Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მოქმედ ბლოგერზე კიბერშეტევას მთელი ინტერნეტსივრცის მასშტაბით მოჰყვა შედეგები


გავრცელებული ინფორმაციით, კვლავ გრძელდება კიბერშეტევა საქართველოში მოქმედ ბლოგერზე, რომელიც ინტერნეტში ”Cyxymu”-ს სახელით არის ცნობილი, და აქტიურად წერს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. გუშინ ბლოგერი იქცა სამიზნედ კოორდინირებული, მასშტაბური შეტევისა, რომლის შედეგები მთელს ინტერნეტსივრცეში ასობით მილიონმა მომხმარებელმა იგრძნო. რამდენიმე საათით გაითიშა მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელის საიტი Twitter-ი. შეტევა Google-ის, LiveJournal-ისა და Facebook-ის სერვისებზეც აისახა. საიტები რამდენიმე საათით გაეთიშათ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებსაც. სპეციალისტების ცნობით, ქართველი ბლოგერის წინააღმდეგ „ბოტნეტად“ წოდებული შეტევა განხორციელდა. „ბოტნეტს“ იწვევს ვირუსი, რომელიც მსოფლიოში მოქმედ მილიონობით კომპიუტერში შეღწევის შემდეგ ამ კომპუტერებიდან სიგნალს ერთდროულად მიმართავს მიზანში ამოღებული ვებგვერდისკენ, რომელიც დატვირთვას ვერ უძლებს და ითიშება. BBC-ის ცნობით, ბლოგერი - რომლის ნამდვილი სახელი გიორგია - შეტევაში რუსეთს ადანაშაულებს, თუმცა უსაფრთხოების სპეციალისტები ვერ ადასტურებენ, რომ ამ შეტევის უკან სახელმწიფო იდგა. აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან, აგვისტოს ომის დროს, ამავე ტიპის კარგად კოორდინირებული შეტევა განხორციელდა რამდენიმე ქართული საინფორმაციო ვებგვერდისა და საქართველოს ხელისუფლების და რამდენიმე ვებგვერდის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG