Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 10 აგვისტო 2009


„დავით სიხარულიძე თავდაცვის სამინისტროში არსებულ ორხელისუფლებიანობას ვერ შეეგუაო“, - წერს დღევანდელი „მთელი კვირა“ სტატიაში, რომლის სათაურიცაა „თავდაცვის მინისტრად გელა ბეჟუაშვილს აბრუნებენ“. გაზეთის ინფორმაციით, მთავრობაში ეს ცვლილება თვის ბოლოსაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება გელა ბეჟუაშვილის ძმას, დავითს, სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ბადრი ბიწაძემ, „ასავალ-დასავალს“ უთხრა, პირველად ვადასტურებ ოფიციალურად, რომ კიევში, ბიზნესმენ შალვა ბრეუსთან შეხვედრაზე, ჩემთან ერთად დავით ბეჟუაშვილიც იყო და მან ძალიან კარგად იცის, რომ, ოჯახური საქმეების გარდა, არაფერზე გვილაპარაკიაო.

„კვირის ქრონიკა“ ლეიბორისტების ლიდერ შალვა ნათელაშვილს ესაუბრა, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს აკრიტიკებს და მათ ვაჭრებს უწოდებს. „შავნაბადას ოპოზიციასთან ერთად რა მინდა. ამისთვის შევწირე სიცოცხლე საქმეს და ქვეყანას, რომ დღეს ჩემთან იყოს კაცი და ღამით შავნაბადაზე ეჯდეს სააკაშვილსა და მერაბიშვილს წინ? რა მინდა მაგათთან?“ - კითხულობს შალვა ნათელაშვილი და ამატებს: „მომივარდებიან აქ, ოფისში, გამლახავენ და სწორსაც იზამენ.“

უშიშროების საბჭოს სხდომაში ოპოზიციის მონაწილეობაზე აკეთებს კომენტარს რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილიც. „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს: მათ, ვინც სააკაშვილს კარგად იცნობს, აქვთ მორალური უფლება, რომ თქვან, ამ კაცთან საუბარს აზრი არა აქვს, მაგრამ როდესაც ახალი ძალები შემოდიან ოპოზიციაში, მათ აქვთ როგორც მორალური, ისე პოლიტიკური უფლება, რომ დაელაპარაკონო.“ - ნათქვამს პაატა ზაქარეიშვილმა დაამატა: „ალასანიას ძალიან კარგი მორალური უპირატესობა აქვს, რომ გამოსცადოს სააკაშვილიო.“

დღევანდელი გაზეთები კვლავინდებურად დიდ ადგილს უთმობენ შარშანდელი ომის გახსენებას და მისი შედეგების შეჯამებას. „24 საათში“ ნახავთ გერმანული პრესის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვას,რომელიც ქართული გაზეთისათვის ლაშა ბაქრაძემ მოამზადა. „ეს მაგალითია ევროპული მედიის რეაქციისა ომზეო“, - წერს ავტორი.

ომის შედეგებს და მისი განახლების რეალობას შეეხება ინტერვიუ ექსპერტ შალვა ფიჩხაძესთან, რომელსაც „კვირის პალიტრა“ ბეჭდავს. - რეგიონში ვითარების დამშვიდების ჩვენეული სამუშაო ვერსია მაინც უშუალოდ სეპარატისტებთან ურთიერთობააო, - ამბობს ფიჩხაძე და ამატებს: „იმაზე ლაპარაკი, რომ ესენი მხოლოდ მარიონეტები და შემსრულებლები არიან, მხოლოდ პროპაგანდის ნაწილი მგონია.“
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG