Accessibility links

logo-print

საქართველოს ეკონომიკა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ


ეკონომიკური ინდექსის გრაფიკი

ეკონომიკური ინდექსის გრაფიკი

2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები პოლიტიკური განცხადებების საგნად არაერთხელ იქცა. ზოგი უმუშევრობის კატასტროფულ მატებას იუწყებოდა, ზოგიც ბიზნესის გაზრდილ ზარალსა და პრობლემებს ომს უკავშირებდა. საქართველოს ბიზნესზე რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენის არა პოლიტიკური, არამედ რეალური ეკონომიკური ზემოქმედების შეფასებას ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობდნენ და ეკონომიკის ვარდნის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობდნენ.

რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს ეკონომიკა 8-9 პროცენტით იზრდებოდა, რაც ომის შემდეგ ვარდნით შეიცვალა და ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 2 პროცენტი შეადგინა. მაგრამ ეს ვარდნა არამხოლოდ ომის შედეგია. საბრძოლო მოქმედებები ახალი დასრულებული იყო, როდესაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი გაჩაღდა და ის, ბუნებრივია, საქართველოსაც შეეხო. თუმცა 2009 წლის გაზაფხულამდე ქვეყანაში მომუშავე მცირე, საშუალო თუ მსხვილი კომპანიები თავიანთ პრობლემებს, ძირითადად, აგვისტოს ომს უკავშირებენ. ასევე ფიქრობს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი შოთა მურღულია:

”ძალიან უარყოფითი შედეგები მივიღეთ ამ ომის შედეგად, ეს უკვე თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ: უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, სხვადასხვა სექტორში კრიზისი.”

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ 2008 წლის ნოემბრის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ექვსი სფეროს 400 სხვადასხვა ზომის კომპანიის გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ აგვისტოს ომმა, როგორც შემოსავლებზე, ასევე დასაქმებაზე ნეგატიური ზეგავლენა იქონია. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, საქართველოში სამეწარმეო გარემოს ხელშეწყობის პროექტის მენეჯერის ირინა კოკაიას კომენტარი ასეთია:

”შედეგები არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, უარყოფითი გავლენა იქონია ამ მოვლენებმა საწარმოების 77 პროცენტის შემოსავლებზე. მაგრამ ოპტიმიზმი ისევ ძლიერია და საწარმოთა 75 პროცენტს მიაჩნია, რომ მათი შემოსავლები გაიზრდება საშუალოვადიან პერსპექტივაში. ასეთ შემთხვევაში მათ იმედი აქვთ იმისა, რომ ის მოვლენები დასრულდა და ოპტიმისტურად არიან განწყობილი.”

ირინა კოკაიას აზრით, ეს მაჩვენებელი, გარკვეულწილად, მსოფლიოს ფინანსური კრიზისის შედეგებსაც ასახავს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს კომპანიების დიდმა ნაწილმა, დაახლოებით 75-მა პროცენტმა, ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით საშუალოვადიან პერსპექტივაში მაღალი ოპტიმიზმი გამოავლინა.

ოპტიმიზმი ჩანს იმაშიც, რომ მოსახლეობამ ომის დროს ბანკებიდან გატანილი ანაბრები – დაახლოებით 400 მილიონი ლარის დიდი ნაწილი – უკან, ბანკებში, დააბრუნა.

ეს ოპტიმიზმი დაინგრა 2009 წლის გაზაფხულზე და არა საომარი მოქმედებების, არამედ შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის – მასშტაბური და დროში გაწელილი საპროტესტო აქციების – მიზეზით. ამას უკვე აღარავინ ფარავს და ეს ნათლად ჩანს საბიუჯეტო შემოსავლებისა თუ საბანკო დეპოზიტების დინამიკიდან. საპროტესტო აქციების დროს ბანკებში იმაზე მცირე თანხა დარჩა, ვიდრე აგვისტოს ომის შემდგომ დღეებში. საერთო ჯამში, აპრილ–მაისის პოლიტიკური მოვლენების შედეგად, ეკონომიკის ნავარაუდევი 2 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები 1.5 პროცენტიან ვარდნას ვარაუდობენ.

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნის სტიმულირების ახალი პაკეტი შეიმუშავა. ამ გეგმის მთავარი მიზანია კომერციულ ბანკებს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათ საკრედიტო აქტიურობა საგრძნობლად გაზარდონ., სტიმულირების პაკეტი სამშენებლო ბიზნესის გამოცოცხლებასაც ითვალისწინებს. საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ამბობს, რომ შედეგები საგრძნობი შემოდგომაზე გახდება:

„კრედიტების გაცემა უფრო გამარტივდება და უფრო გაიზრდება საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელები. აი, ამას უკვე დავინახავთ და ეს რეალურად აისახება მოსახლეობაზე და ბიზნესზე.“

თუმცა მთავრობის ეკონომიკური გეგმის განხორციელებამდეც, საპროტესტო აქციების შეწყვეტის ფონზე, საბანკო სექტორმა გამოცოცხლება დაიწყო.ბოლო ორი თვის მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საბანკო ანაბრების რაოდენობა სულ უფრო იზრდება და შარშანდელი აგვისტოს მაჩვენებლებს უახლოვდება. ეს კი ბანკებს სტაბილურობის განცდას უქმნის და ისინი სულ უფრო თამამად იწყებენ მოსახლეობის ბიზნესაქტივობის დაკრედიტებას. ამ ურთიერთკავშირის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი საუბრობს:

„კრედიტი არის ბიზნესის მამოძრავებელი ძალა. უკრედიტოდ ძალიან რთულია ვინმემ განავითაროს ბიზნესი. მგონია, რომ, თუ საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნდა, ბანკები ნელ-ნელა უფრო გაბედულად და უფრო იაფად გასცემენ სესხებს.“

საქართველოს ხელისუფლება თავს იწონებს, რომ, მიუხედავად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციისა, საქართველოს ეკონომიკამ, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, უკეთ გაუძლო სირთულეებს და არ დაინგრა. ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს, ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური რეფორმების გარდა, დიდწილად, იმის შედეგია, რომ საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ 4 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას იღებს.
XS
SM
MD
LG