Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომიდან ერთი წლის შემდეგ დევნილები სამსახურს ითხოვენ


დევნილი ბავშვები
დევნილი ბავშვები
აგვისტოს ომის შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა, თბილისში კი ისევ რჩება 117 ადგილი, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე ცხოვრობენ. ზოგი კუთვნილი ფულადი დახმარების მოლოდინშია, ზოგი დევნილთა ახალ დასახლებაში ერთსართულიანი სახლის მიღების იმედზეა. რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში ამ ერთი წლის განმავლობაში და რა პრობლემები დაძლია ომგამოვლილმა ქვეყანამ?

აგვისტო, 2009 წელი, თბილისი. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან ერთი წელი გავიდა. კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი გამომცემლობის შენობასთან, კოდორიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ხალხია თავმოყრილი. კუთვნილ პურს ელოდებიან. ორ დღეში ერთხელ პურს მათ უფასოდ აძლევენ.

თამარ ჩხეტიანი უკვე რვა თვეა მეუღლესთან ერთად იქ ცხოვრობს. მისი ოთახისკენ მივდივართ, რომელსაც ცარცით აწერია მისი გვარი და # 14.

“ორი სახლი დავტოვე კოდორში: ერთი – პატარა, მეორე – დიდი. ყველაფერი დარბეულიაო და გარეთ ყრიაო, ამბობენ. ყოველდღე მაკარონს და თეთრ ლობიოს ვინ შეჭამს. გაჩვენებთ, ტომრით მიდგას. პენსიით ვყიდულობთ კიტრს და პომიდორს. ფული არ გვყოფნის, მაგრამ რა ვქნათ...არავინ მუშაობს... ისე, კოდორში სკოლაში ვმუშაობდი.” - თამარ ჩხეტიანი ამბობს, რომ დევნილთა დასახლებაში ცხოვრებაზე იმ მოტივით თქვეს უარი, რომ წყალი არ იყო. შემდეგ გადაწყვიტეს ფულადი დახმარება აეღოთ და თავად შეეძინათ სახლი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სიაშიც არ არის. დღემდე ელის რას გადაწყვეტს შესაბამისი კომისია.

ცხინვალის თეატრის ყოფილი მსახიობის გენო ნაფიშვილის ოთახში ერთი საწოლი და ერთიც ძველი ტახტი დგას. გადასაფარებელი მეგობარმა გამოუგზავნა წეროვანიდან. მანამდე გაზეთები მქონდა გაფენილი და იმაზე ვიწექიო. აგვისტოს მოვლენების დროს მას გორში ბინა დაეწვა. ერთადერთი, რასაც ითხოვს, სამსახურია: ” არც ამათი ”პაიოკი” მინდა, არც არაფერი. რამე სამსახური მოგვცენ ოღონდ, ყველას ეს პრობლემა აქვს.”

ნაფიშვილის შემოსავალი მისი პენსიაა. ამბობს, რომ, დახმარების სახით, ერთხელ მისცეს 125 ლარი, შემდეგ კიდევ 25 და ბოლო 25 ლარი დღემდე მოსაცემი აქვთ. საკვები რაციონიც ისევ იგივეა: ” მოაქვთ მაკარონი, ზეთი, თეთრი ლობიო, რომელიც არ იჭმება. აი, გაკეთებული მაქვს და ვერ ვჭამ. მარილი – ასი გრამი...”

ერთი წლის წინ კი თბილისს დევნილების 200 ათასიანი ნაკადი მოაწყდა. ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სხვა სახელმწიფო დაწესებულებები აივსო ომისგან დაზარალებული ადამიანებით. მაშინ პურს ასე მშვიდად არ ელოდნენ. ერთ-ერთ გამანაწილებელ პუნქტში კი ასეთი ხმაური იყო:

” რიგი დაიკავეთ, ხალხო! ადით, მაღლა ადით... ყველა აქეთ გადმოდით... შენ რომ იღებ, მეორეს აღარ უნდა? შეგხვდებათ ყველას, დაწყნარდით”...

დევნილები ითხოვდნენ ყველაფერს: ” თეთრეული, ლოგინი, თეფში, ჭიქა, ჭურჭელი, ქალის ფეხსაცმელი, მამაკაცის შარვლები, პამპერსები... პროდუქტები”...

2008 წლის ოქტომბერში, როდესაც ე.წ. კარვების ქალაქები დაიშალა და ხალხი ნელ-ნელა გადაიყვანეს სპეციალურად მათთვის აშენებულ დასახლებებსა და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, სანდრო ეულის 3-ში მცხოვრები თამუნა ქავთარაძე ისევ შველას ითხოვდა: ” საბნები არა გვაქვს, ბავშვებს სცივათ.”

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობდა. რადიო თავისუფლებას კობა სუბელიანმა ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ უთხრა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა არ მიგვეღო: ” ცეცხლის შეწყვეტიდან ორთვე–ნახევარში შევძელით ის, რომ კარვები დავკეცეთ საერთოდ. სახელმწიფომ კი იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ვინმეს შეეძლო ეს წარმოედგინა.”

სუბელიანის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილი ერთი წლის წინანდელი სიტუაციის ახლანდელთან შედარებისას გვეუბნება, რომ დევნილების უმრავლესობას დღეს აქვს საკუთარი სახლი და მიწა, რომლის დამუშავებაც შეუძლიათ. ანუ, მისი სიტყვებით, თუ მაშინ ამ ხალხის გადარჩენა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა იყო მთავარი, ახლა საუბარი მიდის მათ რეინტეგრაციაზე დანარჩენ საზოგადოებასთან. კოპალეიშვილის ინფორმაციით, დევნილების პირველი ნაკადი 200 000 ადამიანს შეადგენდა. შემდეგ, როდესაც რუსებმა გორი და მისი მიმდებარე სოფლები დატოვეს, ეს რიცხვი 137 000 ადამიანამდე შემცირდა. დღეს კი იმ დევნილთა საერთო რიცხვი, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილას, დაახლოებით 27 000–ია. მარტო თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული 117 ადგილია, დასახლება კი 36. ვალერი კოპალეიშვილი ამბობს: ”მალე კიდევ ორი ახალი დასახლების მშენებლობა დასრულდება, სადაც 400-მდე ოჯახი ჩასახლდება. ხალხის ნაწილმა, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობდა, ისევ განაგრძო მუშაობა, ხოლო ვინც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული, მათაც შეექმნათ პირობები დასახლებებში.”

პრობლემად დღემდე რჩება ამ დასახლებებში სკოლების და სამედიცინო დაწესებულებების არარსებობა. დღემდე უახლოეს ცენტრებამდე ბავშვები სკოლაში სპეციალურად დანიშნულ ავტობუსს მიჰყავდა. ახლა, როგორც კოპალეიშვილი ამობს, სკოლები და საავადმყოფოები მშენებლობის პროცესშია.

გორის საბავშვო ბაღში ვენერა ეცადაშვილი ომის შემდეგ ცხოვრობს. მასთან ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ ივნისში ჩაწერა. იქ დღემდე რამდენიმე ოჯახს ერთი საზიარო ქვაბი აქვს. ჩივიან, რომ დროდადრო საკვებსაც ვერ იღებენ: ”აი, ერთი ბეწო პურს გვაძლევენ, მიდი და იმყოფინე.. ადრე საკვები ნორმალურად იყო, მოჰქონდათ, მაგრამ ამ ბოლო დროს აურიეს, აღარაფერს აღარ გვაძლევენ.”

დევნილების უმრავლესობამ, კოპალეიშვილის თქმით, უკვე მიიღო დევნილის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ კანონი განსაკუთრებით იცავს. თუმცა რეალობა, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით, უამრავ კითხვას აჩენს.

უპასუხო კითხვებიდან კი ყველაზე მტკივნეული მაინც ისაა, როდის დაბრუნდებიან ეს ადამიანები საკუთარ სახლებში.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG