Accessibility links

logo-print

ხუთდღიანი ომის ქრონიკა ჩვენი კორესპონდენტის ჩანაწერების მიხედვით


კობა ლიკლიკაძე იგოეთთან, 2008 წლის აგვისტო

კობა ლიკლიკაძე იგოეთთან, 2008 წლის აგვისტო

არ ვიცი, რატომ, მაგრამ საქართველოში ყველა ტერიტორიული კონფლიქტი სწორედ ზაფხულში, მეტწილად კი, აგვისტოში იწყება: აფხაზეთში - 1992 წლის 14 აგვისტოს, ყოფილ ე.წ. სამხრეთ ოსეთში - 2004 წლის ივლის-აგვისტოში და ისევ ყოფილ სამხრეთ ოსეთში - 2008 წლის 7 აგვისტოს. ყველა ომი, როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, გარდაუვალი იყო და თავსმოხვეული. ამაში თითქოს ისიც უნდა იგულისხმებოდეს, რომ ასევე გარდაუვალი იყო ყველა ტერიტორიულ კონფლიქტში საქართველოს დამარცხება. თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რაღაც უფრო უკეთესის იმედს იძლეოდა. ოფიციალური ვერსიით, მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩასახშობად 7 აგვისტოს გვიან ღამით დაწყებული იერიში ქართულმა სამხედრო ძალებმა წარმატებით განავითარეს. ყოველ შემთხვევაში, 8 აგვისტოს დილით, როდესაც ტელეკომპნია “აჭარის” გადამღებ ჯგუფთან ერთად გორში, სამთავრობო პრესცენტრში, მივედი, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ომი თითქმის დამთავრებული ჩანდა:

“იცით, რომ ამ დროისათვის ცხინვალის დაახლოებით 70 პროცენტი - მე ვგულისხმობ თვითონ ქალაქს და მის შემოგარენ სოფლებს - დაკავებულია ჩვენი ჯარების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების და ასევე მათი, ვინც ჩაბმულია საბრძოლო მოქმედებებში იქითა მხარეს. ამ მიზნით ჩვენ ერგნეთში ვაცხადებთ სპეციალურ პუნქტს და ვაცხადებთ კორიდორს.”

რა ხელი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებებთან თბილისის მერს გიგი უგულავას, მართალი გითხრათ, არ მიკითხავს, რადგან იმ წუთში თავისთავად ინფორმაცია იყო მნიშვნელოვანი. თანაც, შემდეგ იარაღის დაყრისა და ჩაბარების მოწოდებით ოსური ფორმირებების მებრძოლებს - ვიმეორებ, ოსური ფორმირებების მებრძოლებს - ოსურ ენაზე ალტერნატიული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა მიმართა. საერთოდ, რუსის სამხედროებზე ან რუსეთიდან შემოსულ რეგულარულ რუსულ ნაწილებზე პირველ ხანებში არავინ საუბრობდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს საღამოს განაცხადა, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერები რუსეთის კონტროლიდან გამოვიდნენ:

“ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებოდით რუსეთის ადგილობრივი სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასთან. სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობამ განგვიცხადა რამდენიმე საათის წინ, რომ მათ მთლიანად აქვთ დაკარგული კონტროლი სეპარატისტებზე. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს, როგორც ამბობენ, ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს კონფლიქტის ზონაში სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიღებას.”

რუსეთის ასეთი დამოკიდებულება რაღაც გვერდზე გადგომას ჰგავდა. მაგრამ ნუთუ ეს შესაძლებელია? კოკოითი გამოვიდა კრემლის კონტროლიდან და საკუთარი ძალების იმედად გადაწყვიტა საქართველოს წინააღმდეგ ომი?

ამ ყველაფერს რაღაც საშიში პროვოკაციის სუნი ასდიოდა.

მართლაც, სულ მალე გაირკვა, რომ ოს სეპარატისტებზე არათუ კონტროლი არა აქვთ დაკარგული, არამედ სწორედ რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ ვითარებას მთელ ფრონტის ხაზზე. თბილისის მერს ერგნეთთან ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე დასრულებულიც არ ჰქონდა საუბარი, რომ გორი პირველად დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ. ეს მოხდა 8 აგვისტოს, დილის 9.40 წუთზე. ასეა დაფიქსირებული ჩემს ხმის ჩანაწერზე:

“რა მოხდა, რა ამბავია?
“ბომბები ჩამოყარეს კარუსელის უკან და სკალდებთან. ელექტროფიკაციის დასახლებაა, მაგრამ ხალხი არ ცხოვრობდა.”
“საით მიდიხართ, ხალხო?”
“თბილისში.”

ძალიან წინააღმდეგობრივი ჩანდა და დამაჯერებლობა აკლდა ინფორმაციას ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის გაკონტროლების შესახებ. გორის მოსახლეობა, რომელსაც სატელეფონო კავშირი ჯერ კიდევ ჰქონდა ცხინვალთან, სულ სხვა რამეს ჰყვებოდა. საერთოდ, ომის დროს მოწინააღმდეგე ღია კავშირის საშუალებებს ხშირად იყენებს დეზინფორმაციისათვის. მახსოვს, ჩემს კოლეგებს ისიც კი ვუთხარი, ცოტა ფრთხილად მოჰკიდებოდნენ მოსახლეობაში გავრცელებულ ხმებს. მაგრამ რაღაც მთლად კარგად რომ ვერ იყო, ცხადი იყო. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის წევრმა გოკა გაბაშვილმა, რომელიც საქართველოს მთავრობის გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი იყო, “ცხინვალის კონტროლის” განსხვავებული ინტერპრეტაცია მოგვაწოდა. 8 აგვისტოს დილის 12 საათი და 30 წუთია:

“ვთქვათ, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ყველა სტრატეგიული სიმაღლე - როგორც აღმოსავლეთის მხრიდან, ისე დასავლეთის მხრიდან და ისე სამხრეთის მხრიდან - დაკავებულია ჩვენი პოზიციების მიერ. ჩრდილოეთის მხრიდან იცით, რომ ისედაც ჩვენი პოზიციები იყო.”

რადიო თავისუფლება: “შეიძლება თუ არა, რომ დღეს ცხინვალში შევიდნენ ქართული შეიარაღებული ძალები?”

გ. გაბაშვილი: “რა ვიცი, ბრძოლები მიმდინარეობს და არაფერი გამორიცხული არ არის.”

გორში ტელეკომპანია “თრიალეთში” განლაგებულ პრესცენტრში ავედი, ჩემი მეგობარი ირაკლი ალადაშვილი ვნახე. სამახსოვრო ფოტო გადავიღე. რამდენიმე უცხოურ არხს ჩავერთე გორიდან. მათი ინფორმაცია საგანგაშოა: ცხინვალიდან ქართულმა ნაწილებმა უკან დაიხიეს, არის მსხვერპლი, - იტყობინებიან ისინი.

მე ისევ ტელეკომპანია “აჭარის” გადამღებ ჯგუფთან ერთად ერგნეთისკენ მივდივარ, რათა ჩემი თვალით ვნახო, თუ რას ნიშნავს ჰუმანიტარული დერეფანი და გავიგო რა ხდება ცხინვალში, რომელიც ერგნეთიდან სულ რაღაც 5 კილომეტრშია. სოფელ მეღვრეკისამდე დაუბრკოლებლად მივედით. რუსეთის სამშვიდობო ჯარების პოსტიდან 20-30 მეტრში გავჩერდით. რუსი ცისფერჩაფხუტიანი სამხედროები საკონტროლო-გამშვები პუნქტის შიგნით მშვიდად გადაადგილდებიან. 10 წუთში ჰაერში რუსული ავიაცია გამოჩნდა. ჯერ ერთი წყვილი შემოფრინდა, შემდეგ – მეორე. ან სუ-25-ები იყო, ან სუ-24. ძალიან დაბლა დაეშვნენ. ეს უტყარი ნიშანი იყო, რომ ბომბდამშენები შეტევას იწყებდნენ. რამდენიმე კამერა იღებდა დაბომბვას, ზოგიერთი ტელეარხი –პირდაპირ ეთერშიც. ჩვენ კი ვდგავართ და ერთმანეთში ვმარჩიელობთ. ჯერ კიდევ არ ვიცით ამ დაბომბვის ნამდვილი და შემზარავი შედეგი.

დაბომბვიდან რამდენიმე წამში ცხინვალის მისადგომები ცეცხლის და კვამლის ალმა დაფარა. კვამლის ამ ბურუსიდან, ერთიმეორის მიყოლებით, დიდი სიჩქარით მოექანებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნომრიანი სამხედრო ჯიპები, ე.წ. “პიკაპები” და “ჰაი-ლუქსები”, რომელთა ძარაზეც დაჭრილი და დახოცილი ჯარისკაცები იყვნენ. თანამებრძოლებს ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიჰყავდათ. მანქანების შემდეგ ცხინვალის მხრიდან უსისტემოდ მომავალი რამდენიმე ჯარისკაცი გამოჩნდა. ათმეთაურმა მათ უბრძანა ჟურნალისტებთან არაფერი ეთქვათ, მაგრამ ყველაფერი უთქმელადაც ნათელი იყო: რუსულმა ავიაციამ ქართული სამხედრო კოლონა დაბომბა, რუსეთი შეტევაზე გადმოვიდა, ცხინვალზე კონტროლი დაიკარგა, ქართული ჯარი უკან იხევდა... 8 აგვისტოს შუადღის 16 საათი იყო.
XS
SM
MD
LG