Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიების ბედი აგვისტოს ომის წლისთავზე


ევროკავშირის დამკვირვებლები
ევროკავშირის დამკვირვებლები
აგვისტოს ომის წლისთავს, კრემლის ძალისხმევის შედეგად, საქართველო ეუთოსა და გაეროს მეთვალყურეების გარეშე ხვდება. კრემლმა უგულებელყო საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებები და, ახალი რეალობის გათვალისწინების მოთხოვნით, საერთაშორისო მისიები ქვეყნიდან ვეტოს გამოყენებით განდევნა. საქართველოში ამჟამად მხოლოდ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია რჩება, რომელიც ჯერ ისევ ვერ ახერხებს სეპარატისტულ რეგიონებში შეღწევას. პარალელურად საქართველო ითხოვს, რომ ევროკავშირის მისიას ამერიკელი მეთვალყურეებიც შეუერთდნენ, თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტის სირთულეს, ისევე როგორც მის მნიშვნელობას, კარგად აცნობიერებენ თბილისში. ჯერჯერობით უცნობია ამერიკელების კონკრეტული პასუხი, თუმცა უკვე მისი მოლოდინი რუსეთის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს.

ეუთოს სამეთვალყურეო მისიის მანდატის გაგრძელებაზე პირველი ოფიციალური უარი რუსეთმა 2008 წლის 22 დეკემბერს თქვა, რასაც 2009 წლის 13 მაისს, ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს მოსამზადებელი კომიტეტის სხდომაზე, მისი მეორე უარი მოჰყვა. ყველაფერი ამით დასრულდა კიდეც და საკითხის განხილვა, ვინ იცის, რამდენი ხნით შეჩერდა ორგანიზაციაში, რომელიც გადაწყვეტილებებს 56-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. ეუთოს მეთვალყურეების ცხინვალის რეგიონში 14-წლიანი მუშაობის ბოლო დღედ 30 ივნისი განისაზღვრა.

მაშინვე ადვილი მისახვედრი იყო, რომ იგივე ბედი ელოდა გაეროს მისიასაც აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში, სადაც რუსეთი ასევე დამოუკიდებელი მისიის ამოქმედებას ითხოვდა. გაეროს მეთვალყურეთა მანდატის ორგზის ტექნიკური გაგრძელების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთმა ყველაფრისთვის წერტილის დასმა განიზრახა.

”რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა ვეტო, რაც ყველა დიპლომატიის მარცხად ითვლება, სრულიად სამართლიანად. ვეტო ბირთვული იარაღივით არის - მაშინაც კი, როცა გაქვს, არ უნდა გამოიყენო, რადგანაც ეს არის შენი იზოლაციის, შენი პოზიციის დაუცველობის პირველი ნიშანი” , - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 16 ივნისს გამართულ ბრიფინგზე და მადლობა გადაუხადა გაეროს მეთვალყურეებს აფხაზეთის რეგიონში 16-წლიანი მუშაობისთვის, მაგრამ იქვე გამოხატა თბილისის პოზიცია, რომ საერთაშორისო მისიების შენარჩუნება საქართველოს ტერიტორიული ინტერესების ხელყოფის ფასად ნამდვილად არ უღირს.

ოკუპირებული რეგიონები, ასე ვთქვათ, რუსეთის ბნელი ზრახვების ანაბარად, ამბის გამომტანის გარეშე დარჩა, რადგანაც ამგვარ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება საქართველოში მოქმედ ერთადერთ სამეთვალყურეო მისიას – ევროკავშირის მისიას. აქვე ვთქვათ, რომ მისი მანდატი, 27 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. პრობლემები იოლი დასაძლევი რომ არ იქნებოდა, მისიის ხელმძღვანელმა, გერმანელმა დიპლომატმა ჰანს იორგ ჰაბერმა, მუშაობის დაწყების პირველსავე დღეს, 2008 წლის 1 ოქტომბერს, შენიშნა და აღნიშნა კიდეც, როცა ის ახალგორის რაიონის სიახლოვეს მოსახლეობას ხვდებოდა:

”ხალხს არ უშვებენ ადმინისტრაციული საზღვარი გადალახონ... ზოგს ნათესავები და მეგობრები ჰყავს საზღვრის იქით... მათ ვუთხარი, ვმუშაობთ იმაზე, რომ გაგატარონ საზღვარზე–მეთქი. ეს არ არის მარტივი საქმე, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სვლას ამ მიზნისკენ.” -

ჰანს იორგ ჰაბერის ამ კომენტარიდან უკვე 10 თვე გავიდა, მაგრამ სურათი უცვლელია - ევროკავშირის მისია ადმინისტრაციული საზღვრების გადალახვას ჯერ ისევ ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მეთვალყურეები თბილისის მიერ აღიქმება ერთადერთ ძალად, რომელსაც რუსეთის მორიგი აგრესიის შეკავება თუ არა, ფაქტებზე ობიექტური ინფორმაციის გავრცელება შეუძლია.
ომის წლისთავთან დაკავშირებით ინციდენტების თავიდან აშორების მიზნით, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიამ 6 აგვისტოს პატრულირება გააძლიერა. მისია სტაბილურობის შენარჩუნებას და მშვიდობის ხელშეწყობას ცდილობს და, როგორც 21 ივნისის ფაქტმა ცხადყო, ცდილობს საკმაოდ დიდი რისკის ფასად: აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოძრავი მისი ესკორტი ”წინასწარ განზრახული აფეთქების” სამიზნე გახდა. დაიღუპა ესკორტში შემავალი სასწრაფო დახმარების მძღოლი და დაშავდა ექიმი.

ჯერჯერობით კონკრეტული შედეგები არ გამოუღია საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნებს ევროკავშირის მისიის საპოლიციო ძალებით გაფართოებასა და მათთვის ამერიკელი მეთვალყურეების შეერთებასთან დაკავშირებით. გაღიზიანებული მოსკოვი კი იმედოვნებს, რომ ამერიკელები ამაზე არასოდეს წავლენ. თბილისს ბრალდებას უყენებს და რისკზე საუბრობს კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც: ”განზრახვა მდგომარეობს იმაში, რომ ამერიკელები შეითრიონ საქართველოში და ამერიკელი მეთვალყურეები რუსი სამხედროების გვერდით დააყენონ. შემდეგ კი პროვოკაციის ოსტატები, რომლებიც საკმარისად ჰყავს სააკაშვილს, შეეცდებიან ჩვეული წესით იმოქმედონ. რისკი, რაც ამ განზრახვას ახლავს, გასაგებია... ეს ესმით ევროპაშიც და ეს ესმით შეერთებულ შტატებშიც.”


რუსეთის გაღიზიანების მიუხედავად, თბილისი დარწმუნებულია, რომ მისი სამართლიანი მოთხოვნების დადებითად გადაწყვეტა მოხერხდება, თუმცა დეტალების გასააზრებლად ევროპელებს და ამერიკელებს გარკვეული დრო ესაჭიროებათ. სხვათა შორის, სწორედ ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მოქმედი სამეთვალყურეო მისიის აუცილებლობას გაუსვა ხაზი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა 4 აგვისტოს, როცა მან პრეზიდენტ სააკაშვილს დაურეკა. უცნობია როგორ ჭრილში, მაგრამ ასევე მეთვალყურეების როლი შეახსენა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 4 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს, როდესაც ამ უკანასკნელმა ამერიკელ კოლეგას დაბადების დღის მისალოცად დაურეკა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG