Accessibility links

”დევნილთა ძველი ტალღა” და ”დევნილთა ახალი ტალღა” - ხელისუფლების წარმომადგენლებიც და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებიც ბოდიშს იხდიან იმის გამო, რომ ასეთი ტერმინების ხმარება უწევთ, მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ სხვანაირად ერთმანეთისგან ვერ მიჯნავენ 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს და იმათ, შარშან აგვისტოს ომის დროს რომ დატოვეს თავიანთი სახლ-კარი. რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დევნილთა პრობლემებზე დღეს, როცა აგვისტოს ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა?

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობა” 1996 წლიდან მუშაობს დევნილთა საკითხებზე. მისმა წარმომადგენელმა მარინა ფოჩხუამ მონაწილეობა მიიღო ზაფხულის დასაწყისში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაში ”ქართველი დევნილების ხვედრი” - ძალიან კრიტიკული იყო მისი მოხსენება, თუმცა, მარინა ფოჩხუას აზრით, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებისთვის ხელისუფლებამ გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე შევარდნაძის ხელისუფლებამ 90-იანი წლების დევნილთა ეგრეთ წოდებული ”ძველი ტალღისთვის”.

ახალი ტალღის დევნილებს ბევრი რამ ლამაზად შეუფუთეს, მაგრამ რეალურად მათი მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. საინტერესოა, რომ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, წესით, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები უნდა განეხილათ, მაგრამ ძირითადი დრო ისევ პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეს, ჰუმანიზმის დეფიციტს, ადამიანის უფლებებს დაეთმო. მარინა ფოჩხუამ, მაგალითად, აღიარა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ხელისუფლებამ ყურადღება გადაიტანა ახალი ტალღის დევნილებზე, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ძველი ტალღის დევნილების მდგომარეობა და გარკვეულ ჯგუფებში გაამძაფრა აგრესია, ხელისუფლების მიმართ უნდობლობა. ამას ემატება ინფორმაციის ნაკლებობაც, რაც, მარინა ფოჩხუას თქმით, აშკარა გახდა დევნილებით დასახლებულ ორას ორმოცდაათ უბანში ჩატარებული კვლევის პროცესში. ”თანხმობა” კვლევასთან ერთად იურიდიულ კონსულტაციებსაც უტარებდა დევნილებს. აღმოჩნდა, რომ დევნილთა უმრავლესობამ არ იცის როგორ მოიქცეს, როცა ხელისუფლება მათ უფასო ელექტროენერგიას ჰპირდება, მაგრამ დენს უთიშავენ გადაუხდელობის გამო; კარგად ვერ ერკვევა პრივატიზაციის ნიუანსებში (მარინა ფოჩხუას თქმით, დევნილი, რომელიც ცხოვრობს კომუნალურ ცენტრში, იკანონებს მხოლოდ იმ ფართს, რომელიც მანამდე გამოუყვეს - ხშირად ესაა მხოლოდ 6 კვადრატული მეტრი ფართი).

სოციალური პრობლემები მთავარია, მაგრამ მიზანი, ცხადია, არა ფართობის დაკანონება თუ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, არამედ მშობლიურ სახლში დაბრუნებაა. დისკუსიები, რომლებიც ქართველი დევნილების ცხოვრებას ეძღვნება, ძირითადად, ძალიან პესიმისტურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პერსპექტივაზე იწყება მსჯელობა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის წარმომადგენელი მედეა ტურაშვილი ამბობს, რომ დაბრუნების პერსპექტივა ახლო მომავალში აქვთ, მაგალითად, ახალგორის რაიონიდან დევნილებს.

”ახალგორში არ მომხდარა მოსახლეობის მასიური დაწიოკება, სახლების განადგურება. არსებობდა ცალკეული ფაქტები, მაგრამ ეს არ ყოფილა ახალგორის დაცლის მიზეზი... მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქი ჯერ კიდევ რუსი სამხედროების შესვლამდე დატოვა დაბომბვის შიშით, თუმცა მოსახლეობის გამოდინება გაგრძელდა ოქტომბრის ბოლომდე - და არა მხოლოდ რუსეთის ჯარის შიშით, რამდენადაც გაუარესებული სოციალური პირობების გამო”, - გვითხა მედეა ტურაშვილმა.

მისი თქმით, მხოლოდ ოქტომბერში ახალგორი 1700-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მთლიანად ახალგორიდან 5500 მოსახლეა წამოსული. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ამ ადამიანებმა აგვისტოს გაუძლეს, მაგრამ სექტემბერს ვერა. სექტემბრიდან ახალგორს აღარ მიეწოდებოდა გაზი, იანვარში თბილისიდან შეწყდა პენსიების და ხელფასების გაცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დარჩნენ ახალგორში. ამან აიძულა აქაური მოსახლეობა დაეტოვებინა ქალაქი. თუმცა მედეა ტურაშვილმა ისიც გვითხრა, რომ ახალგორში ეთნიკურ ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობები შესამჩნევად არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, არსებობს რევანშისტული განწყობილებაც აქაურ ოსებს შორის, მაგრამ განმსაზღვრელი მაინც არაა, ანუ აქ ჯერ კიდევ შეიძლება ეთნიკური ოსებისა და ეთნიკური ქართველების მშვიდობიანი თანაარსებობა.

დაბოლოს, როგორია ხელისუფლების პოზიცია? აღიარებს თუ არა თავის შეცდომებს მთავრობა იძულებით გადასახლებული ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაში და რას აპირებს მომავალში? ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა იულია ხარაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში არასამთავრობო სექტორიდან მივიდა. მიუხედავად ამისა, თავისი კოლეგების, ე.ი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, იგი ნაკლებად კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ და ამბობს, რომ, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, როცა დევნილებს არაადამიანურ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება, დღეს რეალური საქმე კეთდება, თუმცა, ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან დაიწყო, რამაც, ბუნებრივია, დააგროვა პრობლემები.

იულია ხარაშვილის თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბაზაზე აპრილში შეიქმნა დონორთა ჯგუფი, რომელსაც ეხება პრივატიზაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ანუ ის სფერო, რომელიც ყველაზე მტკივნეულად ითვლება დევნილთა შორის.

ასე ითვლება - ითვლება, რომ დევნილების სატკივარი სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება. თუმცა იმ დისკუსიებით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც პერიოდულად იმართება საქართველოში დევნილების თემაზე, ნათელი გახდება, რომ მთავარი მაინც ფსიქოლოგიური პრობლემაა - ხშირია, როცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დამცველები (ოპოზიციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ამბობენ, რომ აგვისტოში ხელისუფლებამ ვერ მოიცალა დევნილებისთვის, ვერ დაიცვა ისინი. ამიტომაცაა ეს ხალხი ტრავმირებული და ამიტომაც სჭირდებათ მათ განსაკუთრებული მზრუნველობა. არსებითად ხელისუფლებაც ადასტურებს ამას. იულია ხარაშვილმა, მაგალითად, ჩვენთან საუბარში აღნიშნა:

”შიში არსებობს. ჩვენ, ყველა, ტრავმირებულები ვართ პირველი და მეორე ომის შედეგებით. ამიტომ გარკვეული უნდობლობა საზოგადოებაში არსებობს.”

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უნდობლობა და ეჭვი ნდობამ შეცვალოს და დევნილებს - როგორც ”ძველი” , ასევე ”ახალი ტალღის” დევნილებს - აღარ ჰქონდეთ არასრულფასოვნების განცდა? არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც იძულებით გადასახლებულ პირთა ინტერესებს იცავენ, ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ერთი და ორი დისკუსია (ისიც ვიწრო წრეში) შედეგს ვერ მოიტანს. დისკუსიები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დისკუსიების პარალელურად ხელისუფლებამ თავად უნდა გაიაზროს, რომ დევნილები არა მარტო ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ.
XS
SM
MD
LG