Accessibility links

ბორჯომის ხეობაში შარშანდელი ხანძრით შექმნილი ვითარება ხე-ტყის უკანონოდ ჭრის პრაქტიკამ დაამძიმა


Georgia -- Borjomi, panorama, undated

Georgia -- Borjomi, panorama, undated

რუსეთ-საქართველოს ომს ქვეყანას ბორჯომის ხეობის გადამწვარი ტყის მასივიც ახსენებს. ხეობის თავზე რუსული აალებადი ჭურვების ჩამოყრის გამო მთლიანად განადგურდა წაღვერის ტყის ძირითადი ნაწილი, დაზიანდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკისა და ეროვნული ნაკრძალის დაცული ტერიტორია. სატყეო სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის ტყის მართვის განყოფილების უფროსის სიმონ პარუნაშვილის ცნობით, ნიადაგის დაზიანების გამო ტყის აღდგენითი პროცესი რთულად მიმდინარეობს:

,,დაიწვა 503 ჰექტარი ფართობი - უფრო წიწვოვან ადგილებში, ფოთლოვან ტყეში შედარებით ნაკლები ზიანი მივიღეთ. ფოთლოვანი ტყე თითქმის ამწვანდა, წიწვოვანი ჯიშის მცენარეები კი ყველგან განადგურდა. უნიკალური ჯიშის ნაძვი და სოჭიც მოისპო. ნიადაგი დაიწვა და მცენარეებს წამოსვლა უჭირთ. შემოვღობეთ და ფოთლოვან ადგილებში უკვე წამოვიდა ხე, წიწვოვანში კი მხოლოდ ხრიოკი ადგილები დარჩა. ნიადაგი ჩამოირეცხება და შეიძლება მანდ აღარც იყოს მცენარეები, გაუჭირდება ზრდა ძალიან, ღვარცოფებია მოსალოდნელი.~

დაწყებულია განადგურებული უნიკალური ჯიშების აღდგენის პროცესი. სპეციალისტების განმარტებით, შარშანდელ ერთთვიან ხანძარს კლიმატზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ქართული მხარე მაინც სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. გარემოს დაცვის ინსპექციის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ჯაჭვლიანი ამბობს, რომ მტრის ჯიბრზე გადამწვარი ტყის აღდგენა მაინც მოხდება:

,,შარშან სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩატარდა სამუშაოები. დაზუსტებული და დამტკიცებულია, რომ ეს ხანძრები რუსი ოკუპანტების მხრიდან იყო გაჩენილი, მათი საფრენი აპარატების მხრიდან იყო სპეციალურად გაჩენილი. სახელმწიფოს მიერ ჩატარებულია სამუშაოები, რასაც მოითხოვდა სპეციალურად შექმნილი კომისია. ეს ტყეები აღდგება მტრის ჯინაზე. ათასობით ჰა ტყის მასივი განადგურდა ამ ხანძრის შედეგად. თავისი სახე ამ მხრივაც გამოაჩინეს რუსმა ოკუპანტებმა. მეცნიერების დასკვნითა და ჩვენი ვარაუდით, ამ ხანძრების შედეგად მოსახლეობას სერიოზული საფრთხე აღარ ემუქრება. თვითონ ნიადაგისთვის კი ნებისმიერი ხანძრის შედეგად ჩნდება ეროზიის საფრთხე. ამ განაშენიანების პროგრამა ეროზიის შეჩერებასაც ითვალისწინებს. ეს პრობლემაც მოიხსნება. Uუბრალოდ, წლები სჭირდება, რომ ეს ყველაფერი აღდგეს.”

დღეს უკვე სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ხანძრის შედეგად განსაკუთრებით წიწვოვანი ჯიშის ხეები და გაჩეხილი ადგილები განადგურდა. ოკუპანტებისა და კანონდამრღვევების მძიმე შედეგები განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ერთი წლისთავზე.

,,მაღლიდან რომ დახედო, ბაკურიანის ზემოდან, მაგ დამწვარ ტყეს, ჩანს აქა-იქ სიმწვანე. სადაც ძლიერად იყო გაჩეხილი და დამწვარი, იქ არაფერი არ არის. უნდა ჩატარდეს ბევრი ღონისძიებები, რომ განაშენიანება მოხდეს.”

2008 წლის აგვისტოს ომს შეფასებას აძლევენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. საკრებულოს წევრი მარინა სუდაძე აცხადებს, რომ განვლილი ერთი წელიწადი უმძიმესი იყო ქართველი ხალხისთვის, თუმცა საერთაშორისო მხარდაჭერა ახლა მეტად გამოიკვეთა:

,,ძალიან მძიმე წელი იყო იმისთვის, რომ გაგვეაზრებინა, იმისთვის, რომ გონზე მოვსულიყავით. დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უძვირფასესი სიცოცხლე ადამიანების, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ერთ წელში მოვიპოვეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელსაც დღითიდღე უფრო მეტად ვგრძნობთ. ამ წლების განმავლობაში უფრო მეტად გამიჩნდა იმის იმედი, რომ როდისმე დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს.”

ბორჯომის ხეობის გადამწვარი ტყის მასივის აღსადგენად როგორც ხელისუფლების, ასევე ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილია თანხები, რომელიც საწყის ეტაპზე ტყის ხელოვნურ განაშენიანებას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG