Accessibility links

logo-print
დღევანდელი ”რეზონანსი” და ”ვერსია” (ერთი, ”ინტერნეტ-გვერდ ”კავკაზ-ცენტრზე”, მეორე კი, ზოგადად რუსულ მედიაზე დაყრდნობით) რუსეთის მიერ 12-15 აგვისტოს დაგეგმილ პროვოკაციასა და თბილისის დაბომბვის საფრთხეზე წერენ. საუბარია იმაზეც, რომ რუსეთი კოკოითის მკვლელობას გეგმავს და ისე, რომ ეს ქართველებს დაბრალდეთ. ”ვერსიის” ავტორი იხსენებს, რომ ზუსტად ერთი წლის წინ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ყველა ასეთი ინფორმაცია გამართლდა. ”ვერსიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტ ირაკლი სესიაშვილთან, რომელიც ამბობს, რომ დღეს ფართომასშტაბიანი ომის საფრთხეს ვერ ხედავს. ”დიდი ალბათობით, თუ რუსეთი საქართველოზე აგრესიას კვლავაც განახორციელებს, დასავლეთი უშუალოდ ჩაერევა... ლოკალურ დაპირისპირებებს კი არ გამოვრიცხავ, რადგან რუსეთს თუ არ ექნა დესტაბილიზაციის კერები, რეგიონში კონტროლის განხორციელება გაუჭირდება”, - ამბობს სესიაშვილი.

რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ”რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარებში რამაზ საყვარელიძე ”ფანტასმაგორიულს” უწოდებს, სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი - ”მიუნჰაუზენის ზღაპრებს”, პაატა ზაქარეიშვილი - იმდენად აბსურდულს, რომ კომენტარის გაკეთებასაც არ თვლის მიზანშეწონილად.

”ახალი თაობა” გაგრის ყოფილ კომენდანტ ბადრი ფირცხელიანთან ინტერვიუს აქვეყნებს. ფირცხელიანი აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისთვის არასათანადო პატივის მიგების გამო წუხს: ”ისინი, ვინც შარშან აგვისტოში დაიღუპნენ, ნამდვილი გმირები არიან. მიხარია, რომ მათ ასეთი პატივით გაიხსენებენ, მაგრამ რა დააშავეს სხვებმა, რა დააშავეს იმ ბიჭებმა, რომლებიც სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაიღუპნენ?” - კითხულობს ფირცხელიანი და იმავე ინტერვიუში ამბობს, რომ ”მნიშვნელობა არა აქვს ამ ადამიანებმა გმირობა ვარდების რევოლუციამდე ჩაიდინეს თუ მის შემდეგ.”

”24 საათში” პოლიტოლოგ სალომე ყორანაშვილის წერილი ქვეყნდება, სათაურით ”აგვისტოს 1 კვირა, რომელმაც შეძრა დასავლეთი”. ავტორი წერილს ასე ასრულებს: ”არ შეიძლება არ განვაცხადოთ ის, რომ თითოეული წვეთი დაღვრილი სისხლი უფრო შედეგიანი აღმოჩნდა, განსხვავებით 1992-1993 წლებისგან. ისტორია ყოველთვის ასე იქმნებოდა. ამ დღეებშიც, ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, დიდი გარდატეხა მოხდა. მსოფლიომ ნათლად დაინახა რუსეთის ჭეშმარიტი სახე”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

”საქართველოს რესპუბლიკა” დღევანდელ ნომერში აგვისტოს ომში დაღუპულთა და დაკარგულთა სიას აქვეყნებს. დასაწყისში კი ასეთი წარწერაა: ”ამ თავსმოხვეულ ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნას, რასაკვირველია, სამშობლო სანთლებად აინთებს, მაგრამ თავიანთი ახალგაზრდული სიცოცხლით ისინი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტად შეეწეოდნენ ჩვენს ბედკრულ ქვეყანას”.
XS
SM
MD
LG