაძლებელი.

მოძრაობის წევრები ღამის 12 საათზე გორისციხეზე კოცონს დაანთებენ, ხვალ კი - ქალაქში მოწყობილ „ცოცხალ ჯაჭვში“ ჩადგებიან. 7 აგვისტოს აქციები გორის ცენტრალურ მოედანსა და ეპარქიის ტაძართან გაიმართება, შუადღისთვის კი, გორისციხესთან მებრძოლთა მემორიალი გაიხსნება. გიორგი ოჩიაურის „წინაპარ მებრძოლთა მონუმენტი“ თბილისის ვაკის პარკიდან გორის ციხესთან გადმოიტანეს.

აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილი აქციებისადმი უცხოელ ჟურნალისტთა ინტერესი საკმაოდ დიდია. გორში უკვე იმყოფებოდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის მასმედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტი ლეილა სულეიმანოვა ბაქოდან ჩამოვიდა, დევნილებს შეხვდა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები აზერბაიჯანისთვისაც აქტუალურია. სულეიმანოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აზერბაიჯანელ და ქართველ დევნილთა ცხოვრების პირობების შედარება იყო. 7 აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ აქციებს იაპონიის, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და ნიდერლანდის სატელევიზიო არხები გააშუქებენ. ჰოლანდიური ტელეარხი RTL 4 გორში მომზადებული ფილმის პრემიერასაც გეგმავს. ამ ტელევიზიის ოპერატორი სტან სტორიმანსი 12 აგვისტოს გორის დაბომბვისას დაიღუპა. ფილმი გადაიღო ჟურნალისტმა იერონ აკერმანსმა, რომელიც შარშან სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 12 აგვისტოს გორის ცენტრალურ მოედანზე სტორიმანსის ოჯახის წევრები და კოლეგები დაღუპულ ოპერატორს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ 8 აგვისტოს ქართველი სტუდენტები სტალინის ძეგლთან შეიკრიბებიან და მოითხოვენ, საბჭოთა კავშირის ბელადის მონუმენტი გორის ცენტრალური მოედნიდან მუზეუმის ტერიტორიაზე გადაიტანონ.
XS
SM
MD
LG