Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 6 აგვისტო 2009

  • ნიკო ნერგაძე

„რა გვასწავლა აგვისტოს ომმა?“ - კითხულობს „ყველა სიახლე“ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობაში შეცვლილი განწყობის საჩვენებლად ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები მოჰყავს. 2008 წლის სექტემბერში მოსახლეობის 33 პროცენტს სჯეროდა სიტუაციის ახლო მომავალში გამოსწორების, დღეს კი ასე 19 პროცენტი ფიქრობს. მოსახლეობის 87 პროცენტი საქართველოს ხელისუფლებას უპირველეს ამოცანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უსახავს, თუმცა 56 პროცენტს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს. „ყველა სიახლე“ წერს, ბოლო ერთ წელიწადში თვალშისაცემად გაიზარდა მოსახლეობის ანტიდასავლური თუ ანტიამერიკული განწყობაცო. 2008 წლის სექტემბერში გამოკითხულთა 70 პროცენტი ამერიკას საქართველოს სანდო პარტნიორად მიიჩნევდა, 2009 წლის მარტში კი ასე უკვე 52 პროცენტი ფიქრობდა. ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი 77 პროცენტიდან 49-მდე დაეცა, - წერს „ყველა სიახლე“.

აგვისტოს ომის შედეგების შეჯამებაა იმ ინტერვიუს მთავარი თემა, რომელიც „ყველა სიახლემ“ ექსპერტ არჩილ გეგეშიძეს ჩამოართვა. „საქართველოს საკითხი დასავლეთისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულად იქცა, მაგრამ რის ხარჯზე?“ - კითხულობს არჩილ გეგეშიძე და განაგრძობს: „საქართველომ კიდევ მეტი ტერიტორია დაკარგა და კიდევ მეტი დევნილი გაჩნდა, საერთაშორისო ასპარეზზე კი ნაკლებსაიმედო პარტნიორის რეპუტაცია მოვიხვეჭეთ.“

„რეზონანსი“ ცდილობს გაერკვეს, დათმო თუ არა სასაზღვრო პოლიციამ 20-კილომეტრიანი ზოლი მამისონის უღელტეხილთან. ამ ინფორმაციას ადასტურებს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე, რომელიც ამბობს, „საზღვარზე, სადაც იყო ჩვენი ორი საგუშაგო და ერთი საბაზისო სექტორი, ჩვენი მესაზღვრეები არ დგანან და ამ ტერიტორიას რუსები აკონტროლებენო“. ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსს“ უთხრა, „ფაქტია, რომ ჩვენი მესაზღვრეები მდინარე ჭანჭახზე აფეთქებული ხიდის აქეთ, შოვში არიან გადმოსულებიო“. მამუკა არეშიძე ამბობს, „მეტეოცენტრის თავზე დღეს ოსური და რუსული დროშები ფრიალებს, თუმცა იქ ოსები არიან თუ არა, ეს არ ვიციო“. თავად სასაზღვრო პოლიციაში კი აცხადებენ, რომ ქართველ მესაზღვრეებს უკან არ დაუხევიათ: „როგორც აქამდე კონტროლდებოდა ქართული მხარის მიერ საზღვარი, ზუსტად ისე ვაკონტროლებთ ახლაცო.“

„ალია“ მოსკოვში ჟურნალისტ ნიკოლოზ სვანიძეს გაესაუბრა, რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა დღეს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მან გაზეთს უთხრა, არსებობენ ძალები, რომელთაც ომის არ ეშინიათ და ვისაც დაძაბულობა აწყობსო. სვანიძემ განმარტა, რომ ამ ძალებში სააკაშვილს და კოკოითის გულისხმობდა. სიტუაცია დაძაბული და სახიფათოა, თქვა მან.
XS
SM
MD
LG