Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ხელისუფლებას აგვისტოს ომის წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის გამო აკრიტიკებს


აგვისტოს ომის წლისთავის გამო ხელისუფლების მიერ გორში ორგანიზებულ აქციებს ადგილობრივი ოპოზიცია უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღე ხელისუფლებამ პომპეზურად აღნიშნა.

თავად ოპოზიცია, კერძოდ, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრები იმყოფებოდნენ სოფელ შინდისში, სადაც, ქართველი და რუსი სამხედროების შეტაკების შედეგად, ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა. მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, თეო ტლაშაძის, თქმით, საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს გორის გმირობის შესახებ ისაუბროს, რადგან თავად შარშან ამ ქალაქიდან გაიქცა.

გორში გამართულ აქციებს რესპუბლიკელებიც უარყოფითად აფასებენ. პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იასონ დეკანოსიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არაადეკვატურია, როდესაც ტრაგიკულ მოვლენებს სადღესასწაულო ელფერს აძლევს.

ოპოზიციის კრიტიკას ადგილობრივი ხელისუფლება არ იზიარებს. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ზურაბ ლომიძის განცხადებით, არც ერთ ღონისძიებას საზეიმო ელფერი არ ჰქონია და ყველაფერი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გაკეთდა.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 7 აგვისტოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ყველა ადამიანი ჯერ სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო, ხელმოწერის შემდეგ კი - მისთვის წინასწარ შერჩეულ ადგილას „ცოცხალ ჯაჭვში“ ჩამდგარიყო. გორში, ასევე ორგანიზებულად, ავტობუსებით ჩამოიყვანეს ხალხი სოფლებიდან და დევნილთა დასახლებებიდან.
XS
SM
MD
LG