Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის წლისთავის ემოციური კვირა


ომის წლისთავის აღნიშვნა საქართველოში შუაღამისას ერთიანობის კოცონის დანთებით დაიწყო. 7 აგვისტოს დადგომისას, პირველ წუთებში, კოცონი, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში - ქალაქსა თუ სოფელში - დაინთო, რასაც მთელი დღის განმავლობაში არაერთი ღონისძიება მოჰყვა. დღემ სევდიანი ოპტიმიზმის ემოციით ჩაიარა. სახელმწიფო დროშები დაშვებული იყო 15 საათამდე - მანადე, ვიდრე წუთიერი დუმილით საქართველოში პატივს მიაგებდნენ აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ერთი წუთით მოძრაობა შეწყდა, ქუჩებში გაჩერდნენ ფეხით მოსიარულეები, შეჩერდა ტრანსპორტის მოძრაობა, რამდენიმე წუთში კი საქართველოში მოქმედმა ყველა ტაძარმა ერთდროულად დარეკა ზარები. 7 აგვისტოს, დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ერთმანეთს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. ითქვა არაერთი სევდიანი და თბილი, მადლიერებით აღსავსე სიტყვა აგვისტოს ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების, ჯარისკაცებისა თუ პოლიციელების მისამართით.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ხალხი რუსეთის ოკუპაციის ხანგრძლივი ისტორიის ამსახველ აქცია-გამოფენას წვიმაში ათვალიერებდა. ასევე წვიმდა შიდა ქართლშიც, სადაც გორის ციხეზე მოძრაობა ”7 აგვისტოს” ახალგაზრდებმა სახელმწიფო დროშა გაშალეს. აქციაში 500-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. საქართველოს რეგიონებში - მათ შორის, ენგურის ხიდთან და გორში - რამდენიმეკილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი გადაიჭიმა. პარალელურად, რეგიონებში ერთდროულად შესრულდა საქართველოს ჰიმნი. ამ და 7 აგვისტოს გამართულ კიდევ არაერთ სხვა ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ერთიანობისკენ მოწოდება და საქართველოს მისწრაფება მშვიდობიანი განვითარებისკენ. თუმცა არაერთხელ აღინიშნა და, მათ შორის, ხელისუფალთა მხრიდანაც, რომ საქართველო ვერასოდეს შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას და რომ მშვიდობიანი ბრძოლა გრძელდება. 7 აგვისტოს გორიდან პრეზიდენტმა სააკაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდა: ”დაგვეხმარეთ მშვიდობის დაცვაში, დაგვეხმარეთ იმაში, რომ ვერასდროს ვეღარ წაიწიონ წინ ინტერვენტებმა და, პირიქით, დაიხიონ უკან.” პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ”ყველა პროგრესულ ქვეყანას” იმისთვის, რომ დღეს საქართველო ოკუპანტების პირისპირ მარტო არ არის.

აგვისტოს ომის წლისთავი საქართველომ რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიისთვის მზადყოფნის ფონზე აღნიშნა. კვირის მანძილზე არაერთხელ გაისმა რუს მაღალჩინოსანთა კომენტარები, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში კრემლმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და რომ მზად არის თითქოსდა საქართველოსგან მოსალოდნელ პროვოკაციებს საკადრისი პასუხი გასცეს. პროვოკაციებთან დაკავშირებული ბრალდებები კი რუსეთმა საქართველოს მისამართით ბოლო დღეებში არაერთხელ გაახმაურა.

თავის მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავდასხმების შესახებ ინფორმაციას თბილისიც ავრცელებს. ასე მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 აგვისტოს, 21:30 წუთზე, ცხინვალის რეგიონიდან ცეცხლი გაუხსნეს სოფელ ფლავისმანში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს. სავარაუდოდ, გასროლა მოხდა ხელის ყუმბარტყორცნიდან, რომლის 2 ჭურვი საგუშაგოსგან მოშორებით, ხოლო ერთი უშუალოდ მის სიახლოვეს აფეთქდა. სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასევე 3 აგვისტოს გავრცელდა ევროკავშირის სახელით ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის, შვეციის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ვკითხულობთ: ”ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელიც საქართველოში ადგილზე პატრულირებს, დღეისათვის ვერ აღმოაჩინა კვალი იმისა, რაც დაადასტურებდა მხარეების ურთიერთბრალდებებს ჭურვების სროლასთან დაკავშირებით.” ურთიერთბრალდებების დამადასტურებელი მასალები მისიის მხრიდან კვირის არც მომდევნო დღეებში გავრცელებულა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, აგვისტოს ომის წლისთავის გამო საკმაოდ ”დამუხტული” სიტუაციის განსამუხტად, 6 აგვისტოს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია პატრულირების საგანგებო, გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.

რეგიონში სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით 4 აგვისტოს მღელვარება გამოხატა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, როდესაც მან საგანგებოდ დაურეკა პრეზიდენტ სააკაშვილს. ბაიდენმა აღნიშნა მხარეების მიერ თავშეკავების აუცილებლობა და საერთაშორისო მეთვალყურეების მუშაობის საჭიროება ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს. ასევე საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე საუბარში გადაიზარდა რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მხრიდან ამერიკელი კოლეგისთვის დაბადების დღის ტელეფონით მილოცვა. ბარაკ ობამამ მედვედევს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის სათანადოდ ამოქმედების აუცილებლობა შეახსენა და საერთაშორისო მეთვალყურეების სრულყოფილ მუშაობას მანაც გაუსვა ხაზი.

ხსენებული სატელეფონო ზარები რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის პრევენციად შეაფასა საქართველოს ხელისუფლებამ და ამავე კონტექსტში აიხსნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარმომადგენლის, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დენიელ ფრიდის ერთდღიანი ვიზიტი 6 აგვისტოს. თუმცა ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარე კონსულტაციების შინაარსი მედიისთვის ბოლომდე ხელმიუწვდომელი დარჩა. თავად დენიელ ფრიდმა ვიზიტის ერთადერთ მიზნად ძველი მეგობრების მონახულების სურვილი დაასახელა.

ამერიკა ყურადღებით რომ აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ეს რადიო თავისუფლებისთვის 6 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე დენიელ ფრიდის ამჟამინდელმა შემცვლელმა ფილიპ გორდონმაც დაადასტურა. შექმნილ სიტუაციას ის ”ძალიან სერიოზულს” უწოდებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ სამხედრო კონფლიქტი არ განახლდება.

”ადგილზე დიდი რაოდენობით სამხედრო ძალაა და დაძაბულობა ორივე მხარეს იგრძნობა. არ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ომის განახლება რეალურია. ამის აღსაკვეთად ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ სიტუაციის სერიოზულობასაც სათანადოდ ვაფასებთ. სწორედ ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ ორივე მხარესთან და ვცდილობთ ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდოთ”, - აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

ფილიპ გორდონის თქმით, შეერთებული შტატები ვერ ხედავს ”სეპარატისტული კონფლიქტების სამხედრო გზით გადაჭრის პერსპექტივას”, მას კონფლიქტის თავიდან აცილება სურს და ამიტომ ამჟამად ამერიკა საქართველოს იარაღით არ ამარაგებს. თუმცა სახელმწიფო მდივნის მოადგილე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს იმასაც, რომ ”რუსეთის განსასაზღვრი არ არის, თუ როგორ დაიცავს თავს საქართველო.”

ამ კონტექსტში აღსანიშნავია შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის სისტემების მიწოდებას. ვერშბოუმ ეს განცხადება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე 4 აგვისტოს გააკეთა. მოსმენა საგანგებოდ ეძღვნებოდა საქართველოს და ამაზე მიუთითებს მისი სახელწოდებაც - ”საქართველო - ერთი წელი აგვისტოს ომიდან”. ითქვა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეხმარება საქართველოს ”თანამედროვე, დასავლეთზე ორიენტირებული, ნატოსთან ერთად მოქმედების, ტერიტორიის დაცვისა და კოალიციის მოქმედებაში წვლილის შეტანის უნარის მქონე შეიარაღებული ძალების შექმნისკენ სვლაში."

სენატში გამართულ მოსმენაზე განხილული იყო საქართველოს ამჟამინდელი შიდაპოლიტიკური ვითარებაც. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა აღნიშნა, რომ "საპროტესტო გამოსვლები ასახავს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების საჭიროებას რიგ სფეროებში, როგორიც არის მედიის დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობის განმტკიცება (სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის გზით), პოლიტიკური პლურალიზმი, გაძლიერება და გააქტიურება სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელსაც მთავრობასთან თანამშრომლობის მეტი საშუალება ექნებოდა." ამერიკა საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებებითაც ჰპირდება.

აქვე ვთქვათ, რომ მიმდინარე კვირაში გაფორმდა პირველი ხელშეკრულება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში. 6 აგვისტოს საქართველოს განათლების სამინისტროში მინისტრმა ნიკა გვარამიამ და ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში ქვეყნების სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.

ომის წლისთავის კვირაში არაერთხელ და სხვადასხვა დონეზე შეფასდა შარშანდელი აგვისტოს მოვლენები. 6 აგვისტოს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს მთავრობის ანგარიშისა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სრულმასშტაბიან აგრესიასთან დაკავშირებით. ანგარიში მოიცავს 300 დოკუმენტს, ვიდეო, აუდიო თუ ტექსტურ ფაილებს, რომელთა ერთი ნაწილი კონფიდენციალური იყო და რომლებიც, სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თუმურ იაკობაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან აგვისტოს ომის წინასწარ დაგეგმვასა და განხორციელებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

რაც შეეხება ქვეყნის შიდაპოლიტიკური ცხოვრების კვირის მანძილზე გამოვლენილ აქცენტებს, მიმდინარე კვირაში არასაპარლამენტო ოპოზიცია კვლავაც საუბრობდა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე, რომელიც მათი მომხრეების ცემითა და შეურაცხყოფით ვლინდება. ნინო ბურჯანაძის პარტიის მიერ გახმაურებულ ამგვარ ბრალდებას მიმდინარე კვირაში სხვა პოლიტიკური ძალების მსგავსი ბრალდებები მოჰყვა, შემდეგ კი არასაპარლამენტო ოპოზიციამ ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნა. “საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა “დემოკრატიის ახალი ტალღის” დაწყების შესახებ. სინამდვილეშე კი, ვიზიტის დასრულებისთანავე განახლდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა და საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეებთან დაუნდობელი მეთოდებით ანგარიშსწორება. მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მართლაც ძვირფასია თავისუფლების იდეალები: ერთიანი ძალებით აღვუდგეთ წინ ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე უფრო სამარცხვინო ფორმას XXI საუკუნეში - სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების დატერორებას განსხვავებული შეხედულებების გამო”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

სწორედ პოლიტიკური დევნის შეჩერება დაასახელა 6 აგვისტოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მისვლისა და პრეზიდენთან შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ირაკლი ალასანიამ, პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა: ”... და ამასთან დაკავშირებით, ძალიან კარგია, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელებთან ოთხშაბათს გაიმართება შეხვედრა. თუკი შედგა ეს შეხვედრა კონსტრუქციულად, შესაძლებლობა იქნება, გაჩნდეს ახალი პოლიტიკური დიალოგი მხარეებს შორის.”

12 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ირაკლი ალასანიამ ახსენა, განხილული იქნება ოპოზიციის ბრალდებები მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე თავდასხმების კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. გავრცელებული ცნობით, შეთანხმება მიღწეულია ასევე საგარეო საფრთხეებისადმი პოლიტიკური სპექტრის ერთიანი მიდგომების შემუშავების თაობაზე.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარტია „თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია და მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, ასევე დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან და დეპუტატი პეტრე მამრაძე, ზურაბ ნოღაიდელის პარტიიდან „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 აგვისტოს შეხვედრას საერთო ენის გამონახვის გზაზე ”უმნიშვნელოვანესი პირველი ნაბიჯი” უწოდა და მსგავს შეხვედრებზე დასწრებისკენ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუწოდა, თუმცა მიპატიჟებულთა მხრიდან ამგვარი სურვილი ჯერჯერობით არ გამომჟღავნებულა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG