Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ხელშეკრულება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში


ნიკა გვარამია (მარცხნივ) და ჯონ ტეფტი
ნიკა გვარამია (მარცხნივ) და ჯონ ტეფტი
6 აგვისტოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პირველი ხელშეკრულება გაფორმდა, რაც სამეცნიერო სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ და შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა. იმ ფაქტს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში პირველი ხელშეკრულება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში გაფორმდა, თბილისი სიმბოლურს უწოდებს. ექსპერტები კი მომხდარში ერთგვარი ბალანსის მცდელობას ხედავენ. პარალელურად, 6 აგვისტოს თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენიელ ფრიდი. ის ვიზიტის მიზნად მხოლოდ მეგობრების მონახულებას ასახელებს.

ურთიერთთანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში 6 აგვისტოს, თბილისის დროით 14-საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაფორმდა. ითქვა, რომ ამიერიდან ამერიკელ და ქართველ მეცნიერებს, სპეციალური საგრანტო დაფინანსების საშუალებით, ერთობლივი მუშაობის მეტი საშუალება მიეცემათ. ასევე დაფინანსდება ქართველ მეცნიერთა ცალკეული კვლევები - მათ შორის, იმ სფეროებშიც, რომლებშიც ორ ქვეყანას ისედაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. ესენია: ჯანდაცვა, ბიოტექნოლოგია, ენერგეტიკა, სეისმოლოგიური კვლევები, წყლის რესურსების მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმე და გარემოს დაცვა.

დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა ხაზი გაუსვა სამეცნიერო და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გლობალურ ასპექტსაც: ”ფუნდამენტური ფაქტია, რომ გლობალური თანამეგობრობის წინაშე ამჟამად მდგარი პრობლემები, უბრალოდ, ძალიან დიდია იმისთვის, რომ ერთი რომელიმე სახელმწიფო მათ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება, გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ერთად მუშაობის ასეთი დიდი საჭიროების წინაშე ჯერ არასდროს მდგარა. სამეცნიერო და ტექნოლოგიების სფეროში ამ ხელშეკრულების ხელმოწერა დემონსტრირებაა იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ორმხრივი სამეცნიერო ურთიერთობა აქციეს უმთავრეს პრიორიტეტად”, - აღნიშნა ჯონ ტეფტმა.

მასთან ერთად, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გაფორმებულ პირველ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამაც მოაწერა და თქვა, რომ ამაყი და გახარებულია ამის გამო.

”ძალიან სიმბოლურია ეს, რადგანაც განათლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიის მშენებლობისთვის არის განწყობილი და მას შეუძლია ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრეტია კი არის ის, რისი მთავარი შემოქმედიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და რისი მხარდამჭერიც - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ასე ხსნის განათლების მინისტრი ნიკა გვარამია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პირველი ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს სამეცნიერო სფეროში.

არადა, 2009 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი ქარტიის პრიორიტეტებს თუ გადავხედავთ, რიგითობის მიხედვით, აშკარად პირველ ადგილზე დგას თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. სწორედ ამიტომ პროცესის მეცნიერების სფეროთი დაწყებაში ექსპერტები ერთგვარი ბალანსის მცდელობასაც ხედავენ. მაგალითად, ასე ფიქრობს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი: ”ეს უკავშირდება მიდგომას, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს გააღიზიანოს რუსეთი, თუმცა, ამავე დროს, არ ივიწყებს მისთვის პრიორიტეტულ პარტნიორობას საქართველოსთან. დასტურდება პარტნიორობა საქართველოსთან და ამავე კონტექსტში იკვეთება მინიშნება, რომ საქართველოსთან შეერთებულ შტატებს აკავშირებს ურთიერთობა ყველა დონეზე და არა მხოლოდ სამხედრო სფეროში.”

ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ ქარტიის ფარგლებში თანდათან სხვა ხელშეკრულებებიც დაიდება, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშიც. სწორედ ამ სფეროსთან კონტექსტში აღიქმება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დენიელ ფრიდის ერთდღიანი ვიზიტი თბილისში. ფრიდი საქართველოს ამჯერად სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარმომადგენლის რანგში ეწვია და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი კომენტარი ყოველ ჯერზე, სადაც კი მას ჟურნალისტები მისწვდნენ, იმ სიხარულის გამოხატვით შემოიფარგლებოდა, რომელიც მას ძველ მეგობრებთან შეხვედრის შანსმა მოუტანა. ძველ მეგობრებს შორისაა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც დენიელ ფრიდთან შეხვედრა და საუბარი, ”რუსეთის სამხედრო გეგმების” პრევენციის კონტექსტში, ბოლოდროინდელ მოვლენებთან ერთად შეაფასა:

”სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის.... ვიზიტები და რამდენიმე წერილი, რომლებიც ამ ბოლო კვირას გაიცვალა... ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არის სტრატეგიული ურთიერთობა, რომ ჩვენ ვართ მოკავშირეები. საქართველოს პრობლემატიკა და რუსეთის აგრესიის შედეგები საერთაშორისო პრობლემატიკის სიაში არ დაწეულა ქვემოთ.”

საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარმომადგენელი დენიელ ფრიდი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს რესტორანში, არაფორმალურ გარემოში ესაუბრა. ფრიდს კონკრეტული კომენტარი არც აქ გაუკეთებია. ეკა ტყეშელაშვილმა კი აღნიშნა, რომ საუბარი საქართველოსთვის საჭირბოროტო ყველა საკითხს შეეხებოდა.
ასევე ძველი მეგობრების მონახულებად შეფასდა 6 აგვისტოს დენიელ ფრიდის გეგმაში შემავალი შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს პრეზიდენტთან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG