Accessibility links

რუსეთმა და თურქეთმა გააფორმეს შეთანხმება "სამხრეთის ნაკადის" შესახებ


რუსეთისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა, ვლადიმირ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსეთს აძლევს უფლებას, თურქეთის ტერიტორიულ წყლებზე გაიყვანოს “სამხრეთის ნაკადად” წოდებული გაზსადენი. “სამხრეთის ნაკადი” არის რუსულ-იტალიური პროექტი და ითვალისწინებს ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებას შავი ზღვის გავლით. მოსკოვი იმედოვნებს, რომ ამ გაზსადენის მეშვეობით შეინარჩუნებს ენერგომომარაგების სფეროში დომინანტურ როლს ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც პირიქით, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისაკენ მიისწრაფვიან. როგორც პრემიერ-მინისტრმა პუტინმა განაცხადა დღეს, ანკარაში ვიზიტის დროს: “გაზსადენ “სამხრეთის ნაკადზე” არის მოთხოვნა, ის უკიდურესად მნიშვნელოვანია მთელი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობათა მთელი კომპლექსის განვითარების კონტექსტში. ჩვენმა მოლაპარაკებამ აჩვენა, რომ თურქეთის ხელმძღვანელობასთან ერთად შეგვიძლია მივიდეთ გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც გზას უხსნის ახალ, მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებს”. გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში დღეს გამართულ ცერემონიაში იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონიც მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG